წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ

ნომერი: 393 / 21

გამოქვეყნების თარიღი მარტი 15, 2010

მიღების თარიღი ივლისი 04, 2008

 

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის წლიური გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის წლიურმა დარიცხულმა შემოსავალმა რეგულირების საფასურის მიხედვით, ნაცვლად 2007 წლის წლიური ბიუჯეტით გათვალიწინებული 6,960,000.00 ლარისა (მათ შორის 1,200,000.00 ლარი სარეზერვო ფონდის ჩათვლით), შეადგინა 6,498,980.85 ლარი (ანგარიში თან ერთვის), რაც 461,019.15 ლარით ნაკლებია ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე. სარეზერვო ფონდის გარეშე, ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 5,760,000.00 ლარისა, შეადგინა 6,498,980.85  ლარი რაც 738,980.35 ლარით ანუ 12.83%-ით მეტია კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე. დარიცხული შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებული პირების შემოსავლების ზრდა და 2006 წლის „რეგულირების საფასური“-ს გაანგარიშებების დაგვიანებით წარმოდგენა ანუ 2006 წლის გარკვეული შემოსავლების დამატება 2007 წლის წლიურ შემოსავლებზე.

 

      2007 წლის შემოსავლების ზრდასთან ერთად, 394,941.03 ლარით ანუ 5.3%-ით ნაკლებია კომისიის 2007 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, რომელმაც 6,656,688.00 ლარის ნაცვლად შეადგინა  6,261,746.97 ლარი.

      კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ხარჯვითი ნაწილის უმრავლეს პუნქტებში მიღებული ეკონომიისა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეულ მუხლებში მაინც აღინიშნა გადახარჯვები. 2007 წლის ფაქტიური მონაცემებით ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომია, საოპერაციო, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეული პრიორიტეტული მუხლების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მიზანშეწონილად ჩათვალა, ცალკეულ შემთხვევებში, საოპერაციო დანახარჯების მუხლებში კორექტირების შეტანა და ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომიით გამოთავისუფლებული დამატებითი ფინანსური რესურსებით და გასულ წლებში არსებული ფინანსური რეზერვის საშუალებით სხვა პრიორიტეტული მუხლების დაფინანსება.   კერძოდ:       

      კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯმა ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 180,000.00 ლარისა შეადგინა 230,623.18 ლარი, რაც 50,623.18 ლარით მეტია კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულ წლიურ მაჩვენებელზე. ამ პუნქტით არსებული დანახარჯებიდან ელექტროენერგიის მთლიანმა ხარჯმა შეადგინა 37,649.72 ლარი; წყლის ხარჯმა - 8,180.40 ლარი; ბუნებრივი აირის ხარჯმა - 6,823.61 ლარი, ხოლო კომუნიკაციის ხარჯმა - 177,969.45 ლარი, სადაც, კომისიის ინტერნეტის და რადიომონიტორინგის სტაციონარული სისტემის სადგურებთან (ურთას მთა, ძეგვის მთა) კავშირისთვის თბილისი-ფოთის ციფრული (ოპტიკურ-ბოჭკოვანი) არხის იჯარის მომსახურებამ შეადგინა 64,071.00 ლარი, რაც საერთო ჯამში 50,623.18 ლარით ანუ 28.12%-ით აღემატება ბიუჯეტით განსაზღვრულ წლიურ მაჩვენებელს;

      ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯებმა 2007 წლის ფაქტიური დანახარჯების მიხედვით შეადგინა 123,404.67 ლარი რაც 43,404.67 ლარით ანუ 54.26%-ით მეტია კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულზე. აღნიშნული ხარჯიდან 72,644.82 ლარი შეადგენს მოხმარებული საწვავის ხარჯს, ხოლო 50,759.85 ლარი კომისიის ბალანსზე არსებული ავტომანქანების რემონტის ხარჯს. ხარჯვითი ნაწილის გაზრდა გამოიწვია, საწვავზე ფასების მატებამ, კომისიის საჭიროებისათვის ავტომანქანების რაოდენობის გაზრდამ და  რადიომონიტორინგის სტაციონარული სისტემის სადგურებთან (ურთას მთა, ძეგვის მთა) მონიტორინგის ჯგუფის მუდმივმა და რეგულარულმა  მუშა გასვლებმა.

      მივლინების წლიური ხარჯები გეგმით გათვალისწინებულთან შედარებით გაზრდილია 30,046.40 ლარით ანუ 20.03%-ით აღემატება 2007 წლის შესაბამის მაჩვენებელს. მივლინების ხარჯების ზრდა გამოწვეულია კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისათვის, აუცილებელი და მიზნობრივი მივლინებების ფაქტიური დაფინანსებით, რომელთაგან აღსანიშნავია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ციფრული მაუწყებლობის ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ახალ სამაუწყებლო სტანდარტებთან და სიხშირეების საერთაშორისო კოორდინირებულ განაწილებასთან დაკავშირებულ სამუშაო კონფერენციებში და ჯგუფებში (რადიოკავშირის რეგიონალური კონფერენცია RRC, რადიოკავშირის მსოფლიო კონფერენცია ITU)  მონაწილეობა, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული მივლინებები, რომლებიც ძირითადად ემსახურება ლიცენზიანტი კომპანიების სალიცენზიო პირობების და რადიოელექტრონული მოწყობილობების პელინგაციას და ტექნიკური მახასიათებლების ადგილზე შემოწმებას;

      კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალისტთა და ექსპერტთა მომსახურებისა და სხვა ხარჯები წლიური, ფაქტიური მონაცემების მიხედვით შეადგენს 45,992.73 ლარს ანუ გაწეული დანახარჯი 11,255.33 ლარით (37.52%-ით) მეტია კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე, რაც ძირითადად გამოწვეულია მივლინებების დროს კონფერენციებში და მუშა-სემინარებში მონაწილეობის (29255.33 ლარი) და თანამშრომელთა გადამზადების ღირებულების (16,737.40 ლარი) გადასახადებით;

      39,607.55 ლარით არის გაზრდილი სხვა საერთო ხარჯების მუხლით გათვალისწინებული დანახარჯები, რომელმაც ნაცვლად კომისიის ბიუჯეტით დადგენილი 100,000.00 ლარისა, შეადგინა 139,607.55 ლარი. აღნიშნული გადახარჯვა გამოიწვია: კომისიის მიერ სარეკლამო სააგენტოების მეშვეობით განცხადებების გავრცელების ღირებულებამ, რამაც 2007 წლის ფაქტიური მონაცემების მიხედვით შეადგინა 15,001.28 ლარი, შენობის დაცვის ხარჯებმა – 58,800.00 ლარი, კონდიციონერების გადატანის, მონტაჟისა და რემონტის ფაქტიურმა ხარჯებმა – 6,688.79 ლარი, სადაზღვევო (სამედიცინო დაზღვევის ხარჯების გარდა) ხარჯებმა-4988.00 ლარი, სანიტარული მომსახურების ხარჯებმა-2,710.94 ლარი, სამეურნეო ხარჯებმა-11,169.06 ლარი, ავტო-მანქანებით მომსახურების (ტაქსი) ხარჯებმა-4,881.06 ლარი, კომისიის ავტომანქანების რეცხვის ხარჯმა-11,930.00 ლარი, სხვა წინასწარ გაწეულმა ხარჯებმა (კარტრიჯების დატენვა, კომპიუტერების მაკომპლექტებელი ნაწილების შეძენა) შეადგინა 17,788.31 ლარი, კომპიუტერულ-პროგრამულმა და სხვა საგადასახადო (ნოტარიუსის ხარჯები) ხარჯმა ჯამში შეადგინა 5650.11 ლარი;

      ამავე დროს, 2007 წლის კომისიის ბიუჯეტის ძირითად მუხლებში ფაქტიური შედეგების მიხედვით მიღებულია ეკონომია, კერძოდ:

      ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეულმა დანახარჯებმა 2,266,947.57 ლარი (მათ შორის: შეძენილი იქნა ტელემეტრული ელექტრონული სისტემის (ფიფლმეტრები) მოწყობილობა) ანუ შესაბამის პერიოდში ბიუჯეტით დამტკიცებულზე 333,052.43  ლარით (12.80%-ით) ნაკლები შეადგინა;

       საკანცელარიო, საფოსტო, ჟურნალ-გაზეთების შეძენისა და პოლიგრაფიული მომსახურების  წლიურმა დანახარჯებმა 48,329.11 ლარი ანუ დაგეგმილზე 1,670.89 (3.34%-ით) ლარით ნაკლები შეადგინა. მათ შორის: საკანცელარიო ხარჯებმა შეადგინა 10,940.65 ლარი, საფოსტო ხარჯებმა – 8,467.75 ლარი, პოლიგრაფიულმა ხარჯებმა – 15,557.00 ლარი, ხოლო ჟურნალ-გაზეთების გამოწერის  ხარჯებმა – 8,376.10 ლარი;

       სამეცნიერო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯებმა შეადგინა 22,045.00) ლარი ანუ კომისიის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულზე 27,955.00 ლარით ანუ 55.91%-ით ნაკლები მათ შორის: აუდიტორული შემოწმება -2,545.00 ლარი, ხოლო სოციოლოგიური კვლევის ხარჯებმა შეადგინა – 19,500.00 ლარი;   

       წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლით განსაზღვრულმა ხარჯებმა 2007 წლის ფაქტიური მონაცემების შესაბამისი პერიოდის მიხედვით ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 15,000.00 ლარისა შეადგინა 10,668.00 ლარი, რაც 4,332.00 ანუ 28.88%-ით ნაკლებია კომისიის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულზე;

       კომისიის ოფისის მიმდინარე რემონტის მუხლით 2007 წელს შესაბამისი პერიოდისათვის გაწეულია ელექტროკარების რემონტი თანხით 500.00 ლარი, კომისიის შენობის ფასადის რემონტი თანხით 4,061.44 ლარი, ამ მუხლით კომისიის ბიუჯეტით შესაბამისი პერიოდისათვის გამოყოფილი იყო 70,000.00 ლარი, ანუ ეკონომიამ შეადგინა 65,025.56 ლარი;          

       ეკონომიაა აგრეთვე შრომის ანაზღაურების წლიურ, ფაქტიურ ხარჯებში, რომელმაც საბიუჯეტო ანარიცხებთან ერთად 3,069019.51 ლარი ანუ ბიუჯეტით დამტკიცებულზე 74,980.49 ლარით ნაკლები შეადგინა; 

        ეკონომიაა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ძირითად ხარჯვით ნაწილშიც, რომელმაც ნაცვლად კომისიის 2007 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული 152,688.00 ლარისა, შეადგინა 50,339.19 ლარით ნაკლები ანუ  102,348.81 ლარი.

        2007 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ლიცენზიის მფლობელი 39 კომპანიის მხრიდან, სალიცენზიო გადასახდელების დავალიანება შეადგენს – 1,523,060.20- ლარს (ფორმა N1).

   კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული    და     რეგულირებას     დაქვემდებარებული     საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ღირებულებასა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ გაწეულ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 1 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური (5.06.2007 N4867 ძალაშია 2008 წლის 1 იანვრიდან).

    “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად: “რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადამხდელები არიან ლიცენზიის მფლობელები. რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობაა არა უმეტეს 1 პროცენტი ლიცენზიის მფლობელის შემოსავლიდან, რომელშიც შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ის გარეშე). რეგულირების ყოველწლიური საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში ლიცენზიის მფლობელის  შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური და წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით” (5.06.2007 N4866 ძალაშია 2008 წლის 1 იანვრიდან).

აღნიშნულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა მოქმედი კანონმდებლობის და ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დარღვევას წარმოადგენს. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  45-ე  მუხლის პირველი  პუნქტის შესაბამისად: “ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის, ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10,000.00 ლარისა”.

    “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე  მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად: “ამ კანონის 71-ე  მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს ან/და  საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა”, ხოლო 71-ე მუხლის თანახმად: კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს ან/და საზოგადოებრივ  მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობისათვის, ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის გაფრთხილების გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.

    ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ლიცენზიის მფლობელი ზოგიერთი კომპანიის მხრიდან ჯერ კიდევ ადგილი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში დიდი დაგვიანებით წარმოდგენის ფაქტებს, რაც აფერხებს საანგარიშო პერიოდში შესაბამისი შემოსავლების ზუსტი ოდენობის დროულ დადგენას.

       კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ანალიზიდან ირკვევა, რომ მ/წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით  ბოლო 3 და მეტი თვის განმავლობაში რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები  არ წარმოუდგენია და საფასური არ გადაუხდია ლიცენზიის მფლობელ 56 კომპანიას  (ფორმა N4), რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები წარმოადგინა და საფასური არ გადაუხდია ლიცენზიის მფლობელ 23 კომპანიას (ფორმა №5) და რეგულირების ყოველწლიური საფასური გადაიხადა და  გაანგარიშებები არ წარმოუდგენია ლიცენზიის მფლობელ 11 კომპანიას (ფორმა №6).

 ნულოვანი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები წარმოადგინა 38 კომპანიამ  (ფორმა №7).

ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ, მ/წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დარიცხულმა რეგულირების საფასურის თანხამ შეადგინა 6,498,980.35 ლარი, ხოლო მთლიანმა დავალიანებამ მ/წლის 31 დეკემბრის  მდგომარეობით შეადგინა – 1,568,729.39 ლარი (ფორმა №8), რომელიც ერიცხებათ  ლიცენზიის მფლობელ 70 კომპანიას.

          ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 და  მე-12 მუხლების შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

     გადაწყვიტა:

1. ცნობად იქნეს მიღებული კომისიის აპარატის ფინანსური დეპარტამენტის უფროსის ი.აბულაძის ინფორმაცია კომისიის 2007 წლის ბიუჯეტის მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ;

2. დამტკიცდეს წარმოდგენილი 2007 წლის წლიური კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები:

ა) დარიცხული შემოსავლები:

    რეგულირების საფასური და სხვა შემოსავლები----6,498,980.35 ლარი;

  ბ) საოპერაციო ხარჯები----------------------------------- 3,994,799.40 ლარი;

გ) ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები-----------2,266,947.57 ლარი;

დ) ფინანსური რეზევის ფონდი------------------------------ 237,233.38 ლარი;

3. დამტკიცდეს 2007 წლის ფაქტიური მონაცემების მიხედვით კომისიის შემოსავლების ხარჯებზე გადამეტება 237,233.38 ლარის ოდენობით;

4. დაევალოთ კომისიის აპარატის მონიტორინგის, მაუწყებლობის რეგულირების და საფინანსო დეპარტამენტებს, სისტემატური კონტროლი დააწესონ ლიცენზიის მფლობელთა მხრიდან სალიცენზიო პირობების დაცვის უზრუნველყოფაზე;

5. კომისიის აპარატის შესაბამისმა დეპარტამენტებმა ხელი შეუწყონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N12 დადგენილებით დამტკიცებული “რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ“ ნორმატიული აქტის შესრულებას;

6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს ლიცენზიის მფლობელთა მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობის ან/და კომისიაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურეობრივი ბარათის საფუძველზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყება;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1-ა) ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

9. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის გადაწყვეტილების        ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

 კომისიის თავმჯდომარე                                                             . არველაძე

კომისიის წევრი                                                     ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                     . კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                     ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრი                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები