შპს ”ჯი.ემ. ჯგუფი+”-სთვის ნუმერაციის მინიჭებისა და შპს ”კამარა” - სთვის ნუმერაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2008
მიღების თარიღი ივლისი 14, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართეს შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-მა (23.06.2007 №7/238-08) და შპს ”კამარა”-მ (26.06.2008 №7/245-08) ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის 006 (ნული-ნული-ექვსი) გამოყოფასთან დაკავშირებით. კომპანიებს აღნიშნული ნუმერაციის რესურსი ესაჭიროებათ საინფორმაციო მომსახურების განსახორციელებლად.
კერძოდ, როგორც შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-ს წერილშია აღნიშნული, კომპანია ახორციელებს საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მომსახურებას, კერძოდ: ავეჯის გადაზიდვა, ელექტრო გაყვანილობის შეკეთება, მონტაჟი, სანტექნიკოსის მომსახურება, კონდიციონერების, მაცივრების, სარეცხი მანქანების შეკეთება, უფასო იურიდიული მომსახურება და ა.შ. სწორედ აღნიშნული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, კომპანიას ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი.
შპს ”კამარა”-ს წერილში აღნიშნულია, რომ კომპანია ახორციელებს მოსახლეობის მომსახურებას შემდეგ სფეროებში: საინფორმაციო, სადისპეჩერო, საშუამავლო, საკონსულტაციო, სამედიცინო, სარიტუალო, ტაქსისა და გაზის გამოძახება და შესაბამისად, ზემოაღნიშნული მომსახურებების მოსახლეობისთვის მიწოდებისთვის ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი.
საკითხის განხილვა გაიმართა 2008 წლის 11 ივლისის კომისიის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ როგორც შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+” ასევე შპს ”კამარა” ითხოვს ნუმერაციის რესურსის 006 (ნული-ნული-ექვსი) გამოყოფას. კომისიამ იმსჯელა რა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს: დაინტერესებულ პირის განცხადება. ხოლო ადმინისტრაციული წარმოება იწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-მა კომისიას განცხადებით მომართა 2008 წლის 23 ივნისს რეგისტრაციის №7/238-08, ხოლო შპს ”კამარა”-მ 2008 წლის 26 ივნისს რეგისტრაციის №7/245-08. შესაბამისად, შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-ს განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში დაიწყო 2008 წლის 23 ივნისს, ხოლო შპს ”კამარა”-ს განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება - 2008 წლის 26 ივნისს.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-ს განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში დაიწყო უფრო ადრე, ვიდრე შპს ”კამარა”-ს განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, ამავე დროს ნუმერაციის რესურსი 006 (ნული-ნული-ექვსი) წარმოადგენს თავისუფალ ნუმერაციის რესურსს და შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-ს განცხადების რეგისტრაციისა და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტშიც აღნიშნული ნუმერაციის რესურსი თავისუფალი იყო, ასევე გამომდინარე იქიდან რომ შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას მიაჩნია, რომ ნუმერაციის რესურსი 0-0-6 (ნული-ნული-ექვსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით უნდა მიენიჭოს შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-ს.
კომისია დამატებით აღნიშნვს, რომ შპს ”კამარა”-ს დაინტერესებისა და კომისიისთვის მომართვის შემთხვევაში, კომისია მზად არის განიხილოს საკითხი, შპს ”კამარა”-სთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით, ალტერნატიული ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-ს ნუმერაციის რესურსი - 0-0-6 (ნული-ნული-ექვსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2009 წლის - 14 ივლისამდე, ქ.თბილისში;
2. შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”ჯი.ემ.ჯგუფი+”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. უარი ეთქვს შპს ”კამარა”-ს ნუმერაციის რესურსი - 0-0-6 (ნული-ნული-ექვსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით მინიჭებაზე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრები:
ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
