შპს ”ახალი ქსელების” დაჯარიმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2008
მიღების თარიღი ივლისი 04, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (27.03.2008 №246-08) მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შპს ”ახალი ქსელების” მიერ ნუმერაციის რესურსის უკანონოდ სარგებლობასთან დაკავშირებით, კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ”ახალი ქსელები” ქ.ქუთაისში ულიცენზიოდ ახორციელებს ნუმერაციის რესურსის გამოყენებას ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის შესაბამისად, კომპანია ითხოვს შპს ”ახალი ქსელები”-ს დაჯარიმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადების საფუძველზე 2008 წლის 30 ივნისს შემოწმებულ იქნა ქ.ქუთაისში ადგილობრივი (ფიქსირებული) სატელეფონო ინდექსებით - 2XXXX; 4XXXX; 7XXXX; 9XXXX; (სულ 40,000 - ორმოცი ათასი სატელეფონო ტევადობათ) სარგებლობის საკითხი და შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000056, შპს ”ახალი ქსელები”-ს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის დარღვევის გამო. აღნიშნულ ოქმში დაფიქსირებულ იქნა შპს ”ახალი ქსელები”-ს ქუთაისის ფილიალის უფროსის ბატონი პავლე გიორგობიანის ახსნა-განმარტება, კერძოდ შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენლი განმარტავს, რომ - ”ინდექსი 2-4-7-9 ქ.ქუთაისში არის. რაც შეეხება ლიცენზიას, ყველა იურიდიული საბუთი ინახება სათაო ოფისში და ამის შესახებ ვერფერს ვადასტურებ”.
ზემოაღნიშნული ოქმის ერთი ეგზემპლიარი გადაეცა შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელს. ოქმს ასევე თან ახლავს მოწმეთა - ლია აფხაიძის (მცხოვრები ქ.ქუთაისში ნიკეას ქ. ბინა 5 ოთახი 10) და რევაზ ნამჩევაძის (მცხოვრები ქ.ქუთაისი გამსახურდსიას ქ.7/13) ახსნა-განმარტებები, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი 1997 წლიდან სარგებლობენ შპს ”ახალი ქსელები”-ს სატელეფონო ნომრებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ახალი ქსელების” სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან - 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2008 წლის 30 ივნისს, ხოლო კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა 2008 წლის 1 ივლისს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2008 წლის 4 ივლისის 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2008 წლის 1 ივლისს, რის შესახებაც, შეტყობინებით ეცნობა შპს ”ახალ ქსელებს”. მხარეს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2008 წლის 4 ივლისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენლები.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა შპს ”ახალი ქსელები”-ს განცხადება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”ახალი ქსელები”-ს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის დროს არ შემოწმებულა არანაირი დოკუმენტაცია, ხოლო ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შემოწმების აქტში უნდა მიეთითოს შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ ისინი ადგილზე შემოწმდა, ხოლო ასლის გადაღების შემთხვევაში, ასლი უნდა დაერთოს აქტს. შესაბამისად, შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის მიერ დოკუმენტაციის შემოწმებისა და შესწავლის შემთხვევაში სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის საფუძველი საერთოდ არ დადგებოდა. ამავე დროს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ”ახალ ქსელების” ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში საერთოდ არ დგინდება, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიამ არაერთხელ მიმართა კომისიას ლიცენზიის მინიჭების თაობაზე, თუმცა კომისიის მიერ აღნიშნული ქმედება განხორციელებული არ იქნა. განცხადებაში კომპანია აპელირებს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, ”კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში კომისია ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ლიცენზირებული პირის ავტომატურ ავტორიზაციას ამ კანონის შესაბამისად და გასცემს სათანადო მოწმობებს, აგრეთვე ახდენს იმ პირების კუთვნილი ლიცენზიების ამ კანონის შესაბამისად მოდიფიცირებას, რომლებიც სარგებლობენ ამოწურვადი რესურსით.” განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ”ახალი ქსელები” ფლობდა და სარგებლობდა ქ.ქუთაისში ამოწურვადი რესურსით, ეს გარემოება ცნობილი იყო კომისიისთვის და ამ უკანასკნელს ავტომატურად უნდა მოეხდინა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება. შესაბამისად, სამართალდარღვევის ჩადენა მოხდა არა შპს ”ახალი ქსელების” ბრალით, არამედ კომისიის უმოქმედობით. ამავე დროს, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით, როდესაც მოხდა ბაზრის სეგმენტის კვლევა, სხვა კომპანიებთან ერთდ შპს ”ახალი ქსელები” ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად ქ.ქუთაისში. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შპს ”ახალი ქსელები” აღნიშნავს, რომ კომპანია კანონიერი ნდობის საფუძველზე სრულიად კანონიერად აგრძელებდა და აგრძელებს თავისი აბონენტების მომსახურებას რაც ევალება კიდეც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 ნაწილის გ) ქვეპუნქტის საფუძველზე.
კომისიამ შეისწავლა შპს ”ახალი ქსელები”-ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნავს შემდეგს:
1. კომისია ვერ გაიზიარებს შპს ”ახალი ქსელები”-ს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი №000056 შედგენილ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, მხარე აპელირებს ”ელექტრონული კომუნიაკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, შემოწმების აქტში უნდა მიეთითოს შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ ისინი ადგილზე შემოწმდა, ხოლო ასლის გადაღების შემთხვევაში, ასლი უნდა დაერთოს აქტს. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის აღნიშნული ნორმა ეხება ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს, შემოწმების ჩატარებას და შესაბამისი შემოწმების აქტის შედგენას. ამავე მუხლით განსაზღვრულია, ასევე შემოწმების აქტის რეკვიზიტები. რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე კომისიის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის პროცედურულ საკითხებს, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის რეკვიზიტებს, აღნიშნული განისაზღვრება ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები”-ს 37-ე მუხლით, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის რეკვიზიტებს და აღნიშნული რეკვიზიტები (განსხვავებით შემოწმების აქტის რეკვიზიტებისგან) არ შეიცავს ისეთ პუნქტს, როგორიც არის ”შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ ისინი ადგილზე შემოწმდა”.
2. შპს ”ახალი ქსელები” განცხადებაში აღნიშნავს, რომ კომპანია ფლობდა და სარგებლობდა ქ.ქუთაისში ამოწურვადი რესურსით, ეს გარემოება ცნობილი იყო კომისიისთვის და ამ უკანასკნელს ავტომატურად უნდა მოეხდინა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ”კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში კომისია ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ლიცენზირებული პირის ავტომატურ ავტორიზაციას ამ კანონის შესაბამისად და გასცემს სათანადო მოწმობებს, აგრეთვე ახდენს იმ პირების კუთვნილი ლიცენზიების ამ კანონის შესაბამისად მოდიფიცირებას, რომლებიც სარგებლობენ ამოწურვადი რესურსით.” კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების სესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში კომისიის მიერ განხორციელდა, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ლიცენზირებული პირის ავტომატურ ავტორიზაცია, ასევე იმ პირების კუთვნილი ლიცენზიების ამ კანონის შესაბამისად მოდიფიცირება, რომლებიც სარგებლობდენ ამოწურვადი რესურსით. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”ახალი ქსელები”არ ფლობდა ლიცენზიას ქ.ქუთაისში 2XXXX; 4XXXX; 7XXXX; 9XXXX; სააბონენტო ნუმერაციის რესურსით სარგებლობაზე, (შპს ”ახალი ქსელები”-ს მიერ არ იქნა წარმოდგენილი ნუმერაციის რესურსის კანონიერად ფლობის დამადასტურებეი არანაირი დოკუმენტი) ამავე დროს, კომპანიაზე აღნიშნული ნუმრაციის რესურსი არ ყოფილა მინიჭებული კომისიის გადაწყვეტილებით, კომისია ვერ მოახდენდა შპს ”ახალ ქსელებზე” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოდიფიცირებას და მითუმეტეს ვადის გაგრძელებას.
3. რაც შეეხება შპს ”ახალი ქსელები”-ს მიერ მტკიცებულებების სახით კომისიაში წარმოდგენილ წერილებს, რომელიც შეეხება შპს ”ახალი ქსელები”-ს მოთხოვნას ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალმა ქსელებმა” 2005 წლის 22 ივლისს კომისიას მიმართა განცხადებით (22.07.2005 №551) და მოითხოვა ნუმერაციის რესურსის გამოყოფა შემდეგ ქალაქებში: ზესტაფონი, სამტრედია, ქუთაისი (სააბონენტო ნომრების ოდენობა მითითებული არ ყოფილა) აღნიშნულ წერილზე კომისიის მიერ გაცემულ იქნა პასუხი (26.082005.№05/1370-05), რომელშიც კომისია აღნიშნავდა, რომ 2005 წლის 24 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” რომლის შესაბამისადაც, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ აუქციონის საფუძველზე. ამავე დროს, კომისიაში მიმდინარეობდა მუშაობა აუქციონის გამართვის დებულების მოსამზადებლად, რომლის მიღების შემდეგაც, კომისია განიხილავდა საკითხს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ. 2005 წლის 18 ოქტომბერს, შპს ”ახალმა ქსელებმა” კვლავ მიმართა კომისიას განცხადებით (18.10.2005 №786) და კვლავ მოითხოვა ნუმერაციის რესურსის მინიჭება აუქციონის გარეშე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” საფუძველზე, რაზეც კომისიის მიერ ასევე გაცემულ იქნა პასუხი (07.11.2005 №05/1755-05), რომ კომისია არ არის უფლებამოსილი ნუმერაციის რესურსის გამოყოფა მოახდინოს ”საქართველოს კომუნიაკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” საფუძველზე, ვინაიდან ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ აუქციონის წესით. 2005 წლის 15 ნოემბერს (15.11.2005 №865) შპს ”ახალმა ქსელებმა” კვლავ მიმართა კომისიას ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” საფუძველზე ნუმერაციის რესურსის გამოყოფის მოთხოვნით (კვლავ აუქციონის გარეშე) რასთან დაკავშირებითაც, კომისიამ აცნობა კომპანიას (17.11.2005 №05/1820-05), რომ 2005 წლის 18 ნოემბერს 12 საათზე დანიშნული იყო ზეპირი მოსმენა კომისიის დადგენილების ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მიღების მიზნით და კომისია, შპს ”ახალი ქსელები”-ს მოთხოვნას ნუმერაციის რესურსის გამოყოფის თაობაზე, განიხილავდა აღნიშნული დადგენილების მიღების შემდეგ. 2005 წლის 26 დეკემბერს, შპს ”ახალმა ქსელებმა” კომისიას მიმართა განცხადებით (26.12.2005 №1063) ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით შემდეგ ქალაქებში:
ა) ქ.ქუთაისი 10 000 ნომერი, ინდექსები - 10000 – 19999;
ბ) ქ. სამტრედია10 000 ნომერი, ინდექსები - 50000 – 59999;
გ) ქ. ზესტასფონი10 000 ნომერი, ინდექსები - 40000 – 49999;
დ) ქ. ფოთი 5000 ნომერი, ინდექსები - 70000 – 74999;
კომისიამ განიხილა შპს ”ახალი ქსელები”-ს განცხადება და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება №121/10 24.03.2006, რომლის შესაბამისადაც, გამოცხადდა აუქციონები ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შესახებ ეცნობა შპს ”ახალ ქსელებს”. კომაპნიამ მიიღო მონაწილეობა გამოცხადებულ აუქციონში და მოიპოვა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია (№N65) ქ.ქუთაისში 11XXX - 14 XXX სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია ვერ დაეთანხმება შპს ”ახალი ქსელები”-ს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია სრულიად კანონიერად იყენებდა და იყენებს ქ.ქუთაისში 2XXXX; 4XXXX; 7XXXX; 9XXXX; სააბონენტო ნუმერაციის რესურსს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შპს ”ახალი ქსელები”-ს განაცხადში აუქციონის გამოცხადებასთან დაკავშირებით ქ.ქუთაისში მითითებული იყო სულ სხვა ინდექსი, კერძოდ - 10000 – 19999 და არა 2XXXX; 4XXXX; 7XXXX; 9XXXX; სააბონენტო ნუმერაცია, შესაბამისად, კომისიასთან წარმოებული ზემოაღნიშნული ოფიციალური მიმოწერა ვერანაირად ვერ ჩაითვლება დამრღვევი პირის მიერ უკანონოდ გამოყენებული ნუმერაციის რესურსის მოთხოვნად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000056 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს ”ახალი ქსელები”-ს მიერ ქ.ქუთაისში ხორციელდება ნუმერაციის რესურსით - 2XXXX; 4XXXX; 7XXXX; 9XXXX; (სულ 40,000 - ორმოცი ათასი სააბონენტო ნომერი) ულიცენზიოდ სარგებლობა.
კომისია, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის განმარტებაზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ შპს ”ახალი ქსელები”-ს მიერ ჩადენილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის არა პირველი, არამედ მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რაც დადგინდა ადმინისტრაციული წარმოებისას კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მოკვლევისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის პროცესში. კერძოდ, კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №213/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”ახალ ქსელებს” უკვე დაეკისრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, კერძოდ ქ.თბილისში სააბონენტო ნუმერაციით - 305XXX - 309XXX ულიცენზიოდ სარგებლობისთვის. ამდენად, სახეზეა შპს ”ახალი ქსელები”-ს მიერ იგივე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი. 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გაორმაგებულ სანქცირებას ექვემდებარება, კერძოდ ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”ახალი ქსელები”-ს მიერ განმეორებით იქნა ჩადენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, კერძოდ ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ”ახალი ქსელები”-ს მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა, უნდა გადაკვალიფიცირდეს 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ხოლო მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 10,000 ლარის ოდენობით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელები”-ს მიერ ულიცენზიოდ დაკავებულია ნუმერაციის რესურსის 40,000 (ორმოცი ათასი) სააბონენტო ნომრის ტევადიბით, რაც წარმოადგენს სახელმწიფო ამოწურვადი რესურსს, რომლის გაცემაც კომისიის მიერ ხორციელდება აუქციონის წესით. აღსანიშნავია, რომ კომისიაში ასევე შემოსულია არაერთი განაცხადი ქ.ქუთაისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონების გამოცხადების შესახებ და შპს ”ახალი ქსელები”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით ულიცენზიოდ სარგებლობის გამო ზიანი ადგებათ დაინტერესებულ ლიცენზიის მაძიებლებს, რომლებსაც სურთ ქ.ქუთაისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვება კანონმდებლობით დადგენილი აუქციონის წესით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
გამომდინარე იქიდან, რომ ქ.ქუთაისში სააბონენტო ნუმერაციით - 2XXXX; 4XXXX; 7XXXX; 9XXXX; (სულ 40,000 - ორმოცი ათასი სააბონენტო ნომერი) სარგებლობს მრავალი მოქალაქე, სწორედ მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ახალ ქსელებ”-ს უნდა მიეცეს 3 (სამი) თვის ვადა, რათა უზრუნველყოს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვება კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა ლიცენზიის მაძიებლებთან ერთად აუქციონში მონაწილეობის მიღების გზით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ”ახალი ქსელები”, კომისიის გადაწყვეტილებით, ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქ. ქუთაისში, ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ხელახლა იქნას შესწავლილი აღნიშნული საკითხი და გადაისინჯოს კომისიის მიერ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით ყველა ადრე მიღებული გადაწყვეტილება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის მიერ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებებით, არ განხორციელებულა შპს ”ახალ ქსელებზე” ქ.ქუთაისში 2XXXX; 4XXXX; 7XXXX; 9XXXX; (სულ 40,000 - ორმოცი ათასი სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა და არც დაპირება აღნიშნული ქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გამხდარიყო შპს ”ახალ ქსელების” კანონიერი ნდობის საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ჯარიმა შპს ”ახალ ქსელებს” 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო;
2. უზრუნველყოს შპს ”ახალმა ქსელებმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს შპს ”ახალმა ქსელებმა” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. მიეცეს ვადა შპს ”ახალ ქსელებს” 2008 წლის 4 ოქტომბრამდე უკანონოდ დაკავებული ნუმერაციის ამოწურვადი რესურსის გამოთავისუფლებისთვის, ან ამავე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებისთვის.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 სამუშაო დღის ვადაში გაგზავნა შპს ,,ახალი ქსელების”-სთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე) შპს ”ახალი ქსელები”-ს მიერ ჯარიმის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე კონტროლის განხორციელება;
7. შპს ”ახალი ქსელები”-ს მიერ ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი, კომისიის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
8. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი), მიმდინარე წლის 4 ოქტომბრამდე, უზრუნველყოს კომისიის ყველა იმ გადაწყვეტილების შესწავლა და გადასინჯვა, რომელშიც შპს ”ახალი ქსელები” ქ.ქუთაისში ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად, ან/და დაეკისრა სპეციფიკური ვალდებულებები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განხორციელებისას;
9. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი) ქ.ქუთაისში სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონების გამოცხადება შემდეგ სააბონენტო ნომრებზე: 2XXXX; 4XXXX; 7XXXX; 9XXXX;
10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” გაგზავნა.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) 10 დღის ვადაში;
12. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის შპს ”ახალი ქსელების”-თვის ჩაბარების დღიდან;
13. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებილივი აღსრულებისათვის;
14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ და საფინანსო დეპარტამენტებს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
