ერთი მხრივ, შპს ”მაგთიკომსა” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, სს ”ეგრისს” და შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2008
მიღების თარიღი აგვისტო 01, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 7 ივლისს კომისიას მიმართა (№130-3) შპს ”მაგთიკომმა” დავის განხილვის მოთხოვნით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, სს ”ეგრისის”, სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის სააგენტოს” და შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ის წინააღმდეგ.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში (ინფორმაციის გამჭვირვალეობის ვალდებულება), შპს ”მაგთიკომის” მიერ მოხდა მოწვევის ოფერტის და შესაბამისად ურთიერთჩართვის ტარიფის გამოქვეყნება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ”მაგთიკომის” ურთიერთჩართვის ტარიფი დადგინდა 2008 წლის 15 მაისიდან. წარმოდგენილი განცხადებით, შპს ”მაგთიკომის” ამგვარი მოქმედება ეყრდნობა კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8, მე-12 და მე-15 პუნქტებს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მას, როგორც კონკრეტული ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, 2008 წლის 15 მაისამდე ჰქონდა მინიჭებული უფლებამოსილება დაედგინა ურთიერთჩართვის ტარიფი, შესაბამისად უსაფუძვლოა მოდავე კომპანიების მოთხოვნა 2008 წლის 15 მაისამდე ახალი ტარიფით ანგარიშსწორების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, სს ”ეგრისი”, სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის სააგენტო” და შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” არ დაეთანხმნენ შემცირებული ტარიფით ანგარიშსწორებას 2008 წლის 15 მაისიდან და მოითხოვეს ანგარიშსწორება 2008 წლის 5 მაისიდან ნაცვლად 18.8 თეთრისა, 14.8 თეთრით, ერთ წუთში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომი” მოითხოვს კომისიის მიერ მოხდეს მასსა და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, სს ”ეგრისს”, სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის სააგენტოს” და შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” შორის ურთიერთჩართვის სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავის დარეგულირება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 11 ივლისის №03/1468-08 წერილით შპს ”მაგთიკომის” განცხადება გადაეგზავნათ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, სს ”ეგრისს”, სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის სააგენტოს” და შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს-ს”, რომლითაც აღნიშნულ ავტორიზებულ პირებს ეცნობათ მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღი და დრო, ასევე განესაზღვრათ ვადა მათი მოსაზრებების წერილობითი ფორმით წარმოსადგენად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 21 ივლისს (რეგისტრაციის №6/1667-08) სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის სააგენტო”-ს მიერ წერილზე დანართის სახით წარმოდგენილი იქნა შპს ”მაგთიკომსა” და სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის სააგენტო”-ს შორის ხელშეკრულების ასლი, რომელიც გაფორმებულია 2008 წლის 15 მაისს და არეგულირებს შპს ”მაგთიკომის” მიერ სადაოდ ქცეულ სამართლებრივ ურთიერთობას. სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის სააგენტო” მოითხოვს, რომ შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების გამო. წარმოდგენილ მოსაზრებას მხარს უჭერს შპს ”მაგთიკომის” წარმომადგენელიც (ე. ასანიძე).
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 21 ივლისს, წარმოდგენილია სს ”ეგრისის” (კომისიაში რეგისტრაციის №6/1674-08) და შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს (კომისიაში რეგისტრაციის №6/1673-08) წერილობითი მოსაზრებები, რომელშიც წარმოდგენილია იდენტური პოზიცია შპს ”მაგთიკომის” მოთხოვნასთან დაკავშირებით. კერძოდ, მხარეთა მოსაზრებით, რადგან კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით დადგენილი ზღვრული ტარიფი ძალაში შევიდა 05 მაისიდან, შესაბამისად შპს ”მაგთიკომი” ვალდებული იყო ანგარიშსწორება საბითუმო ბაზარზე მოეხდინა ახალი ზღვრული ტარიფის შესაბამისი ტარიფით.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” არ დაეთანხმა შპს ”მაგთიკომის” მოთხოვნას და აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით ზღვრული კომისიის მიერ დადგინდა მომსახურების ტარიფი და აღნიშნული ტარიფი ძალაში იყო 2008 წლის 5 მაისიდან.
კომისიამ, შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განცხადებაში დასმული მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება და საჭიროდ მიიჩნია მისი განხილვა და არსებითი გადაწყვეტა.
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა 2008 წლის 25 ივლისს და კომისიის მიერ №436/16 გადაწყვეტილებით დავის გახილვის დღედ განისაზღვრა 2008 წლის 1 აგვისტო.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომისა” და სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის სააგენტოს” შორის” ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №436/16 გადაწყვეტილების საფუძველზე დამტკიცდა შპს მაგთიკომის” და სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის სააგენტო”-ს შორის მორიგება 2008 წლის 15 მაისის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე და შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მაგთიკომის” 2008 წლის 7 ივლისს №130-3 მომართვის საფუძველზე ამ ნაწილში;
კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და სხვა მოდავე მხარეთა შეპასუხებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნევს, რომ შპს ”მაგთიკომის” მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. სადაოს არ წარმოადგენს ის გარემეობა, რომ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით შპს ”მაგთიკომისთვის” დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში, განმცხადებელი კომპანიის მიერ მოხდა მოწვევის ოფერტის გამოქვეყნება, რომელშიც წარმოდგენილი იყო დადგენილი ზღვრული ტარიფების შესაბამისი ურთიერთჩართვის ტარიფი.
2. სადაოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართვლოს კანონის მე-2 მუხლის ”ხ” პუნქტის შესაბამისად ზღვრული ტარიფი ეს არის – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ტარიფის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი ზედა ზღვარი. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ კომისია არ არის უფლებამოსილი, დაადგინოს კონკრეტული მომსახურების რაიმე ტარიფი. კანონის შესაბამისად, კომისია ადგენს მხოლოდ ზედა ზღვრულ ტარიფს, რომელთან შესაბამისობაში დგინდება მომსახურების კონკრეტული ტარიფები, რაც განხორციელდა კიდეც შპს ”მაგთიკომის” მიერ.
3. კომისიას მიაჩნია, რომ მართალია კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2008 წლის 05 მაისს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 5 მაისიდან ძალაშია ცალკეული ოპერატორების მიერ დადგენილი და საკუთარი მოწვევის ოფერტებში გამქვეყნებული ტარიფებიც. 2008 წლის 5 მაისს ძალაში შესულ ზედა ზღვრულ ტარიფთან შესაბამისობაში მოსაყვანად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, მიეცათ 10 დღიანი ვადა, მათი მოწვევის ოფერტების გამოსაქვეყნებლად, სადაც უნდა ასახულიყო კომისიის მიერ დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფთან შესაბამისობაში მოყვანილი ოპერატორის ტარიფი. შესაბამისად, კომისიის მიერ 5 მაისს ძალაში შესული ვალდებულება, შესაბამისი ავტორიზებული პირების მიერ უნდა შესრულებულიყო 5-დან - 15 მაისამდე პერიოდში. მათი ტარიფები ძალაში შევიდოდა სწორედ მათ მიერ მოწვევის ოფერტის გამოქვეყნებიდან, რაც შპს ”მაგთიკომის” მიერ, ისევე როგორც სხვა ავტორიზებული პირების მიერ, განხორციელდა 2008 წლის 15 მაისს.
კომისია ასევე აღნიშანვს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველყოფად. ამ კანონის შესაბამისი მუხლების საფუძველზე კომისია ახორციელებს ე.წ. ”კონკურენცის წინასწარ რეგულირებას”, რაც ერთგვარად ძირითადი სამოქმედო პრინციპია (წესია) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირების საქმიანობისას, კომისიის მიერ კონკურენციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების გატარებისას. აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, კომისია, კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, წინასწარ (ანუ არაკონკურენტული ქმედების ჩადენამდე) განსაზღვრავს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს და კონკრეტულად თითოეულ მათგანს აკისრებს კანონით განსაზღვრულ სპეციფიკურ ვალდებულებებს, კონკრეტული პირობებით (”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, ”ჰ2” პუნქტი.) ამასთან, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, კომისიის მიერ კონკურენციის უზრუნველყოფის უფლებამისილებების ფარგლებში კომისია უფლებამოსილია დააკისროს ან აუკრძალოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს გარკვეული მოქმედების შესრულება. ანუ, კომისია, ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით და კანონით განსაზღვრული პირველადი და მეორეული კრიტერიუმების საფუძველებზე უკრძალავს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს არაკონკურენტული მოქმედების შესრულებას ან აკისრებს მას კანონით განსაზღვრული კონკურენციის უზრუნველმყოფი მოქმედების განხორციელებას. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირისათვის კონკურენციის უზრუნველმყოფი მოქმედების განხორციელებაზე (ან კონკურენციის უზრუნველყოფისათვის რაიმე მოქმედების არ განხორციელებაზე) ორიენტირებული ვალდებულების დაკისრება კანონით განსაზღვრული კონკურენციის წინაწარი რეგულირების ძირეული პრინციპია. კომისიის მიერ ზღვრული ტარიფის დადგენის ვალდებულების შინაარსი განსაზღვრულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების ფარგლებში, კომისია უფლებამოსილია ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრულ კონკრეტული ავტორიზებული პირისათვის დაადგინოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების ზღვრული ტარიფები. ზღვრული ტარიფი თავისი ბუნებით არ წარმოადგენს ოპერატორის მომსახურების ტარიფს. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ხ)” პუნქტის შესაბამისად, ”ზღვრული ტარიფი” - კომისიის მიერ, კონკურენციის წინასწარი რეგულირებისათვის მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კონკრეტული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების (ან/და ურთიერთჩრთვის) მომსახურების ტარიფის ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ზედა ზღვარია.
კომისია ასევე დამატებით აღნიშანვს, რომ ზღვრული ტარიფის დადგენით კომისია არ ადგენს კონკრეტული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის მომსახურების ტარიფს. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ”ბ)” ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკრეტული მომსახურების ტარიფის დადგენა ავტორიზებული პირის უფლებამოსილებაა და ამ უფლებამოსილების განხორციელება გულისხმობს პირის მიერ ტარიფის დადგენის მოქმედების შერულებას. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალუფლების მქონე პირისათვის სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების დაკისრებისა და ზღვრული ტარიფის დადგენისას, კომისია განსაზღვრავს კონკრეტული ოპერატორის მიერ იმგვარი ტარიფების დადგენის მოქმედების (მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენის თარიღიდან) შესრულებას, რომელთა ოდენობაც არ აღემატება გადაწყვეტილებით დადგენილ ზედა ზღვარს. ამასთან მომსახურების დადგენილი ტარიფი ასახული უნდა იქნეს არადისკრიმინაციულად და ერთგვარივნად ყველა მოქმედ თუ მსურველ პირებთან სავარაუდოდ გასაფორმებელ ხელშეკრულებებში, ვინაიდან ოპერატორის მიერ მხოლოდ გაფორმებულ ხელშეკრულებებში ასახული ტარიფები ქმნიან ფინანსურ ვალდებულებს სხვა ოპერატორებთან კომერციულ ურთიერთობებში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისია აღნიშანვს, რომ:
1. 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით კომისიის მიერ რიგი ოპერატორებისა ცნობილ იქნენ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტზე. აღნიშნული სტატუსი მათ მიენიჭათ ამ გადაწყვეტილების მე-15 პუნქტის შესაბამისად, 2008 წლის 5 მაისიდან.
2. ზემოაღნიშნული სტატუსის მინიჭების თარიღიდან კონკრეტული ოპერატორი ვალდებულია, კონკურენციის წინასწარი რეგულირების ზემოაღნიშნული პრინციპის შესაბამისად, განახორციელოს ურთიერთჩართვის არდისკრიმინაციული და გამჭვირვალე ტარიფების დადგენის კანონმდებლობით განსაზღვრული მოქმედება და 2008 წლის 15 მაისამდე მოწვევის ოფერტით საჯაროდ გამოაქვეყნოს მომსახურების ტარიფები, რომელთა ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 189/9 გადაწყვეტილებით დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფს.
3. შესაბამისად, კონკრეტული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფი ძალაში შედის ამ 10 დღიან პერიოდში მოწვევის ოფერტის გამოქვეყნების თარიღიდან და არაუგვიანეს 15 მაისისა.
4. გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში მოწვევის ოფერტის (ტარიფის ოდენობის მითითებით) გამოუქვეყნებლობა (ან საერთოდ არ გამოქვეყნება) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ გადაწყვეტილების შეუსრულებლობაა და საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად კვალიფიცირდება. ასევე, 5 მაისის შემდგომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ ცნობილი პირი, ვერ განახორციელებს იმგვარი ტარიფების დადგენის მოქმედებას, რომლებიც არ აკმაყოფილებენ 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყეტილების მოთხოვნებს (ანუ აჭარბებენ დადგენილი ზღვრულ ოდენობას) და ამგვარად დადგენილი ტარიფები ითვლება ბათილად.
5. მოწვევის ოფერტის გამოქვეყნებამდე, მოქმედებს მანამდე დადგენილი ტარიფები ვინაიდან ეს ტარიფები ავტორიზებული პირების მიერ დადგენილ იქნა იმ სტატუსის პირობებში, როდესაც ისინი არ იყვნენ ცნობილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ და არ ეკისრებოდათ სატარიფო რეგულირების სპეციფიკური ვალდებულება.
აღნიშნული გარემოებების გათვალსიწინებით, კომისია იზიარებს შპს ”მაგთიკომის” მოსაზრებას, რომ მობილურ ქსელში ზარის წამოწყება-დასრულების ურთიერთჩართვის ტარიფი დაადგინდა 2008 წლის 15 მაისიდან (ეს გარემეობა დასტურდება შპს ”მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილი მოწვევის ოფერტით) კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8, მე-12 და მე-15 პუნქტების მოთხოვნათა სრული დაცვით, რადგან შპს ”მაგთიკომს”, როგორც კონკრეტული ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, 2008 წლის 5 მაისიდან 15 მაისამდე, ანუ ზღვრული ტარიფის განსაზღვრიდან 10 დღის ვადაში უნდა დაედგინა მის ქსელში ზარის დასრულების ურთიერთჩართვის ტარიფი.
შესაბამისად, კომისია ვერ გაიზიარებს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, სს ”ეგრისის” და შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს პოზიციას მათი უსაფუძვლობის, ასევე კომისიის გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობის გამო, რადგან მხარეთა მოსაზრებით კომისიის მიერ 2008 წლის 05 მაისიდან დადგინდა მომსახურების ტარიფი, რაც კომისიის მოსაზრებით, არასწორია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-19, 37-ე 41-ე და 42-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფლდეს შპს ”მაგთიკომის” მოთხოვნა და დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, სს ”ეგრისს” და შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს, შპს ”მაგთიკომთან” მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურებაზე, 2008 წლის 5 მაისიდან 2008 წლის 15 მაისამდე პერიოდში, კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების შესაბამისად დადგენილი ზღვრული ტარიფის შესაბამისი ტარიფის გამოქვეყნებამდე და ამოქმედებამდე მოქმედი ტარიფით ანგარიშსწორება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის გაგზავნა;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (WWW.GNCC.GE ) გამოქვეყნების დღიდან.
წევრები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
ს. ბრიტანჩუკი
გადაწყვეტილების გამოქვეყნების თარიღი - 09 აგვისტო, 2008 წელი
