შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2008
მიღების თარიღი ივლისი 25, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინმა” 2008 წლის 9 ივლისს განცხადებით მიმართა კომისიას, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”კავკასუს ონლაინი” აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს დაზიანდა მათი აპარატურა, რომელიც განთავსებულია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” საკუთრებაში არსებულ ასს 95-ში შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ იჯარით აღებულ ფართში. აღნიშნული დაზიანების გამო, აპარატურა გაითიშა ასევე შემდეგ ასს-ებში: №30,31,34,37,61,62,67,35, რამაც გამოიწვია 10000-მდე აბონენტისათვის ინტერნეტ მომსახურების შეწყვეტა. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ადგილი აქვს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც არსებით ეკონომიკურ და საოპერაციო პრობლემებს უქმნის მათ კომპანიას. შპს ”კავკასუს ონლაინი” ასევე, აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარე უგულებელყოფს საქართველოს კანონმდებლობასა და კომისიის გადაწყვეტილებებს.
მოთხოვნები:
1) დაავალოს კომისიამ მოპასუხე მხარეს, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მე-3 პუნქტის, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-10 მუხლის ”ბ” ქვეპუნქტის, ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების დადგენილ ვადებში უპირობოდ და კეთილსინდისიერი შესრულება;
2) დაევალოს მოპასუხე მხარეს, რეალურად უზრუნველყოს შპს ”კავკასუს ონლაინის” თანამშრომლების არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და შეუზღუდავი დაშვება, მის საკუთრებაში არსებულ სათავსებში განთავსებულ აპარატურასთან;
3) დაევალოს მოპასუხე მხარეს, შპს ”კავკასუს ონლაინის” დაუყონებლივ ინფორმირება შეფერხებისა და დაზიანების შემთხვევაში უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით;
4) განემარტოს მოწინააღმდეგე მხარეს, რომ ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები მოქმედებს და შესაბასად აპარატურასთან დაშვების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს დასვენების და უქმე დღეებშიც და მათი მოქმედების შეჩერება არ დაიშვება მოწინააღმდეგე მხარის შიდასაუწყებო აქტებით;
5) დაევალოს მოპასუხე მხარეს დაშვების კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარე არ დაუშვას მისი შიდასაუწყებო აქტებით კანონის ნორმათა და კომისიის გადაწყვეტილებათა ხელოვნური დაკნინება და შპს ”კავკასუს ონლაინისათვის” ხელოვნური ბარიერების შექმნა მისი კანონიერი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში;
6) საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებების დარღვევისათვის დაეკისროს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა - ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით;
7) გადაწვეტილება მიქცეულ იქნას დაუყონებლივ აღსრულებისათვის.
უნდა აღნიშნოს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შეპასუხება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნები მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1) ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”რ” ქვეპუნქტის თანახმად, დაშვება არის - ”ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს უზრუნველყოფას: ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესაბამისი ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით; ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებით და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ შორის, საკანალიზაციო არხებით და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით; თანალოკაციის ფართობით; ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი ელემენტებით, მათი თავისუფალი საოპერაციო რესურსებითა და სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით); აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზების, ნომრების პორტაბელურობასთან (ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით, ასევე ვირტუალური ქსელების მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას”. როგორც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აღნიშნავს, ამ მუხლის ანალიზის საფუძველზე ცალსახაა, რომ დაშვების პირობები განისაზღვრება ავტორიზებული პირის მიერ. მათ შემთხვევაში, დაშვების პირობების განსაზღვრა მოხდა მოწვევის ოფერტის გამოქვეყნების საშუალებით, რომელიც თანაბრად ვრცელდება ყველა ავტორიზებულ პირზე.
2) სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ფაქტიურად ყველა მომსახურებაზე გამოქვეყნებული აქვს მოწვევის ოფერტები, რომლებიც, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაშია კომისიის გადაწყვეტილებების და კანონის მოთხოვნებთან.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” მოითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა მისი უსაფუძვლობის გამო. ამასთან აღნიშნავს, რომ ვინაიდან, მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ იქნა მოწვევის ოფერტაზე შესაბამისი აქცეპტის გაკეთება და გასაჩივრებულ იქნა მათი მოწვევის ოფერტები, მიზანშეწონილი იქნება განხორციელდეს ამ დავის შეჩერება კომისიის მიერ მოწვევის ოფერტებთან დაკავშირებულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 25 ივლისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან გ. ჭელიძე და ვ. ცეცხლაძე, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან - ლ. გიორგაძე. აღნიშნულ სხდომაზე, მხარეებმა დაადასტურეს კომისიაში წარმოდგენილი წერილებში აღნიშნული პოზიციები და დამატებითი მტკიცებულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვა 2008 წლის 1 აგვისტოს 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (გ. ხოჯევანიშვილი).
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილება ამოქმედდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
ს. ბრიტანჩუკი
