ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-7 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2008
მიღების თარიღი ივლისი 04, 2008
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 25,000.00 (ოცდახუთი ათასი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 17 ივნისის 17:00 საათი, ხოლო აუქციონების ჩატარების თარიღად - 2008 წლის 4 ივლისის 13:00 საათი. აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 1,250.00 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარი;
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:
1. შპს ”მობიტელი” - 05.06.2008 №11/26-08;
2. შპს ”ვიტელ ჯორჯია” – 17.06.2008 №11/28-08;
3. შპს ”ჯეოსელი” – 17.06.2008 №11/29-08;
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა 2008 წლის 4 ივლისის კომისიის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-7 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად ჩატარდა წილისყრა კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად შპს ”მობიტელი”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №2, შპს ”ვიტელ ჯორჯია” წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №3, შესაბამისად, შპს ”ჯეოსელი”-ს წარმომადგენელს წილად ხვდა №1. პირველი, რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 25,000.00 ლარს + ერთი ბიჯი - 1,250.00 ლარი) დააფიქსირა შპს ”ჯეოსელი”-ს წარმომადგენელმა. აუქციონის მსვლელობისას, შპს ”მობიტელი”-ს წარმომადგენელმა მე-10 ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს მიერ ბოლოს დასახელებულ იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 36 (ოცდათექვსმეტი) ბიჯი, რის შემდეგაც შპს ”ჯეოსელი”-ს მიერ დამატებულ იქნა კიდევ ერთი ბიჯი. შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა 38-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 37 (ოცდაჩვიდმეტი) ბიჯი, სულ 71,250.00 (სამოცდათერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი დააფიქსირა შპს ”ჯეოსელი”-ს წარმომადგენელმა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-7 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ჯეოსელი”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 71,250.00 (სამოცდათერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი.
2. უზრუნველყოს შპს ”ჯეოსელმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 21,375.00 – (ოცდაერთი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარი ანუ 18,875.00 (თვრამეტი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა, 2008 წლის 4 აგვისტომდე, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (49,875.00 - ორმოცდაცხრა ათას რვაას სამოცდათხუთმეტი ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს, ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
10. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
