წვდომის მენიუ

შპს “რუსთავი 2”-სა და შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგს”-ს შორის დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

ნომერი: 394 / 16

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2008

მიღების თარიღი ივლისი 04, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”რუსთავი 2”-მა კომისიას მიმართა წერილით მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირებთან დავის განხილვის მოთხოვნით.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”რუსთავი 2” აღნიშნავს, რომ კომპანიას გააჩნია ”გაერთიანებული ევროპული ფეხბურთის ასოციაცია”-სთან (UEFA) გაფორმებული მედია უფლებების კონტრაქტი, რომლის თანახმად შპს “რუსთავი 2”-ს მინიჭებული აქვს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ტრანსლაციის  უფლებამოსილება.

აღნიშნულ საკითხზე, კომისიამ წერილებით მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირებს და სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა მათ, შპს ”რუსთავი 2”-ის ექსკლუზიურ ულებათა თაობაზე.

აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 18 ივნისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”რუსთავი 2”-სა და შპს  ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგს”-ის წარმომადგენლები.

მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გამოიჩენს კეთილ ნებას და  შეწყვეტს ევროპის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების პირდაპირ ჩვენებას, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკაბელო ტელევიზიის წარმომადგენელმა ეჭვი შეიტანა შპს ”რუსთავი 2”-ის მოთხოვნის კანონიერებაში და არ დაეთანხმა მას.

აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 4 ივლისს კომისიაში ჩატარდა საქმის არსებითი განხილვა. სხდომაზე შპს ”რუსთავი 2”-მა აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნა ევროპის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების პირდაპირ ჩვენებასთან დაკავშირებული მისი ექსკლუზიური უფლების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილებულ იქნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”რუსთავი 2”-მა უარი თქვა განცხადებაზე და მოითხოვა დავაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის საფუძველზე, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს “რუსთავი 2”-სა და შპს  ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგს”-ს შორის დავაზე;

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთვი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.

კომისიის თავმჯდომარე                                                                  

გ. არველაძე                            

 წევრები:                                                                                                 

კ. კვიტაიშვილი

ზ. ნონიკაშვილი

გ. ფრუიძე

ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები