რიგი სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი კომპანიების გაფრთხილებისა და სანქცირების ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2008
მიღების თარიღი აგვისტო 01, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ”ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება”.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ”ლიცენზიიის ფლობელი არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობების და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმის და დაფინანსების წყაროების შესახებ, ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა”.
აგრეთვე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია:
ა) საწარმოს პარტნიორების, აქციათა არანაკლებ 5%-ის მფლობელებისა და დირექტორების თაობაზე, თუ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელია კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირი;
ბ) იურიდიული პირის დამფუძნებლების, სხვა წევრების, შემომწირველებისა და გამგეობის შემადგენლობის თაობაზე, თუ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელია კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირი;
გ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის შესახებ;
დ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის საწესდებო კაპიტალში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;
ე) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ;
ვ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის საწესდებო კაპიტალში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;
ზ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ;
თ) საინფორმაციო სააგენტოს საწესდებო კაპიტალში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;
ი) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.
მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი, ასევე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ მისი კაპიტალის წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს:
ა) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის წილს ან აქციებს;
ბ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის წილს ან აქციებს;
გ) საინფორმაციო სააგენტოს წილს ან აქციებს”.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2008 წლის 24 ივნისის №10/349-08 სამსახურეობრივი ბარათის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2008 წლის 4 ივლისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება რიგი სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი კომპანიების სანქცირების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2008 წლის 25 ივლისს მიღებულ იქნა №419/18 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც შეწყდა სანქცირების ადმინისტრაციული წარმოება იმ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიმართ, რომლებმაც წარმოადგინეს კომისიაში ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 61-ე მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიში და შესაბამისი ინფორმაცია. ამავე გადაწყვეტილებით საკითხის განხილვა სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი კომპანიების: შპს ”იმპერია”; შპს ”სპექტრი”; შპს ”რადიოცენტრი პლუსი”; ფონდი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; შპს ”ფოთი ტვ”; შპს ტელერადიო კომპანია ”თვალი”; სპს ”კვეტენაძე და კომპანია”; შპს ”ეკომი”; შპს სამაუწყებლო კომპანია ”მეცხრე ტალღა”; შპს ”ჩვენი რადიო”; შპს ტელეკომპანია ”დია”; შპს ტელეკომპანია ”ბორჯომი”; შპს ”სისტემა გამა”; შპს ტელეკომპანია ”TV5”; ტელერადიო კომპანია ”ახმეტა ტვ-1” სანქცირების თაობაზე, გადაიდო 2008 წლის პირველ აგვისტოსთვის იმ მოტივით, რომ მათ მიერ საფოსტო კავშირის მეშვეობით გამოგზავნილი იყო კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაცია.
კომისიის 2008 წლის 1 აგვისტოს სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა, რომლის შესაბამისადაც, ირკვევა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 61-ე მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიში და შესაბამისი ინფორმაცია კომისიაში სრულად წარმოადგინა:
1) ფონდი ”საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი”
2) სპს ”კვეტენაძე და კომპანია”
3) შპს ”ეკომი”
4) შპს ”ჩვენი რადიო”
5) შპს ტელეკომპანია ”დია”
6) შპს ტელეკომპანია ”ბორჯომი”
7) შპს ”სისტემა გამა”
არასრულად წარმოადგინა:
1) შპს ”ფოთი ტვ”
2) შპს სამაუწყებლო კომპანია ”მეცხრე ტალღა”
3) შპს ტელეკომპანია ”TV5”
საერთოდ არ წარმოადგინა:
1) შპს ”იმპერია”
2) შპს ”სპექტრი”
3) შპს ტელერადიო კომპანია ”ახმეტა ტვ-1”
4) შპს ტელერადიო კომპანია ”თვალი”
5) შპს ”რადიოცენტრ პლუსი”
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს ”რადიოცენტრ პლუსის” წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანიამ წერილი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მიიღო იმ იურიდიულ მისამართზე, რომელზეც კომპანია ფაქტობრივად არ იმყოფებოდა და აღნიშნული წერილის მოძიება დაგვიანდა, სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი კომისიაში, შესაბამისი ინფორმაცია და კომისიის მიერ ვადის განსაზღვრის შემთხვევაში შპს ”რადიოცენტრ პლუსი” მზად არის წარმოადგინოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად მიაჩნია შეწყდეს სანქცირების ადმინისტრაციული წარმოება იმ კომპანიების მიმართ, რომლებმაც სრულად წარმოადგინეს კომისიაში ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 61-ე მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიში და შესაბამისი ინფორმაცია, კერძოდ ეს კომპანიებია:
1) ფონდი ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი”
2) სპს ”კვეტენაძე და კომპანია”
3) შპს ”ეკომი”
4) შპს ”ჩვენი რადიო”
5) შპს ტელეკომპანია ”დია”
6) შპს ტელეკომპანია ”ბორჯომი”
7) შპს ”სისტემა გამა”
რაც შეეხება სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელ იმ კომპანიებს, რომლებმაც არასრულად წარმოადგინეს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია, მიზანშეწონილია მიეცეს ათ დღიანი ვადა, აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად, აღნიშნული კომპანიებია:
1) შპს ”ფოთი ტვ”
2) შპს სამაუწყებლო კომპანია ”მეცხრე ტალღა”
3) შპს ტელეკომპანია ”TV5”
გამომდინარე იქიდან, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 61-ე მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიში და შესაბამისი ინფორმაცია, კომპანიებმა:
1) შპს ”იმპერია”
2) შპს ”სპექტრი”
3) შპს ტელერადიო კომპანია ”ახმეტა ტვ-1”
4) შპს ტელერადიო კომპანია ”თვალი”
საერთოდ არ წარმოადგინეს, სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის დარღვევის გამო.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ გაზიარებულ იქნა შპს ”რადიოცენტრ პლუსის” მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება და კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, აღნიშნულ კომპანიას მიეცეს ათი დღის ვადა ინფორმაციის წარმოდგენისთვის.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, ამავე კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს სანქცირების ადმინისტრაციული წარმოება იმ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიმართ, რომლებმაც წარმოადგინეს კომისიაში ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 61-ე მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიში და შესაბამისი ინფორმაცია, აღნიშნული კომპანიებია: სპს ”კვეტენაძე და კომპანია”; ფონდი ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი”; შპს ”ეკომი”; შპს ”ჩვენი რადიო”; შპს ტელეკომპანია ”დია”; შპს ტელეკომპანია ”ბორჯომი”; შპს ”სისტემა გამა”;
2. მიეცეს ათი დღის ვადა შპს ”ფოთი ტვ-ს”; შპს სამაუწყებლო კომპანია ”მეცხრე ტალღას”; შპს ტელეკომპანია ”TV5”; შპს ”რადიოცენტრ პლუსს” ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 61-ე მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშის და შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარმოსადგენად;
3. მიეცეს გაფრთხილება შპს ”იმპერიას”; შპს ”სპექტრს”; შპს ტელერადიო კომპანია ”ახმეტა ტვ1-ს”; შპს ტელერადიო კომპანია ”თვალს” ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის და ამავე კანონის 61-ე მუხლის დარღვევის გამო;
4. უზრუნველყონ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნულმა კომპანიებმა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით და ამავე კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა ათი დღის ვადაში;
5. ეცნობოთ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნულ ლიცენზიის მფლობელებს, რომ მათ მიერ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების დღიდან.
კომისიის წევრები: ს. ბრიტანჩუკი
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
კ. კვიტაიშვილი
