წვდომის მენიუ

შპს ტელეკომპანია ,,თანამგზავრის ” №B25 ლიცენზიის მოდიფიცირებაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 411 / 12

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2008

მიღების თარიღი ივლისი 14, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№7/103-2008) მიმართა შპს ტელეკომპანია ,,თანამგზავრმა”, რომელმაც მოითხოვა მისი კუთვნილი №B25 ლიცენზიით (კერძო საერთო მაუწყებლობა) განსაზღვრული სატელევიზიო გადამცემი სიგნალის მომატება.

      შპს ტელეკომპანია ,,თანამგზავრის” განმარტებით, იმის გამო, რომ ქ. თელავში იგი მაუწყებლობს მე-4 მეტრულ არხზე 20 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით და დაფარვის ზონაში არსებულ მოსახლეობას ვერ აწვდის სამაუწყებლო სიგნალის აუცილებელ დონეს, მოითხოვს №B25 ლიცენზიით მინიჭებულ სამოქმედო ზონის ფარგლებში (ქ.თელავი) სამაუწყებლო სიგნალის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 20ვტ-დან სატელევიზიო სიმძლავრის 200ვტ-მდე გაზრდას.

      კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,თანამგზავრის” №B25 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე დაიწყო მისი განცხადების კომისიაში რეგისტრაციის მომენტიდან - 2008 წლის 24 მარტიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის თანახმად.

      კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, შპს ტელეკომპანია ,,თანამგზავრის” კუთვნილი №B25 ლიცენზიის შესაბამისად, 20ვტ სიმძლავრის გადამცემის და მინიმუმ 6დბ გაძლიერების კოეფიციენტის მქონე გადამცემი ანტენის გამოყენებით (ანტენის ამჟამინდელი განთავსების ადგილიდან), ლიცენზიით გათვალისწინებული სამოქმედო ზონის (ქ. თელავი) დაფარვა სავსებით შესაძლებელია. იმ შემთხვევაში, თუ გადამცემი სადგური შესაბამისი საანტენო მეურნეობით გამართულ მდგომარეობაშია, მოსახლეობისთვის ნორმალური დონის სატელევიზიო სიგნალის მიწოდების პრობლემის ძირითადი მიზეზი შესაძლებელია იყოს მოსახლეობის მიმღები ანტენების გაუმართავი მდგომარეობა.

      კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ არის დასაბუთებული.

      კომისია აღნიშნავს რომ, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქათველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს ,,კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე”.

      შესაბამისად,  კომისიას, შეუძლებლად  მიაჩნია შპს ტელეკომპანია ,,თანამგზავრს” №B25 ლიცენზიის მოდიფიცირება  და სათანადო ცვლილებების განხორციელება კომისიის 2008 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში.

      საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარე მოწვეულ იქნა კომისიის 2008 წლის 14 ივლისის სხდომაზე და მიეცა განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარმოდგენის შესაძლებლობა. კომპანიის  წარმომადგენელმა განაცხადა, რომ  მან თავისი მოთხოვნა დააფუძნა სხვადასხვა ტექნიკური სპეციალობის მქონე სპეციალისტების კონსულტაციებს, ხოლო თვითონ არ გააჩნია მყარი მტკიცებულება, რომ სიმძლავრის მომატება მოხსნის მისი კომპანიის წინაშე არსებულ პრობლემებს.

              კომისიამ, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მეორე პუნქტის და საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        

1. უარი ეთქვას შპს ტელეკომპანია ”თანამგზავრს” №B25 ლიცენზიის მოდიფიცირებაზე და ამ მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ტელეკომპანია “თანამგზავრი”-სთვის  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით და კომისიის ვებ-გვერდზე განთავსება(ნ. ჯანელიძე);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ.  N 1ა) ერთი თვის ვადაში;                                                                                            

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.  რატიშვილი).

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge)  გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრები:                                      გ. არველაძე

                                                                 ზ. ნონიკაშვილი

                                                                  გ. ფრუიძე

                                                                 კ.  კვიტაიშვილი

                                                                ს.  ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები