ერთი მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და მეორე მხრივ, შპს ‘’მაგთიკომსა’’ და შპს ’’ჯეოსელს’’ შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2008
მიღების თარიღი ივლისი 04, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” (28.03.08; №6/593-06), შპს ‘’მაგთიკომისა’’ და შპს’’ჯეოსელის’’ მიერ თანალოკაციის ფართზე არ დაშვების საკითხის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანს წარმოადგენს: შპს ‘’მაგთიკომისა’’ და შპს’’ჯეოსელის’’ მიერ მათ კუთვნილ ანძებზე აპარატურის (თითოეულ ანძაზე სამი სექტორული ანტენისა და ერთი რადიოსარელეო სისტემის) არ განთავსება.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია’’ აღნიშნავს, რომ 2007 წლის 25 ოქტომბერს წერილობით მიმართა შპს ’’მაგთიკომსა’’ და შპს ’’ჯეოსელს’’ მათ კუთვნილ ანძებზე აპარატურის (თითოეულ ანძაზე სამი სექტორული ანტენისა და ერთი რადიოსარელეო სისტემის) განთავსების მოთხოვნით, შემდეგ გეოგრაფიულ ზონებში: შპს ‘’მაგთიკომს’’ - ლაგოდეხი, ასპინძა, გაჩიანი, გრაკალი და გომი, ხოლო შპს ’’ჯეოსელს’’- ყვარელი, ლაგოდეხი, ასპინძა, გრაკალი, გარდაბანი და გომი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზემოხსენებულ წერილებზე შპს ’’ჯეოსელს’’ პასუხი არ გაუცია, ხოლო შპს ’’მაგთიკომმა’’ 2007 წლის 15 ნოემბრის წერილით №216-2 განმარტა, რომ მათ არ გააჩნიათ თავისუფალი რესურსის გამოყოფის შესაძლებლობა, ვინაიდან მომავალში აპირებენ პროექტების განხორციელებას აღნიშნული თავისუფალი რესურსის გამოყენებით.
მოთხოვნები:
1. შპს ’’მაგთიკომის’’ მიმართ გამოყენებულ იქნას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;
2. დაევალოს შპს ’’მაგთიკომს’’, მათ კუთვნილ ანძებზე სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის’’ აპარატურის (თითოეულ ანძაზე სამი სექტორული ანტენისა და ერთი რადიოსარელეო სისტემის) განთავსება შემდეგ გეოგრაფიულ ზონებში: ლაგოდეხი, ასპინძა, გაჩიანი, გრაკალი და გომი;
3. შპს ’’ჯეოსელის’’ მიმართ გამოყენებულ იქნას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;
4. დაევალოს შპს ’’ჯეოსელს’’, მათ კუთვნილ ანძებზე სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის’’ აპარატურის (თითოეულ ანძაზე სამი სექტორული ანტენისა და ერთი რადიოსარელეო სისტემის) განთავსება შემდეგ გეოგრაფიულ ზონებში: ყვარელი, ლაგოდეხი, ასპინძა, გაჩიანი, გრაკალი, გარდაბანი და გომი.
5. დადგენილ იქნეს შესაბამისი არადისკრიმინაციული ტარიფები მოთხოვნილ დაშვებებზე.
კომისიამ, იმსჯელა რა განსახილველი საკითხის დასაშვებობასთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ აღნიშნული დავის განხილვა მოთხოვნილ პირველ ოთხ პუნქტში შედის კომისიის უფლებამოსილებაში, ხოლო რაც შეეხება მეხუთე მოთხოვნას, იგი დავის საგანი არ შეიძლება იყოს, ვინაიდან მოდავე კომპანიებს შორის სატარიფო საკითხებზე ჯერ არ მომხდარა შეთანხმება. შესაბამისად, კომისია ვერ იმსჯელებს იმაზე, რაც ჯერ დავის საგანი არ გამხდარა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის’’ განცხადება თანდართული მასალებით გადაეგზავნა შპს ’’მაგთიკომს’’ (წერილი №03/984-08, 30.05.2008) და შპს ’’ჯეოსელს’’ (წერილი №03/986-08, 30.05.2008).
კომისიაში 2008 წლის 27 ივნისს ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის’’ და შპს ’’მაგთიკომის’’ წარმომადგენლები. მოსამზადებელ სხდომაზე შპს’’ ჯეოსელის’’ წარმომადგენილი არ გამოცხადებულა. მოსამზადებელ სხდომაზე შპს ”მაგთიკომი”-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი მტკიცებულებები გადაეცა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელს.
საკითხის განხილვა გაიმართა 2008 წლის 4 ივლისის კომისიის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში შემოსულია შპს ’’ჯეოსელისა’’ და შპს ’’მაგთიკომის’’ განცხადებები (6/1151-08, 04.06.2008წ; 6/1160-08, 06.06.2008წ).
შპს ’’ჯეოსელის’’ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ’’ჯეოსელის” მიერ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის’’ წერილში წარმოდგენილი თანალოკაციის წერტილებიდან უზრუნველყოფილია შემდეგი:
1. თბილისი - ლაგოდეხი 1 X 2 მგბტ/წმ არხი;
2. ყვარელი - ჯეოსელის 40 მ ანძაზე სარელეო მოწყობილობები;
3. გარდაბანი - ჯეოსელის 40 მ ანძასე CDMA მოწყობილობები.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის’’ მიერ წარმოდგენილ დანართში აღნიშნულ ტერიტორიებზე, სადაც განთავსებულია შპს ’’ჯეოსელის’’ საბაზო სადგურები ან მოწყობილობები, კომპანია მზად არის ხელშეკრულების საფუძველზე ტექნიკური საშუალებებიდან გამომდინარე, გამოყოს ფართი სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის’’ შესაბამისი მოწყობილობების განსათავსებლად.
შპს ”მაგთიკომის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის’’ განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებზე შესაძლებელია 2 მგბტ/წმ არხების ორგანიზება, ხოლო რაც შეეხება ანძებზე აპარატურის განთავსებას, ვინაიდან მიმდინარეობს ქსელის განვითარება, დაგეგმარება და ამასთან არსებულმა ანძებმა საინჟინრო გათვლებით შესაძლოა ვერ გაუძლოს დაგეგმილი ქსელის დატვირთვას, ჯერჯერობით შეუძლებელია მოთხოვნილ წერტილებში თავისუფალი რესურსის გამოყოფის შესაძლებლობის შეფასება. სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ასევე ეცნობა, რომ შპს ”მაგთიკომი” თავისი ქსელის განვითარების დაგეგმარების სამუშაოების დამთავრებისთანავე მიაწვდის კომპანიას იმ წერტილების ჩამონათვალს, რომლებშიც შესაძლებელი იქნება ადგილის გამოყოფა სს ”საქართველო გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აპარატურის დასამონტაჟებლად.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს ”მაგთიკომის” საკუთრებაში არსებული ანძები აგებული იქნა GSM ქსელის შექმნის მიზნით და ანძის კონსტრუქციის მიმართ მოთხოვნებში გათვალისწინებული არ იყო დამატებითი აპარატურის განთავსების საჭიროება. მას შემდეგ, რაც ”მაგთიკომის” მიერ აღებული იქნა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ახალი ლიცენზიები და დაიგეგმა 3G და CDMA-850 ქსელის მშენებლობა, შპს ”მაგთიკომმა”, ”არქიტექტურისა და მშენებლობის ინსტიტუტს” დაუკვეთა შპს ”მაგთიკომის” არსებულ ანძებზე დამატებითი აპარატურის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის გამოკვლევა.
”არქიტექტურისა და მშენებლობის ინსტიტუტის” მიერ გამოკვლეულ იქნა შპს ”მაგთიკომის” საკუთრებაში არსებული ყველა ტიპის ანძები, კერძოდ : 50,40,30 და 20 მეტრის სიმაღლის ანძების კონსტრუქციები. გამოკვლევის შედეგად 2006 წლის 21 ნოემბერს წარმოდგენილი იქნა 3D ანგარიში და დასკვნა, რომლის მიხედვითაც არაუმეტეს 100 კგ წონის აღჭურვილობის განთავსება ანძის წვერში არსებული სამკუთხა პლატფორმიდან 3 მეტრის მანძილზე დასაშვებია 20 და 30 მ სიმაღლის ანძებისთვის 45 მ/წმ ქარის ნორმატიული სიჩქარის შემთხვევაში: ხოლო 40 და 50 მ სიმაღლის ანძებისთვის არაუმეტეს 37 მ/წმ ქარის ნომატიული სიჩქარის შემთხვევაში, დამატებითი აღჭურვილობის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირიდან 15-20 მ-ს სიმაღლეზე.
შპს ”მაგთიკომის” მიერ ასევე წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის’’ მიერ მოთხოვნილ წერტილებში არსებული ”მაგთიკომის” ანძების დატვირთვის შესახებ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ გარემოებების გამო, შპს ”მაგთიკომი” დღეის მდგომარეობით, მის საკუთრებაში არსებულ ანძებზე ვერ განათავსებს სხვა კომპანიის აპარატურას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ამ ინფრასტრუქტურის განვითარება და შპს ”მაგთიკომს” ექნება თავისუფალი რესურსები, კომპანია უზრუნველყოფს მოთხოვნის შემთხვევაში სხვა ავტორიზებული პირების დაშვებას ამ რესურსთან კანონის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის (მ.გოთოშიას) დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: ”შპს ”მაგთიკომისა” და შპს ”ჯეოსელის” ანძებს აქვს ისეთი კონსტრუქცია, რომ შესაძლებელია მასზე ფიზიკურად განთავსდეს სხვა კომპანიის სექტორული ანტენები და რადიოსარელეო სისტემები იმ პირობით, რომ სხვა ოპერატორი არ შეუქმნის ხელშეშლებს არსებულ გადამცემებს.”
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპასუხე მხარეების მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებებიდან და მტკიცებულებებიდან, ირკვევა, რომ შპს ”ჯეოსელი”-მა სს ”საქართველოს გაერთიენებული სატელეკომუნიაკაციო კომპანიის” მიერ მოთხოვნილ მიმართულებებზე: ყვარელი, ლაგოდეხი, ასპინძა, გრაკალი, გარდაბანი და გომი, უზრუნველყო დაშვება შემდეგ მიმართულებებზე:
1. თბილისი - ლაგოდეხი 1 X 2 მგბტ/წმ არხი;
2. ყვარელი - ჯეოსელის 40 მ ანძაზე სარელეო მოწყობილობები;
3. გარდაბანი - ჯეოსელის 40 მ ანძასე CDMA მოწყობილობები.
რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს, როგორც შპს ”ჯეოსელი”-ს მიერ წარმოდგენილი განცხადებიდან ირკვევა, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის’’ მიერ წარმოდგენილ დანართში აღნიშნულ ტერიტორიებზე, სადაც განთავსებულია შპს ’’ჯეოსელის’’ საბაზო სადგურები ან მოწყობილობები, კომპანია მზად არის ხელშეკრულების საფუძველზე ტექნიკური საშუალებებიდან გამომდინარე გამოყოს ფართი სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის’’ შესაბამისი მოწყობილობების განსათავსებლად. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ აღარ არსებობს მხარეებს შორის დავის საგანი, რაც კომისიის სხდომაზე დაადასტურა სს ”საქართველოს გაერერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა. აღნიშნულიდან გამომდინარე ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ჯეოსელის” ნაწილში უნდა შეწყდეს, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
რაც შეეხება სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”მაგთიკომს” შორის არსებულ სადაო საკითხს, კომისია ვერ გაიზიარებს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ”მაგთიკომის” ანძების კოსტრუქცია იძლევა იმის საშუალებას, რომ მასზე ფიზიკურად განთავსდეს სექტორული ანტენები და რადიოსარელეო სისტემები. კომისიას მიაჩნია, რომ ვიზუალური დათვალიერების შედეგად შეუძლებელია შეფასდეს ანძის კონსტრუქცია და მასზე დამატებითი აღჭურვილობის დამონტაჟების შესაძლებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ როგორც შპს ”მაგიკომის” მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული ყველა ტიპის აძებზე - 50, 40, 30 და 20 მეტრის სიმაღლის ანძების კონსტრუქციებზე, შესაძლებელია არაუმეტეს 100 კგ წონის აღჭურვილობის განთავსება. კერძოდ: ანძის წვერში არსებული სამკუთხა პლატფორმიდან 3 მეტრის მანძილზე დასაშვებია 20 და 30 მ სიმაღლის ანძებისთვის 45 მ/წმ ქარის ნორმატიული სიჩქარის შემთხვევაში: ხოლო 40 და 50 მ სიმაღლის ანძებისთვის არაუმეტეს 37 მ/წმ ქარის ნომატიული სიჩქარის შემთხვევაში, დამატებითი აღჭურვილობის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირიდან 15-20 მ-ს სიმაღლეზე.
დღეის მდგომარეობით, სს ”საქართველოს გაერერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ მოთხოვნილ წერტილებში, შპს ”მაგთიკომის” საკუთრებაში არსებული ანძების დატვირთვის მდგომარეობა შემდეგნაირია:
1. ლაგოდეხის ანძის სიმაღლე 30 მეტრი. ანძის წვერში განთავსებულია 8 GSM ანტენა, 12 და 15 მეტრ სიმაღლეზე განთავსებული 5 რადიოსარელეო სადგურის ანტენები ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში, კომპანია გეგმავს CDMA-450-ის 3, CDMA-850-ის 3 და UMTS -ის 3 ანტენის დამონტაჟებას.
2. ასპინძის ანძის სიმაღლე 50 მეტრი. ანძის წვერში განთავსებულია 8 GSM ანტენა, 12 და 15 მეტრ სიმაღლეზე განთავსებული 2 რადიოსარელეო სადგურის ანტენები. 25 მეტრ სიმაღლეზე WiFi-ის 1 ანტენა ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში, კომპანია გეგმავს CDMA-450-ის 3, CDMA-850-ის 3 და UMTS -ის 3 ანტენის დამონტაჟებას.
3. გაჩიანის ანძის სიმაღლე 20 მეტრი. ანძის წვერში განთავსებულია 4 GSM ანტენა, 10 მეტრის სიმაღლეზე განთავსებული 1 რადიოსარელეო სადგურის ანტენა, ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში, კომპანია გეგმავს CDMA-450-ის 2, CDMA-850-ის 3 და UMTS -ის 2 ანტენის დამონტაჟებას.
4. გრაკალის ანძის სიმაღლე 30 მეტრი. ანძის წვერში განთავსებულია 4 GSM ანტენა, 20 და 31 მეტრის სიმაღლეზე განთავსებული 2 რადიოსარელეო სადგურის ანტენები, ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში, კომპანია გეგმავს CDMA-450-ის 3, CDMA-850-ის 3 და UMTS -ის 3 ანტენის დამონტაჟებას.
5. გომის ანძის სიმაღლე 50 მეტრი ანძის წვერში განთავსებულია 5 GSM ანტენა, 20 მეტრის სიმაღლეზე განთავსებული 1 რადიოსარელეო სადგურის ანტენები, ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში კომპანია გეგმავს CDMA-450-ის 3, CDMA-850-ის 3 და UMTS -ის 3 ანტენის დამონტაჟებას.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება.
როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და ადმინისტრაციულ წარმოების პროცესში შესწავლილი მასალებიდან ირკვევა, შპს ”მაგთიკომს” არ გააჩნია თავისუფალი რესურსი, რათა უზრუნველყოს ქსელის საკუთარ ელემენტებთან მსურველი ავტორიზებული პირის, ამ შემთხვევაში სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დაშვება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომი”-ს მიერ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” შეთავაზებულ იქნა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის’’ განცხადებაში მითითებულ მიმართულებებზე 2 მგბტ/წმ არხების ორგანიზება რაც კომისიის სხდომაზე შპს ”მაგთიკომი”-ს წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა, შპს ’’მაგთიკომის’’ მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გამოყენებისა და შპს ”მაგთიკომი”-სთვის კომპანიის კუთვნილ ანძებზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აპარატურის (თითოეულ ანძაზე სამი სექტორული ანტენისა და ერთი რადიოსარელეო სისტემის) განთავსების თაობაზე, შემდეგ გეოგრაფიულ ზონებში: ლაგოდეხი, ასპინძა, გაჩიანი, გრაკალი და გომი, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს ”მაგთიკომს” თავისუფალი რესურსი არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის საფუძველზე და 41-ე და 42-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედაგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”ჯეოსელს” შორის, შპს ”ჯეოსელი”-ს კუთვნილ ანძებზე აპარატურის (თითოეულ ანძაზე სამი სექტორული ანტენისა და ერთი რადიოსარელეო სისტემის) განთავსებასთან დაკავშირებული დავის განხილვა მხარეთა მორიგების გამო;
2. ცნობად იქნას მიღებული, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”მაგთიკომს” შორის შედგა მორიგება, რომლის მიხედვითაც სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის’’ განცხადებაში მითითებულ მიმართულებებზე შპს ”მაგთიკომი” გამოყოფს 2 მგბტ/წმ არხებს;
3. არ დაკმაყოფილდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა, შპს ’’მაგთიკომის’’ მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გამოყენებისა და შპს ”მაგთიკომი”-სთვის, კომპანიის კუთვნილ ანძებზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აპარატურის (თითოეულ ანძაზე სამი სექტორული ანტენისა და ერთი რადიოსარელეო სისტემის) განთავსების დავალდებულების თაობაზე, შემდეგ გეოგრაფიულ ზონებში: ლაგოდეხი, ასპინძა, გაჩიანი, გრაკალი და გომი;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი
გ.ფრუიძე
