წვდომის მენიუ

შპს ”მზის”, შპს ”ტელეიმედის” და შპს ”რუსთავი 2”-ის სანქცირების თაობაზე

ნომერი: 4 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2008

მიღების თარიღი იანვარი 04, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელის, ისევე როგორც სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი) მიერ 2007 წლის 24 დეკემბერს ჩატარებულ იქნა კერძო საერთო საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელების - შპს ”რუსთავი 2”-ის (ლიცენზიის №B9), შპს ”მზის” (ლიცენზიის №B15), შპს ”ტელეიმედის” (ლიცენზიია №B16) და სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” პროგრამების 24 საათიანი მონიტორინგი (ჩაწერის რეჟიმი) და აღნიშნული მონიტორინგის შედეგად 2007 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა შემოწმების აქტები, კერძოდ:

1. შემოწმების აქტი №27, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2007 წლის 24 დეკემბერს 20 სთ-სა და 46 წთ-ზე შპს ”მზის” ეთერში საინფორმაციო პროგრამა ”მზერა ში” გადაიცა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ჩატარებული საინფორმაციო ცენტრ ”საერთო ევროპული საქმის” მიერ ”ეგზიტპოლი - საქართველო 2008” პროექტის ფარგლებში.

საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გამოქვეყნება განხორციელდა საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 731-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით.”

2. შემოწმების აქტი №28, რომელშიც აღნიშნულია, რომ ”2007 წლის 24 დეკემბერს 20 სთ-სა და 41 წთ-ზე შპს ”ტელეიმედის” ეთერში საინფორმაციო პროგრამა ”ქრონიკაში” გადაიცა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ჩატარებული საინფორმაციო ცენტრ ”საერთო ევროპული საქმის” მიერ ”ეგზიტპოლი - საქართველო 2008” პროექტის ფარგლებში.

საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გამოქვეყნება განხორციელდა საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 731-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით.”

3. შემოწმების აქტი №29,  რომელშიც აღნიშნულია, რომ ”2007 წლის 24 დეკემბერს 21 სთ-სა და 38 წთ-ზე შპს ”რუსთავი 2”-ს ეთერში საინფორმაციო პროგრამა ”კურიერში” გადაიცა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ჩატარებული საინფორმაციო ცენტრ ”საერთო ევროპული საქმის” მიერ ”ეგზიტპოლი - საქართველო 2008” პროექტის ფარგლებში.

საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გამოქვეყნება განხორციელდა საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 731-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით.”

4. შემოწმების აქტი №30,  რომელშიც აღნიშნულია, რომ ”2007 წლის 24 დეკემბერს 20 სთ-სა და 38 წთ-ზე სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” პროგრამა ”მოამბეში” გადაიცა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შპს ”ტელეიმედმა” გაავრცელა საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ”საერთო ევროპული საქმის” მიერ ”ეგზიტპოლი - საქართველო 2008” პროექტის შედეგები,  რა დროსაც დაარღვია საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები. ინფორმაციის გადაცემას თან ახლდა ცესკოს იურისტის კომენტარი, რომელმაც დააფიქსირა შპს ”ტელეიმედის” მიერ კანონდარღვევის ჩადენა. ამასთან,  საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კვლევის შედეგები არ გამოცხადებულა.

ზემოაღნიშნული შემოწმების აქტების საფუძველზე, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, 2008 წლის 3 იანვარს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მზე”-ს, შპს ”ტელეიმედი”-ს, შპს ”რუსთავი 2”-ს და სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სანქცირების თაობაზე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილის და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, გაეგზავნათ ზემოაღნიშნულ კომპანიებს იმავე დღეს - 2008 წლის 3 იანვარს.

საკითხის განხილვა გაიმართა 2008 წლის 4 იანვრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”რუსთავი 2”-ს, შპს ”მზე”-ს და შპს ”ტელეიმედი”-ს წარმომადგენლები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებიდან ირკვევა, რომ შპს ”მზე”-ს, შპს ”ტელეიმედი”-ს და შპს ”რუსთავი 2”-ს მიერ დაღვეულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 731-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნები, რომლის შესაბამისადაც საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95%-იან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3%-ს არ აღემატება;

ბ) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ;

გ) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა;

დ) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა იქნეს ჩატარებული ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით;

ე) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას;

ვ) შედეგების გამოქვეყნებისას სავალდებულოა მიეთითოს:

ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა;

ვ.ბ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;

ვ.გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და მიმდევრობა;

ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო;

ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;

ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;

ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;

ვ.თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;

ვ.ი) შერჩევის ზომა;

ვ.კ) ცდომილების ფარგლები;

ვ.ლ) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”რუსთავი 2”-ს, შპს ”მზე”-ს და შპს ”ტელეიმედი”-ს მიერ გადაცემული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ჩატარებული საინფორმაციო ცენტრ ”საერთო ევროპული საქმის” მიერ არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ნორმას, კერძოდ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 731-ე მუხლის მე-8 ნაწილის ბ) და ვ) ქვეპუნქტების მოთხოვნებს, კომისიას მიაჩნია, რომ ადგილი აქვს საქართველოს საარჩევნო კოდექსის დარღვევას, რაც  ამავე დროს, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად  წარმოადგენს სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის სანქცირების საფუძველს.

სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ ზემოაღნიშნული დარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ ინფორმაციის გავრცელების დროს კვლევის შედეგები არ გამოცხადებულა, შესაბამისად ადგილი არ ჰქონია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 731-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნების დარღვევას და კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 731-ე მუხლის მე-8 ნაწილის  ბ) და ვ) ქვეპუნქტების  მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო:

ა) შპს ”რუსთავი 2”-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

ბ) შპს ”მზის” მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2007 წლის 7 ნოემბრის №672/18-2 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”მზე” გაფრთხილებულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო და გაფრთხილებიდან ახალი დარღვევის ჩადენამდე არ გასულა ერთი წელი.

გ) შპს ”ტელეიმედი”-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2007 წლის 7 ნოემბრის №672/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”ტელეიმედი” გაფრთხილებულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო და გაფრთხილებიდან ახალი დარღვევის ჩადენამდე არ გასულა ერთი წელი.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, 71-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის,  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად კომისიამ,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმართ;

2. მიეცეს გაფრთხილება შპს “რუსთავი 2”-ს, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 731-ე მუხლის მე-8 ნაწილის ბ) და ვ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო; 

3. დაეკისროს ჯარიმა  2500 ლარის ოდენობით შპს “მზეს”, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 731-ე მუხლის მე-8 ნაწილის ბ) და ვ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო; 

4. დაეკისროს ჯარიმა  2500 ლარის ოდენობით შპს “ტელეიმედს” საქართველოს საარჩევნო კოდექსის 731-ე მუხლის მე-8 ნაწილის ბ) და ვ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო; 

5. უზრუნველყოს შპს ”მზემ” 30 სამუშაო დღის ვადაში წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში მითითებული ჯარიმის გადახდა შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი 200122900, ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი 220101222, სახაზინო კოდი -  300773251, და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა; 

6. უზრუნველყოს შპს ”ტელეიმედმა” 30 სამუშაო დღის ვადაში წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში მითითებული ჯარიმის გადახდა შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი 200122900, ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი 220101222, სახაზინო კოდი -  300773251, და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა; 

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”მზესთვის”, შპს ”ტელეიმედი”-სთვის,  შპს ”რუსთავი 2”-სთვის და სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” 7 დღის ვადაში გაგზავნა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                            

 გ.არველაძე

კომისიის წევრები                                      

ზ.ნონიკაშვილი

                                                                              კ.კვიტაიშვილი                                                                                                                                            

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები