სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირების შესახებ წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2008
მიღების თარიღი ივლისი 25, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 19 მაისს, კომისიას, №6/993-08 განცხადებით, მიმართა შპს ”ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს-მ” და მოითხოვა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირება, რადგან მათი მოსაზრებით აღნიშნული კომპანიის მიერ ხორციელდება კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მოთხოვნათა შეუსრულებლობა, რითაც ირღვევა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ”ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს-ს” მიმართულებით დადგენილი აქვს საცალო ტარიფი 8 თეთრის ოდენობით, როდესაც სხვა ფიქსირებული ქსელის ავტორიზებული პირების მიმართ ანალოგიურ მომსახურებაზე ერთი გეოგრაფიული ზონის შიგნით, დადგენილი აქვს ტარიფი - 4 თეთრის ოდენობით ერთ წუთში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს-ს” განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, უნდა მოხდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირება.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დაიწყო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. წარმოების დაწყების შესახებ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შეტყობინებით ეცნობა - 2008 წლის 04 ივლისს. მხარეს ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 07 ივლისის №03/1796-08 შეტყობინებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” გადაეგზავნა განცხადების ასლი და ეცნობა სხდომის თარიღი.
საკითხის განხილვა გაიმართა 2008 წლის 25 ივლისის კომისიის სხდომაზე.
სხდომაზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი არ დაეთანხმა შპს ”ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს-ს” და აღნიშნა, რომ მათ მიერ არ ყოფილა დადგენილი დისკრიმინაციული ტარიფი, რის დასტურადაც წარმოადგინა შესაბამისი 2008 წლის 01 მაისის №01/61-14 ბრძანება, რომლის შესაბამისად, კერძოდ ბრძანების პირველი პუნქტის მესამე ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ფიქსირებული ქსელის აბონენტებთან კავშირისათვის ტარიფი განისაზღვრა - 0.06 ლარით ერთ წუთში. მხარემ ამავდროულად აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ბილინგის გაუმართაობას (რადგან მიმდინარეობდა ახალი საბილინგო სისტემის ტესტირების პროცედურა), შესაბამისად სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ მოხდება ზედმეტად დარიცხული თანხების აბონენტების დეპოზიტზე დარიცხვა არაუგვიანეს 2008 წლის 15 სექტემბრამდე. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლის მიერ დამატებით წარმოდგენილ იქნა სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ, რომლის შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილების ის პუნქტები, რომლებიც შეეხება სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” საცალო ტარიფებს, შეჩერებულია სასამართლოში დავის გადაწყვეტამდე. შესაბამისად, მხარის მოსაზრებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”-ს ამ ეტაპზე არ ეკისრება ვალდებულება შეასრულოს კომისიის კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ შეჩერებული პუნქტები, კერძოდ, დადგენილი 6 თეთრიანი ტარიფი შეამციროს 4 თეთრამდე.
კომისიამ განიხილა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა და შეაფასა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს-ს” მიერ მითითებულ დარღვევას სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ადგილი არ ჰქონია, რადგან აღნიშნულ კომპანიას საცალო ტარიფი დადგენილი აქვს ყველა კომპანიისათვის იდენტურად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით, დავის განხილვის დღისათვის ვერ დასტურდება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მოთხოვნათა (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევა.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად, ასევე დადგინდა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ამ ეტაპზე ადგილი არ აქვს კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მოთხოვნების დარღვევას, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოყენებულ იქნა კომისიის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში სასამართლოში გასაჩივრების უფლება და სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადების ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენის გზით, სასამართლოს განჩინებით შეაჩერა კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მოქმედება ნაწილობრივ - სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ და აღნიშნული განხორციელდა იმ ვადაში, რა ვადაშიც უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მოცემული პერიოდისათვის არ არსებობს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” გაფრთხილების საფუძველი. ამასთან კომისია მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციად ვერ ჩაითვლება საბილინგო სისტემის გაუმართავი მუშაობა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში”, მით უფრო რომ აღნიშნული კომპანიის მიერ ბილინგის მუშაობის ხარვეზები გამოსწორდა გადაწყვეტილების მიღების დღისათვის.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” გაფრთხილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს-ს” 2008 წლის 19 მაისის №6/993-08 მომართვის საფუძველზე.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” -თვის და შპს ”ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს”-სთვის გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის დაინტერესებული მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი
გ. ფრუიძე
ს.ბრიტანჩუკი
