ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2008
მიღების თარიღი ივნისი 27, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” (შემდგომში ”გაერთიანებული ტელეკომი”) განცხადება (2008 წლის 18 ივნისის №8-14/725), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”კავკაუსუს ონლაინი” იყენებს ბოროტად მის საბაზრო ძალაუფლებას და ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურებისთვის ადგენს ტარიფებს, რომელიც არ არის ხარჯებზე ორიენტირებული და უკანონოდ ზღუდავს კონკურენციას ბაზრის მოცემულ სეგმენტზე.
ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის თაობაზე წარმოდგენილი განცხადების საფუძვლად მითითებულია კომისიის 2008 წლის 30 მაისი №294/16 გადაწყვეტილება და ”კავკასუს ონლინის” მიერ მის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ორ მეგაბიტ/წამიანი პორტის ღირებულების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით განხორციელდა ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის შესწავლა და საცალო ბაზარზე განისაზღვრა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტად შპს ”კავკასუს ონლაინი”.
კომისია აღნიშნავს, რომ ტექნიკური თვალსაზრისით გაფართოებული ურთიერთჩართვა მსურველ ოპერატორს მიეწოდება თანალოკაციის ფართზე, ოპერატორებს შორის გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილში შესაბამისი სიმძლავრის საკომუნიკაციო პორტების გამოყოფით.
კომისია აღნიშნავს, რომ გაფართოებული ურთიერთჩართვა უზრუნველყოფს ინტერნეტის ქსელის მფლობელ ოპერატორებს შორის ინტერნეტის ტრაფიკის ურთიერთგაცვლას და ინტერნეტის საქსელო მომსახურების, მათ შორის ინტერნეტის ციფრული პაკეტების დამისამართების, განსაზღვრული მიმართულებით გატარების ან ტრანზიტულად გადაცემის, აგრეთვე ე.წ. “DNS” მომსახურების და სხვა საქსელო მომსახურების სახეების ერთმანეთისათვის მიწოდებას. გაფართოებული ურთიერთჩართვის მიწოდება ხორციელედება ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე.
კომისიის მიერ, მინიმალური ჩარევის პრინციპიდან გამომდინარე, 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით, არ განხორციელდა ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოქნე სუბიექტად განსაზღვრა და მათთვის სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების დაკისრება.
კომისია აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილია განცხადება საბითუმო ბაზარზე მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის - შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ დადგენილი ტარიფებით კონკურენციის შეზღუდვის შესახებ, მიზანშეწონილად მიაჩნია მოხდეს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტის კვლევა და ანალიზი.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების განსაზღვრისა და სპეციფიკური ვალდებულების დაკისრების მიზნით;
2. გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
3. დაევალოთ, ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ავტორიზებულ პირებს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, ინტერნეტის ქსელითან დაშვების მომსახურების 2006-2007 წლის განაწილებული დანახარჯების და ეკონომიკური მონაცემების კომისიისთვის წარმოდგენა ზეპირი მოსმენის სხდომის დღემდე;
4. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2008 წლის 25 ივლისს 12:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
5. გადაწყვეტილების ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).
7. გადაწყვეტილება ძალაშია მისი კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნების მომდევნო სამუშაო დღიდან.
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
