შპს ”მაგთიკომსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2008
მიღების თარიღი ივლისი 25, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 7 ივლისს №130-3 განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/1425-08) მიმართა შპს ”მაგთიკომმა” დავის განხილვის მოთხოვნით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წინააღმდეგ.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაევალა მოწვევის ოფერტის გამოქვეყნება. შპს ”მაგთიკომის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კოპმანიის” მიერ მოწვევის ოფერტა გამოქვეყნდა გარკვეული ხარვეზებით. განმცხადებლის მოსაზრებით, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” განესაზღვრა 4 თეთრი ერთ წუთში ურთიერთჩართვის ტარიფი, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში. წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, შპს ”მაგთიკომი” აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომიუნიკაციო კომპანიის” მიერ ზოგიერთ გეოგრფიულ ზონაში ზარის დასრულებისათვის მოთხოვნილია 5 თეთრი, რომელიც წარმოადგენს 4-თეთრიან ტარიფისა და ტრანზიტული ზარისთვის დადგენილი ტარიფის ჯამს, რომელიც, ”მაგთიკომის” მოსაზრებით, გამოწვეულია იმ გარემეობით, რომ ურთიერთჩართვისათვის გამოცხადებულია მხოლოდ ორი წერტილი - თბილისი და ქუთაისი, ხოლო სხვა გეოგრაფიულ ზონებში, ასეთი წერტილი ურთიერთჩართვისათვის სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, გამოცხადებული არ აქვს.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, რადგან ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად, კანონმდებლობის და კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, ვალდებულია ტრაფიკის მიღების შესაძლებლობა უზრუნველყოს ასევე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ვალდებულია ურთიერთჩართვის წერტილები გამოაცხადოს კონკრეტულად, რადგან შპს ”მაგთიკომისათვის” მიუღებელია ის ფორმულირება, რომელიც წარმოდგენილია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოწვევის ოფერტაში, კერძოდ შეთავაზებულია ტექნიკური პირობების არსებობის შემთხვევაში სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კუთვნილი ასს-ების შენობები, ინტერფეისების აღწერილობის გარეშე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომი” განცხადებაში ასევე მიუთითებს მოწვევის ოფერტის და მხარებს შორის 2007 წლის 01 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების წინააღმდეგობის შესახებ, რადგან ოფერტაში გათვალისწინებული არ არის ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” და შპს ”მაგთიკომს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ურთიერთჩართვის წერტილები (რუსთაველის №31, თამარ მეფის გამზ №56).
კომისია აღნიშანვს, რომ შპს ”მაგთიკომის” განცხადების შესაბამისად, მის ინტერესებში არ შედის სხვა გეოგრაფიულ სეგმენტებთან კავშირისათვის დამატებითი თანხების გამოყოფა. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”უ” პუნქტის შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” ზარის დასრულება უნდა უზრუნველყოს დამატებითი ტრანზიტული ტარიფის - ერთი თეთრის წუთში გადახდის გარეშე.
კომისიამ, შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განცხადებაში დასმული მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება და საჭიროა მისი განხილვა და არსებითი გადაწყვეტა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომის” განცხადება გადაეგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”. მხარეებს ეცნობათ მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღი და დრო, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ასევე განესაზღვრა ვადა მათი მოსაზრების წერილობით წარმოსადგენად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს შპს ”მაგთიკომსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის არსებითი განხილვა, 2008 წლის 08 აგვისტოს 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (უ.სეთური).
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილება ძალაშია მხარეებისთვის მისი ჩაბარების დღიდან.
კომისიის წევრები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
ს. ბრიტანჩუკი
