წვდომის მენიუ

სს ”ტელენეტსა” და შპს ” კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 41 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2008

მიღების თარიღი იანვარი 25, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ სს ”ტელენეტმა” 2007 წლის 26 დეკემბერს №1/560 წერილით მიმართა  კომისიას შპს ”კავკასუს ონლაინთან”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: შპს ”კავკასუს ონლაინსა”  და  სს ”ტელენეტს” შორის 1 (ერთი) გბიტ/წმ-ის გამტარუნარიანობის არხის ორგანიზება და ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში სს ”ტელენეტი” აღნიშნავს, რომ მის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა 1 (ერთი) გბიტ/წმ-ის გამტარუნარიანობის არხის ორგანიზებასა და ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და 2007 წლის 17 აგვისტოს №469/16 გადწყვეტილებების საფუძველზე, შპს ”კავკასუს ონლაინმა” უარი განუცხადა, იმ მიზეზით, რომ კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს №469/16 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს მხოლოდ ამ აქტით განსაზღვრულ მხარეებს შორის და აქედან გამომდინარე, შპს ”კავკასუს ონლიანს” ზემოხსენებული ვალდებულება სს ”ტელენეტის” მიმართ არ გააჩნდა.

2008 წლის 11 იანვარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება “სს ”ტელენეტსა” და შპს ”კავკასუს ონლაინს”   შორის დავის  განხილვის  დღის დანიშვნის შესახებ.”

2008 წლის 25 იანვარს აღნიშნულ საკითხზე კომისიაში გაიმართა სადაო საკითხის არსებითი განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ: სს  ”ტელენეტის” წარმომადგენელი ა. სულაძე, ხოლო   შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან გ. ჭელიძე.

სს ”ტელენეტის” წარმომადგენელმა დაადასტურა მისივე განცხადებაში დაფიქსირებული პოზიცია და მოითხოვა, რომ კომისიამ დაავალოს  შპს ”კავკასუს ონლაინს” სს ”ტელენეტის” მოთხოვნის სისრულეში მოყვანა. თავის მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება სს ”ტელენეტის” მოთხოვნას, კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს №1/7/436 განჩინების შესაბამისად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს №469/16 გადაწყვეტილება არ ავალდებილებს მათ 1 (ერთი) გბიტ/წმ-ის გამტარუნარიანობის არხის ორგანიზებასა და ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებას სს ”ტელენეტთან” და უარი განაცხადა ზემოაღნიშნული მოთხოვნის შესრულებაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის №1/7/436 განჩინების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს №469/16 გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, ანუ მას არ გააჩნია საყოველთაო და ზოგადსავალდებულო ხასიათი, არ შეეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს და იგი სავალდებულოა მხოლოდ აქტით განსაზღვრული მხარეებისათვის.

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” სს ”ტელენეტთან” 1 (ერთი) გბიტ/წმ-ის გამტარუნარიანობის არხის ორგანიზება და გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნას. კერძოდ, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ჰ29” პუნქტის, 19-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ”დ” ქვეპუნქტისა და  32-ე მუხლის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია,  მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება. დაშვებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეუზღუდავობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპები, რაც მოიცავს მომსახურების ხელმისაწვდომაბის, ხარისხის, ტარიფების, მიწოდების ვადების, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა არსებითი ინფორმაციის გამჭვირვალობის, აგრეთვე ურთიერთოპერაბელურობის უზრუნველყოფას. კომისია მიიჩნევს, რომ მსურველი ავტორიზებული პირი, ამ შემთხვევაში სს ”ტელენეტი” უფლებამოსილია მოითხოვოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან არადისკრიმინაციული დაშვება იმგვარი პირობებით, რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე არსებითად მსგავსი ურთიერთობების შემთხვევებში, დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული და სხვა ავტორიზებული პირებისათვის, ხოლო შპს ”კავკასუს ონლაინი”, როგორც აღნიშნულ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირი დაშვების შეთავაზებისას, არსებითად მსაგავსი გარემოებებისა და ექვივალენტური მოთხოვნების პირობებში, ვალდებულია უზრუნველყოს მოთხოვნილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მსურველი ავტორიზებული პირისთვის არადისკრიმინაციულად (შეუზღუდავად), ერთსა და იმავე ვადებში ერთნაირი პირობებით მიწოდება.   

ყოვილევე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ჰ29” პუნქტის, 19-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის,  32-ე მუხლისა და 42-ე მუხლის საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს სს ”ტელენეტის”  მოთხოვნა, დაევალოს შპს ”კავკასუს ონლაინს” სს ”ტელენეტთან” 1 (ერთი) გბიტ/წმ-ის გამტარუნარიანობის არხის ორგანიზება და გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების  იმავე პირობებით გაფორმება, რა პირობითაც იგი ამ მომსახურებას სთავაზობს სხვა ავტორიზებულ პირებს.

2. დაევალოთ მხარეებს ამ გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმება  ათი დღის ვადაში და მისი ორმხრივი ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში ასლის კომისიაში წარმოდგენა.

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                გ. არველაძე                           

 წევრები:                                                                                                      ზ. ნონიკაშვილი

                                                                                                                   გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები