სს ”საქართველოს გაერთიაენბული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2008
მიღების თარიღი ივლისი 04, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზირებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისია, აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად კი ავტორიზირებული პირი ვალდებულია ”სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონით და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანების და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ”.
კომისიის 2008 წლის 2-5 მაისის №250/16 გადაწყვეტილებით, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზირებულ პირს, დაეკისრა მთელი რიგი ვალდებულებები, რომელთაგან როგორც განმცხადებელი, შპს ”კავკასუს ონლაინი” აღნიშნავს, არ იქნა შესრულებული შემდეგი პუნქტები:
1) DSL მომსახურების ჩართვასთან დაკავშირებული მიმდინარე სამუშაოების დასრულება 15 სამუშაო დღის ვადაში, ეტაპობრივად, მხარესთან შეთანხმებული გრაფიკით (პუნქტი 2);
2) თავისუფალი რესურსის არსებობის შემთხვევაში, 16 მმ ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის ჩადებაზე ნებართვის გაცემა (ცოტნე დადიანის ქ. №32-დან, ამავე მისამართზე არსებულ აუხლოეს ჭამდე და რუსთაველის გამზ. №31-დან რუსთაველის მეტრომდე), ხოლო თავისუფალი რესურსის არარსებობის შემთხვევაში, შპს ”კავკასუს ონლაინისადმი” ალტერნატიული წინადადების შეთავაზება 1 კვირის განმავლობაში (პუნქტი 3);
3) სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ მოწვევის ოფერტის გამოქვეყნება და კომისიის ოფიციალურ საიტზე განთავსება 2 კვირის ვადაში (პუნქტი 4);
4) სახაზო-საკაბელო წყვილების დაზიანების მიზეზების დადგენა, აღმოფხვრა ან აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, შედეგების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება მხარისათვის, ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტით” დადგენილი წესის შესაბამისად (პუნქტი 6).
გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”კავკასუს ონლაინი” ითხოვს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირებას, კომისიაში ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დაიწყო სს ”საქართველოს გაერთიაენბული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. წარმოების დაწყების შესახებ, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შეტყობინებით ეცნობა 2008 წლის 16 ივნისს. მხარეს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
მიმდინარე წლის 20 მაისს კომისიაში შემოვიდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” შეპასუხება, რომელშიც უკანასკნელი აღნიშნავს, რომ შპს “კავკასუს ონლაინის” განცხადება-შუამდგომლობებში დაფიქსირებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, უსაფუძვლოა და შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნა შემდეგ გარემოებათა გამო:
1) კომისიის №250/16 გადაწყვეტილების სარეზულუციო ნაწილის მე-2 პუნქტით, კომპანიას დაევალა DSL მომსახურების ჩართვასთან დაკავშირებული მიმდინარე სამუშაოების დასრულება 15 სამუშაო დღის ვადაში, ეტაპორივად, მხარესთან შეთანხმებული გრაფიკით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აცხადებს, რომ ხსენებული ვალდებულება კომპანიის მიერ შესრულებულია, რისი დადასტურებაცაა კომპანიის მიერ 2008 წლის 5 ივნისს გაგზავნილი №8-14/682 წერილი.
2) კომისიის №250/16 გადაწყვეტილების სარეზულუციო ნაწილის მე-3 პუნქტით, კომპანიას დაევალა თავისუფალი რესურსის არსებობის შემთხვევაში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩადებაზე ნებართვის გაცემა (ცოტნე დადიანის ქ. №32-დან, ამავე მისამართზე არსებულ აუხლოეს ჭამდე და რუსთაველის გამზ. №31-დან რუსთაველის მეტრომდე), ხოლო თავისუფალი რესურსის არარსებობის შემთხვევაში, შპს “კავკასუს ონლაინისადმი” ალტერნატიული წინადადების შეთავაზება 1 კვირის განმავლობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია” აცხადებს, რომ ხსენებული ვალდებულება კომპანიის მიერ შესრულებულია, რისი დადასტურებაცაა კომპანიის მიერ 2008 წლის 23 მაისს გაგზავნილი №8-15/621 წერილი.
3) კომისიის №250/16 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით, კომპანიას დაევალა სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ მოწვევის ოფერტის გამოქვეყნება და კომისიის ოფიციალურ საიტზე განთავსება 2 კვირის ვადაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აცხადებს, რომ ხსენებული ვალდებულება კომპანიის მიერ შესრულებულია, რისი დადასტურებაცაა კომპანიის მიერ 2008 წლის 23 მაისს გაგზავნილი №8-15/619 წერილი.
4) კომისიის №250/16 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით, მხარეებს დაევალათ სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ხელმოწერილი ასლის კომისიაში წარდგენა 2 კვირის ვადაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აცხადებს, რომ ხსენებული ვალდებულება კომპანიის მიერ შესრულებულია, რისი დადასტურებაცაა კომპანიის მიერ 2008 წლის 30 მაისს გაგზავნილი №8-15/652 წერილი.
5) კომისიის №250/16 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით, კომპანიას დაევალა სახაზო-საკაბელო წყვილების დაზიანების მიზეზების დადგენა, აღმოფხვრა ან აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, შედეგების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება მხარისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია” აცხადებს, რომ ხსენებული ვალდებულება კომპანიის მიერ შესრულებულია, რისი დადასტურებაცაა კომპანიის მიერ 2008 წლის 23 მაისს გაგზავნილი №8-15/620 წერილი.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან შესრულებაზე ჩატარდა შემოწმება და მიმდინარე წლის 19 ივნისს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №10 კომისიის 2-5 მაისის 250/16 გადაწყვეტილების შესრულების მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დგინდება შემდეგი:
1) კომისიის 2-5 მაისის 250/16 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი - შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნის შესაბამისად, ნაწილი აბონენტებისა ჩაერთო მათ DSL ფილტრზე, ხოლო აბონენტების ნაწილი სარგებლობენ სხვა კომპანიის ინტერნეტით;
2) კომისიის 2-5 მაისის 250/16 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი - სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” №8-15/621 წერილით შეთავაზებული აქვს შპს ”კავკასუს ონლაინისათვის”, ალტერნატიული გზა კაბელის ჩასადებად;
3) კომისიის 2-5 მაისის 250/16 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი - სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ოფერტა გამოქვეყნებული აქვს (კომისიას მომართა №8-5/619 წერილით, 23.05.08);
4) კომისიის 2-5 მაისის 250/16 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი - ხელშეკრულება არ გაფორმდა მხარეებს შორის ხელშეკრულების პირობებზე შეუთანხმებლობის გამო;
5) კომისიის 2-5 მაისის 250/16 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი - დაზიანებები აღდგენილია (”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” №8-15/620 წერილი).
ზომოაღნიშნული შემოწმების აქტის გარდა, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნა 2008 წლის 25 ივნისის განმეორებით ჩატარებული შემოწმების აქტი №13, რომლითაც გადამოწმდა დაზიანებათა აღმოფხვრის მდგომარეობა და სხვა გარეომოებები, რა დროსაც დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის” გადაცემულ იქნა 139 სატელეფონო ნომრის სია, სახაზო-საკაბელო დაზიანებების გასასწორებლად.
შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ:
1) 139-დან 3 აბონენტი სარგებლობს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ინტერნეტით;
2) 9 ტელეფონის სააბონენტო ხაზი არის დასაწყვილებელი;
3) 4 აბონენტს მოხსნილი აქვს DSL მომსახურება;
4) 7 აბონენტის სააბონენტო წყვილი დაზიანებულია, ისე რომ, არ გადის სალაპარაკო სიგნალი;
5) 79 აბონენტის გამოკითხვის შედეგად გამოირკვა, რომ ინტერნეტი დაბალი სიჩქარით მუშაობს.
ამასთან, შერჩევის წესით, ამორჩეული იქნა 4 აბონენტი, რომლის ხაზის პარამეტრები ასს-ის მონაცემებით იყო ნორმალური. დადგინდა, რომ აქედან 1 აბონენტის ხაზი დაზიანებული აღმოჩნდა შპს ”კავკასუს ონლაინის” აპარატურიდან კროსამდე, 2 სატელეფონო მაგისტრალურ კაბელზე იყო მილევა, ხოლო 1 სააბონენტო ხაზის პარამეტრები იყო ნორმაში.
აღნიშნული დავის განხილვისას, გამოირკვა რომ, როგორც განმცხადებელი, შპს ”კავკასუს ონლაინი” იუწყება, ასევე დარღვეულია კომისიის 2-5 მაისის 250/16 გადაწყვეტილების შესრულებისათვის დადგენილი ვადები. ამის დასტურად, განმცხადებელმა წარმოადგინა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის” გადაწყვეტილების 8 მაისს ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” თანამშრომლის - მ. ოსაძის ხელმოწერით. ამასთან, შპს ”კავკასუს ონლაინმა” ასევე წარმოადგინა ამავე პიროვნების ხელმოწერით, სხვადასხვა პერიოდში, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ჩაბარებული წერილების ასლები. მოწინააღმდეგე მხარის მიერ, წარმოდგენილ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილების 19 მაისს ჩაბარების სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კანცელარიაში ოფიციალურად დარეგისტრირებული დოკუმენტი.
აღნიშნული საკითხის გამორკვევის და დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის მიზნით, კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა იშუამდგომლა აღნიშნული საკითხის განხილვის გადადების თაობაზე, მიმდინარე წლის 4 ივლისისათვის, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა 2008 წლის 27 ივნისის №380/22 გადაწყვეტილებით.
კომისიის ზემოაღნიშნულ სხდომაზე, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა - მ. გოთოშიამ, მოახდინა ამავე დეპარტამეტის მიერ შედგენილი №13 შემოწმების აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებების განმარტება, კერძოდ: მისი განმარტებით, აქტში დაფიქსირებული 7 სახაზო-საკაბელო წყვილის დაზიანების მიზეზს წარმოადგენს კაბელების სიძველე. აგრეთვე, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ვითარება შეიძლება აღმოჩნდეს სხვა პერიოდში ჩატარებული შემოწმების დროსაც და რომ, აღნიშნულისაგან ძველი კაბელები არასდროს არაა დაზღვეული.
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” იურისტის ლ. გიორგაძის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიც (შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ დაზიანებულად მითითებულ სატელეფონო ნომრებზე განხორციელებული შემომავალი და გამავალი ზარების შესაბამისად დათარიღებული მონაცემები), რომლითაც დასტურდება კომისიის 2-5 მაისის 250/16 გადაწყვეტილების საგნად განსაზღვრული დაზიანებების სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ აღდგენის ფაქტები; თუმცა ხელმეორედ, 2008 წლის 25 ივნისს ჩატარებული შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირებულ იქნა სხვა ახალი დაზიანებები.
მ. გოთოშიას განმარტებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ შეიძლება ჩაითვალოს სახაზო-საკაბელო დაზიანების აღმოუფხვრელობად. ამასთან, არ შეიძლება დაზიანებად ჩაითვალოს 79 აბონენტის ინტერნეტ მომსახურება დაბალი სიჩქარით. ასევე, განმარტებულ იქნა განმეორებით ჩატარებული შემოწმების აქტი №13-ის მე-2 პუნქტი, კერძოდ, მ. გოთოშიას განმარტებით, 9 სატელეფონო ხაზში გადის სატელეფონო სიგნალი, არ აღინიშნება სახაზო-საკაბელო დაზიანებები, თუმცა იმისთვის, რომ მოხდეს ხარისხიანი ინტერნეტის მიწოდება საჭიროა, დაწყვილება ან ახალი კაბელების ჩადება.
კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის (მ. გოთოშია) განმარტებით, 2008 წლის 25 ივნისის №13 შემოწმების აქტით არ დასტურდება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ კომისიის 2-5 მაისის 250/16 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტი.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი ეყრდნობა რა კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ შემოწმების აქტებს და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული 5 ვალდებულებიდან შეუსრულებული დარჩა მხოლოდ ერთი პუნქტი - ხელშეკრულების მხარეებს შორის გაფორმება. ვინაიდან, ხელშეკრულების გაფორმება მხარეებს შორის ვერ ხერხდება პირობებზე შეუთანხმებლობის გამო, მიზანშეწონილი იქნება მხარეებს მიეცეთ დამატებითი ვადა ხელშეკრულების გასაფორმებლად. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვალდებულება ეკისრებოდა არა მხოლოდ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, არამედ შპს ”კავკასუს ონლაინსაც”, რის გამოც სანქცია მხოლოდ ერთი კომპანიის, კერძოდ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ ვერ იქნება გამოყენებული. მხარეებს ასევე უნდა განემარტოთ, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იხელმძღვანელონ მომსახურების მიმწოდებელი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და პირობებით გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტით, რაზეც მომსახურების მიმღებმა სუბიექტმა უნდა გააკეთოს შესაბამისი აქცეპტი.
ამასთან, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” განუმარტოს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტით” მათ ეკისრებათ, როგორც სატელეფონო კავშირის, ასევე ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებისათვის გამოყენებულ სახაზო-საკაბელო წყვილზე არსებულ დაზიანებების აღმოფხვრა იმ ვადებსა და პირობებით, რაც გათვალისწინებულია რეგლამენტით. (”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის” მე-2, მე-9, მე-18 და მე-181 მუხლები).
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მასალებისა და მტკიცებულებების, აგრეთვე შემოწმების შედეგების საფუძველზე ვლინდება, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია კომისიის 2008 წლის 2-5 მაისის №250/16 გადაწყვეტილების ყველა პუნქტი, გარდა მე-5 პუნქტისა, რომლის შესრულებაც დამოკიდებულია არა მხოლოდ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიაზე”, არამედ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ განსაზღვრულ მოქმედებათა განხორციელებაზეც (აქცეპტის დასმა). ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არსებითად დავის საგანია არა კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან, არამედ მისი შეუსრულებლობა კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადებში: კომისიის 2008 წლის 2-5 მაისის №250/16 გადაწყვეტილების პუნქტებში სხვადასხვა ვადები იყო მითითებული ქმედებათა განსახორციელებლად.
კომისიის 2008 წლის 2-5 მაისის №250/16 გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, ვადების ათვლა უნდა განხორციელებულიყო მხარისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან. სადაო გახდა, სწორედ გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განმარტებით, მათ, გადაწყვეტილების ასლი ოფიციალურად ჩაბარდათ მხოლოდ 19 მაისს, მაშინ როცა შპს ”კავკასუს ონლაინი” ამტკიცებს, რომ მათ, გადაწყვეტილების ასლი სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ჩააბარეს 8 მაისს, კერძოდ გადაწყვეტილების ასლი გადასცეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” თანამშრომელს მ. ოსაძეს. კომისიის 2008 წლის 4 ივლისის სხდომაზე მოწვეულ იქნა ახსნა-განმარტებათა მიცემის მიზნით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” თანამშრომელი მ. ოსაძე. მისი განმარტებით, მას უკავია უსაფრთხოების დეპარტამენტის რეგისტრატორის თანამდებობა და მის სამსახურეობრივ კომპეტენციას არ წარმოადგენს კორესპოდენციის ჩაბარება, იგი ამ საქმიანობას ეწევა მხოლოდ შესვენებისას და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ოფისში სამუშაო დროის დამთავრების - 18:00 სთ-ის შემდეგ. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მ. ოსაძემ დარწმუნებით ვერც უარყო და ვერც დაადასტურა წერილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე მისი ხელმოწერის ნამდვილობის ფაქტი.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად ავიღებთ 19 მაისს, მაშინ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ კომისიის 2008 წლის 2-5 მაისის №250/16 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებანი შესრულებულია კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება აღსასრულებლად ჩაბარდა 8 მაისს, როგორც ამას შპს ”კავკასუს ონლაინი” ამტკიცებს, მაშინ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დარღვეულია კომისიის 2008 წლის 2-5 მაისის №250/16 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა - 2 დღით (ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესრულება სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, დაევალა 15 სამუშაო დღის განმავლობაში. ვინაიდან, მაისის თვეში 5 დღიანი სამუშაო კვირიდან 2 დღე - 21 და 26 მაისი გამოცხადებული იყო არასამუშაო დღეებად, აღნიშნული თარიღები გამოაკლდება გადაცილებული დღეების რაოდენობას), მე-3 პუნქტით დადგენილი 1 კვირიანი ვადა - 7 დღით, ხოლო მე-4 პუნქტით დადგენილი 2 კვირიანი ვადა - 1 დღით. გადაწყვეტილებით დადგენილი ვადების დარღვეული დღეების საერთო რაოდენობა სულ შეადგენს 10 დღეს.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის აზრით, თუ კომისია მიიჩნევს, რომ კომისიის 2008 წლის 2-5 მაისის №250/16 გადაწყვეტილების პუნქტები შესრულებულია ვადების დარღვევით, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის აზრით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, უნდა დაეკისროს 2000 ლარის (200ლარიფ10დღეზე=2000ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა, ვინაიდან ამ პუნქტის შესაბამისად, კომისიას გამოყენებული ჰქონდა გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებად 200 ლარიანი დღიური ჯარიმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე და 171-ე მუხლების შესაბამისად. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ კომისიის 2008 წლის 2-5 მაისის №250/16 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის შესაბამისად, ”ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით განსაზღვრული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების არაეფექტურობის დადგენის შემთხვევაში, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ გამოყენებულ იქნება ჯარიმა ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0.5 პროცენტის (მაგრამ არანაკლებ 10000 ლარისა) ოდენობით”. შესაბამისად, თუ კომისია მიიჩნევს, რომ აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენებულმა საშუალებამ ეფექტი გამოიღო და სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შეასრულა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, მის მიმართ სხვა სანქციები გამოყენებული არ უნდა იქნას.
კომისიამ მიიჩნია, რომ 2008 წლის 2-5 მაისის №250/16 გადაწყვეტილება სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შეასრულა, თუმცა ვადების დარღვევით. კომისიამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ჩაბარდა 2008 წლის 8 მაისს, რასაც ადასტურებს შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება. შესაბამისად, 2008 წლის 2-5 მაისის №250/16 გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად მიჩნეულ უნდა იქნეს 2008 წლის 8 მაისის მე-2 სამუშაო დღე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონილი კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, ერთის წინააღმდეგ (გ.ფრუიძე)
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირების თაობაზე მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო;
2. დაევალოთ მოდავე მხარეებს ამ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მე-2 სამუშაო დღიდან, 10 სამუშაო დღის განმავლობაში სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება და ხელმოწერა ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია) ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ჩართვა და მხარეთა ხელშეწყობა;
4. დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” კომისიის 2008 წლის 2-5 მაისის №250/16 გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების აღსრულების ვადების დარღვევის გამო, უზრუნველყოს დღიური 200 ლარის 10 დღეზე გადაანგარიშებით, სულ 2000 ლარის გადახდა, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში: 200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - 220101222, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773251;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთვი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარებიდან მე-2 სამუშაო დღიდან.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
ს. ბრიტანჩუკი
