შპს ” თანამგზავრი XXI ” გაფრთხილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2008
მიღების თარიღი ივლისი 14, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზირებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისია, აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წარმოებაში აქვს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგის და კოორდინაციის დეპარტამენტის 2008 წლის 27 ივნისის №10/361-08 სამსახურეობრივი ბარათი, რომლითაც ირკვევა, რომ რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგის და კოორდინაციის დეპარტამენტში დასაქმებული პირების მიერ, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის, კომისიის 2008 წლის 28 მარტის №170/22 გადაწყვეტილების და შპს ”სერვისლაინის” წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, 2008 წლის 24 ივნისს ჩატარებულ იქნა რადიო მონიტორინგი და საპელენგაციო სამუშაოები ქ. ბათუმში, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე №F43 ლიცენზიით განსაზღვრულ 2604-2700 მჰც სიხშირულ დიაპაზონში წარმოქმნილი გარე ხელშემშლელი წყაროს დადგენის მიზნით.
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შპს ”სერვისლაინის” მიერ გამოყენებულ სიხშირეებზე ხელშემშელ წყაროს წარმოქმნიდა შპს ”თანამგზავრი XXI”, რომელიც ნაცვლად F44 ლიცენზიით მინიჭებული 25000-2596 მჰც-სა, უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი, მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ. ბათუმში, სარგებლობდა 2468-2748 მჰც სიხშირული ზოლით, რითიც აღნიშნული კომპანიის მიერ დარღვეულ იქნა F44 ლიცენზიით გათვალისწინებული პირობები, შესაბამისად კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგის და კოორდინაციის დეპარტამენტის ჯგუფის მიერ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის და კომისიის 2008 წლის 28 მარტის №170/22 გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილ იქნა №8 შემოწმების აქტი, რომელიც დადასტურებული იქნა ორმხრივი ხელმოწერით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაწყებულიყო შპს ”თანამგზავრი XXI-ის” გაფრთხილებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება და საკითხის განსახილველი სხდომა ჩაინიშნა 2008 წლის 14 ივლისს.
წარმოების დაწყების შესახებ, შპს ”თანამგზავრი XXI-ს” შეტყობინებით ეცნობა 2008 წლის 3 ივლისს, მხარეს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლებები.
2008 წლის 14 ივლისის კომისიის სხდომაზე შპს ”თანამგზავრი XXI-ის” წარმომადგენელმა აღიარა შპს ”თანამგზავრი XXI-ის” მიერ 2468-2748 მჰც სიხშირული ზოლის უკანონო გამოყენების ფაქტი.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუქტის, 45-ე მუხლისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს ”თანამგზავრი XXI-ს”, მის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს ”თანამგზავრი XXI-მა” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტით და F44 ლიცენზიით დაკისრებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ 2468-2748 მჰც რადიოსიხშირული დიაპაზონით სარგებლობის დაუყონებლივ შეწყვეტა;
3. ეცნობოს შპს ”თანამგზავრი XXI-ს”, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (დღგ-ს გარეშე) 0,5 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10000 (ათი ათასი) ლარისა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”თანამგზავრი XXI-თვის” ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრები: ს. ბრიტანჩუკი
გ. ფრუიძე
კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
