წვდომის მენიუ

შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის არსებითი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე

ნომერი: 379 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2008

მიღების თარიღი ივნისი 27, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინმა” 2008 წლის 4 ივნისს განცხადებით მიმართა  კომისიას, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”კავკასუს ონლაინი” აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისადმი” გაგზავნილ იქნა მომსახურების გაწევაზე 3 (სამი) მიმართვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დაზიანებული ნაწილის გამოცვლასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებაზე შესაბამისი ნებართვის გაცემის თაობაზე, რომლებზეც მოპასუხე მახარეს არ გაუცია პასუხი.

მოთხოვნები:

1) დაავალოს კომისიამ მოპასუხე მხარეს შეუზღუდავად და უპირობოდ განახორციელოს მათ მიერ გადაგზავნილ მიმართვებში ასახული მოთხოვნების შესრულება;

2) დაევალოს მოპასუხე მხარეს უმოკლეს ვადებში განახორციელოს ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების, თანალოკაციის ფართის იჯარისა და მასთან დაშვების ხელშეკრულების, აგრეთვე ყველა იმ მომსახურებათა უზრუნველსაყოფად სათანადო ხელშეკრულებათა გაფორმება, რომლითაც დღეის მდგომარეობით სარგებლობს შპს ”კავკასუს ონლაინი”;

3) საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებების დარღვევისათვის, კომისიამ დააკისროს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმუმი;

4) გადაწვეტილება მიქცეულ იქნას დაუყონებლივ აღსრულებისათვის.

აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 20 ივნისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან  გ. ჭელიძე და ვ. ცეცხლაძე, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან - ლ. გიორგაძე. აღნიშნულ სხდომაზე,  განმცხადებელმა დაადასტურა წერილში აღნიშნული პოზიცია და წარმოადგინა დამატებით დაზუსტებული მოთხოვნები, კერძოდ, შპს ”კავკასუს ონლაინი” მოითხოვს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”:

 1) დაევალოს შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის 2006 წლის 01 აპრილს გაფორმებული №298 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;

2) დაევალოს ურთიერთობა აწარმოოს არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში, ვიდრე არ იქნება გაფორმებული ახალი ხელშეკრულება;

3) კომისიამ მოდავე მხარეებს დაუდგინოს სახელშეკრულებო ურთიერთობათა იმგვარი პირობები, რაც უზრუნველყოფს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ეფექტიანი კონკურენციის ჩამოყალიბებას.

უნდა აღინიშნოს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შესაგებელი არ წარმოუდგენია.

კომისია აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის ურთიერთობები არ არის დარეგულირებული მოქმედი ხელშეკრულებებით. კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა შეისწავლა მხარეებს შორის 2006 წლის 1 აპრილს  გაფორმებული და საქმეზე წარმოდგენილი №298  ხელშეკრულება და დაადგინა, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა აქვს გასული (ვადაგასულია 2007 წლის 1 აპრილიდან, ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტი).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე მხარეთა მიერ დაფიქსირებულ ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის შესაბამისად, ვერ ხერხდება ხელშეკრულებების გაფორმება შპს ”კავკასუს ონლაინის” დაუთანხმებლობის გამო და რეალურად დავის საგანს წარმოადგენს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის პირობები. შპს ”კავკასუს ონლაინს” მიაჩნია, რომ აღნიშნული მოწვევის ოფერტა კანონსაწინააღმდეგოა და შუამდგომლობს მისი კანონიერების შესწავლაზე.

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ”მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი თავისუფალ ელემენტებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება”, მაგრამ  ეს დაშვება უნდა იყოს შეთავაზებული ყველა მსურველი ავტორიზებული პირისათვის არადისკრიმინაციული ტარიფებით, რასაც ასევე ითვალისწინებს ზემოაღნიშნული კანონის 32-ე მუხლი. ამასთან, ნებისმიერი ურთიერთობები ოპერატორებს შორის, მათ შორის დაშვებასთან დაკავშირებული ურთიერთობებიც, უნდა რეგულირდებოდეს მხარეებს შორის გაფორმებული სათანადო ხელშეკრულებებით, სადაც უნდა განისაზღვროს დაშვების ტექნიკური, ეკონომიკური და იურიდიული პირობები. დაშვების ვალდებულება გულისხმობს სწორედ დაშვების ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის დაუშვებლობას.

ამდენად, კომისია მიიჩნევს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის განმეორებით გადამოწმებამდე და მოდავე მხარეებს შორის სათანადო ხელშეკრულებების გაფორმებამდე, კომისია სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ვერ დაავალდებულებს, შესთავაზოს შპს ”კავკასუს ონლაინს” უკეთესი პირობებით  დაშვება, განსხვავებით სხვა ავტორიზებული პირებისაგან, რომლებთანაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” მოქმედებს მის მიერ გამოქვეყნებული ახალი მოწვევის ოფერტით, ვინაიდან, დაირღვევა დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, რაც სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ეკისრება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად.

ამდენად, კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ სადაო მოთხოვნებზე კომისიამ უნდა იმსჯელოს მას შემდეგ, რაც კომისია განმეორებით გადაამოწმებს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, რის შემდეგაც, სავარაუდოდ მიღწეულ უნდა იქნას შეთანხმება მოდავე მხარეებს შორის არსებული ფაქტიური ურთიერთობების სახელშეკრულებო მოწესრიგების თაობაზე.

კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება დავაზე უნდა შეჩერდეს და იგი უნდა განახლდეს კომისიის აპარატის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოქვეყნებული ოფერტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის გადამოწმებისა და სათანადო დასკვნის წარმოდგენის შემდეგ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეჩერდეს და განახლდეს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის (გ. ბუთბაია) მიერ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებისა და სათანადო დასკვნის წარმოდგენის შემდეგ;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია) სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება და სათანადო დასკვნის წარმოდგენა გადაწყვეტილების მიღებიდან 20 დღის ვადაში;

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის გაგზავნა;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1ა) ერთი თვის ვადაში;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.

კომისიის წევრები:                         კ. კვიტაიშვილი

                                                             გ. ფრუიძე

                                                             ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები