ერთი მხრივ, შპს ”ინტელ ფონსა’’ და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2008
მიღების თარიღი ივლისი 04, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ინტელ ფონმა’’ (29.05.08;№6/1099-08), სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების არ გაფორმებასთან დაკავშირებით.
დავის საგანს წარმოადგენს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების არ გაფორმება.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში, შპს ”ინტელ ფონი’’ აღნიშნავს, რომ 2008 წლის 10 აპრილს კომისიის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსები 492XXX და 8040. აღნიშნული რესურსის ათვისებისა და სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, კომპანიამ წერილობით მიმართა ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ურთიერჩართვის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რასაც ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ეს კი შეუძლებელს ხდის შპს ”ინტელ ფონის’’ მიერ პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებას.
მოთხოვნები:
კომისიამ, იმსჯელა რა განსახილველი საკითხის დასაშვებობასთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ აღნიშნული დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილებაში და მიზანშეწონილად მიიჩნია დავის განხილვა.
კომისიამ, გაითვალისწინა მხარეთა მოთხოვნა სადაო საკითხთან დაკავშირებით მორიგების მიზნით ვადის განსაზღვრის შესახებ და ასევე, ის გარემოება, რომ მხარეთა შეთანხმების შედეგად შესაძლებელია სადაო საკითხთან დაკავშირებული დავა მორიგებით დამთავრდეს, რის გამოც 2008 წლის 27 ივლისის №381/22 გადაწყვეტილებით, გადადო ერთი მხრივ, შპს ”ინტელ ფონსა’’ და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრუელბის გაფორმებასთან დაკავშირებული დავის განხილვის ძირითადი სხდომა 2008 წლის 4 ივლისს 16:00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 4 ივლისის კომისიის სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ მხარეთა შორის მიღწეულია შეთანხმება, კერძოდ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მხარები თანახმანი არიან დავა მორიგებით დამთავრდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ აღარ არსებობს მხარეებს შორის დავის საგანი და შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედაგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ერთი მხრივ, შპს ”ინტელ ფონსა” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით დავის განხილვა მხარეთა მორიგების გამო.
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი
გ.ფრუიძე
