წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მომართვის საფუძველზე, ერთი მხრივ, მოქალაქე მ. ტალახაძესა და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” შორის დავის განხი

ნომერი: 400 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2008

მიღების თარიღი ივლისი 14, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2008 წლის 1 ივლისს მიმართა (წერილი N9/100-08) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველის სამსახური”) მოთხოვნით, ავტორიზებული პირის - სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  მომხმარებელის (აბონენტის) - მ. ტალახაძის სატელეფონო მომსახურების აღდგენის თაობაზე შესულ საჩივარზე, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.

    საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მოთხოვნაში აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ დამცველის სამსახურს მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მომხარებელმა, კერძოდ შემოსულია:

   მოქალაქე მ. ტალახაძის(მცხ. ქ. თბილისი, ჩიტაიას 25, ტელ: 953965) განცხადება (2008 10 ივნისი,  №9/79), რომელშიც იგი სადაოდ ხდის სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  მიერ მისთვის ტელეფონის ნომრის მოხსნის  კანონიერებას;

   მოქალაქე მ. ტალახაძე განაცხადში აღნიშნავს, რომ იგი არ იყო წინასწარ ინფორმირებული სატელეფონო ნომრის მოხსნის თაობაზე და მისთვის სრულიად უცნობი იყო დავალიენების გადაუხდელობის საფუძვლით აბონენტის დაჯარიმებისა და ნომრის მოხსნის პროცედურების შესახებ. მომხმარებელი ასევე აცხადებს, რომ სათანადო ახსნა-განმარტება აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით კომპანიის ოპერატორებისგანაც არ მიუღია. ამასთან, მომხმარებლის განცხადებით, მას სატელეფონო მომსახურება მიეწოდებოდა საამისოდ აუცილებელი წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.

   საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, საკითხის შესწავლის მიზნით, მიმართა  სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, რომლის საპასუხო წერილის თანახმად, ირკვევა, რომ მოქალაქე მ. ტალახაძეს ტელეფონი დავალიანების გადაუხდელობის გამო მოეხსნა 2007 წლის 30 ნოემბერს, ხოლო ტელეფონის მოსალოდნელი მოხსნის თაობაზე ეცნობა წერილობით 2007 წლის 2 ნოემბერს. აღნიშნული გაფრთხილება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან დასტურდება მხოლოდ იმით, რომ წერილი უკან არ დაბრუნებულა. ამასთან, კომპანიის განცხადებით, მოქალაქე ტალახაძეს ბინაში ტელეფონის აღდგენა შესაძლებელია ტელეფონის ხელახალი დადგმის ღირებულების (140 ლარის) გადახდის შემდეგ, ვინაიდან, მ. ტალახაძემ 2008 წლის 14 აპრილს დაფარა დავალიანების თანხა.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიაჩნია, რომ სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მომხმარებლებისადმი ამგვარი დამოკიდებულებით  უხეშად არღვევს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. კერძოდ:

ა)  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს მომსახურების მიმწოდებლისგან შეუფერხებლად და უფასოდ მიიღოს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა ვალდებულებების თაობაზე.

ბ) დარღვეულია მომსახურების შეზღუდვასთან დაკავშირებული პროცედურები,  რაც გათვალისწინებულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მუხლებით, კერძოდ, მე-13 მუხლის მე-5, მე-16  მუხლის პირველი და 24-ე მუხლის პირველი პუნქტებით.

გ) ამავე რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს გადასახდელი საფასურის ოდენობის 20%-ს.

დ) ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ამავე რეგლამენტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტის  თანახმად, უნდა შეიცავდეს მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს.

    საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მოითხოვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება და აღნიშნულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას მხარედ მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად;

   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 თავის  შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   დაიწყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2008 წლის პირველი ივლისის N9/100-08  მომართვის საფუძველზე, ერთი მხრივ, მოქალაქე მ. ტალახაძესა და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” შორის დავის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება;

2.   საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის სპეციალისტი ე. ჭახრაკია ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას მხარედ  - სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მომხმარებელის - მოქალაქე მ. ტალახაძის ინტერესების დასაცავად, ხოლო მოპასუხედ განისაზღვროს სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”;

3.   საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2008 წლის 11 აგვისტოს 16.00  საათზე, შემდეგ მისამართზე: თბილისი 0177, ალ. ყაზბეგის გამზირი 42;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

6.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის  შესაბამისად.

კომისიის თავმჯდომარე                                                                

გ. არველაძე                            

წევრები:                                                                                              

კ. კვიტაიშვილი

ზ. ნონიკაშვილი

გ. ფრუიძე

ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები