“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით დანიშნული ზეპირი მოსმენის გადადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2008
მიღების თარიღი ივლისი 09, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და 76-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2006 წლის 17 ნოემბერს, კომისიის №491/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.
“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით დანიშნული ზეპირი მოსმენის გადადების შესახებ” კომისიის 2007 წლის 16 მარტის №131/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენის სხდომა გადაიდო 2007 წლის 18 მაისამდე, ხოლო კომისიის 2007 წლის 27 აპრილი №222/22 გადაწყვეტილების საფუძველზე, “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 15 ივნისი.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველი საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, 2007 წლის 15 ივნისიდან დღემდე გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, როგორც საზოგადოების, ასევე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელების წარმომადგენლებთან და შემუშავებულ იქნა ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც კომისიის მიერ გადაგზავნილ იქნა ყველა დაინტერესებულ პირთან და ასევე განთავსებულ იქნა კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2008 წლის 11 ივნისის №321/23 გადაწყვეტილების საფუძველზე, განახლდა “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 9 ივლისი. პარალელურად, გამოქვეყნებული პროექტის მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვისადმი მიძღვნილ თავთან დაკავშირებით შემოსული მრავალი შენიშვნისა და წინადადების თაობაზე კომპეტენტური ფსიქოლოგიური დასკვნის წარმოდგენის მიზნით, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტი გადაეგზავნა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციას (ფფა)” საექსპერტოდ.
ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციასთან (ფფა) 2008 წლის 20 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ფფა-ს საექსპერტო ჯგუფს დაევალა პროექტის დამუშავება და გამოკვლევა შემდეგი კუთხით:
ა) ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” პროექტში სათანადო შესწორებების შეტანა და მისი პროფესიული და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით დასაბუთება და გამართვა;
ბ) ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” პროექტის, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის თემისადმი მიძღვნილი ნაწილის პროფესიული (ფსიქოლოგიური) ანალიზი.
გ) ფსიქოლოგიურ-პროფესიული თვალსაზრისით არასრულწლოვანთა შესაბამის კატეგორიებად დაყოფა, მაუწყებელთა მიერ საკუთარი სამაუწყებლო ბადის შედგენისას, არასრულწლოვანთა თითოეულ გამოყოფილ კატეგორიაზე მავნე ზეგავლენის მოხდენის თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი წყალგამყოფისა ან/და დროითი შეზღუდვების ფარგლების დასაბუთებულად განსაზღვრა, პროგრამირების კრიტერიუმების დადგენა და პროგრამების კონტექსტისეული გადაცემის ფორმების პროფესიული შეფასება და დაჯგუფება წყალგამყოფის მიხედვით;
დ) ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” პროექტის, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის თემისადმი მიძღვნილი ნაწილის გადამუშავებული ვარიანტის წარმოდგენა, თანდართული პროფესიული მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნით;
კომისია აღნიშნავს, რომ საექსპერტო დასკვნა-ანალიზი, ფფა-ს მიერ წარმოდგენილია კომისიაში 16 გვერდზე მიმდინარე წლის 4 ივლისს, რომელშიც მრავალი შენიშვნა და წინადადება დაფიქსირდა, რომელთა შესაბამისად საჭიროა ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” პროექტის გადამუშავება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის 27 ივნისს შეიტანა ცვლილებები და დამატებები, რომელთა შესაბამისად, ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მიღების ვადამ გადაიწია 2009 წლის 1 ივლისამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე და 76-ე მუხლების, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენის სხდომა 2008 წლის 24 სექტემბრამდე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი) და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე) პროექტის არსებითი გადამუშავება და შესწორებული ვარიანტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;
კომისიის წევრები:
ზ. ნონიკაშვილი
ს. ბრიტანჩუკი
კ. კვიტაიშვილი
გ. ფრუიძე
