საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 27 ივნისის №375/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2008
მიღების თარიღი აგვისტო 08, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” (შემდგომში ”გაერთიანებული ტელეკომი”) განცხადება (2008 წლის 18 ივნისის №8-14/725), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”კავკასუს ონლაინი”, იყენებს ბოროტად მის საბაზრო ძალაუფლებას და ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურებისთვის ადგენს ტარიფებს, რომელიც არ არის ხარჯებზე ორიენტირებული და უკანონოდ ზღუდავს კონკურენციას ბაზრის მოცემულ სეგმენტზე.
ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის თაობაზე წარმოდგენილი განცხადების საფუძვლად მითითებულია კომისიის 2008 წლის 30 მაისი №294/16 გადაწყვეტილება და ”კავკასუს ონლინის” მიერ მის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ორ მეგაბიტ/წამიანი პორტის ღირებულების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი იყო განცხადება საბითუმო ბაზარზე მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის - შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ დადგენილი ტარიფებით კონკურენციის შეზღუდვის შესახებ, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტის კვლევის და ანალიზის დაწყება, რის თაობაზეც მიღებულ იქნა კომისიის 2008 წლის 27 ივნისის №375/23 გადაწყვეტილება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენა დანიშნული იყო 2008 წლის 25 ივლისს 12:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ უნდა ყოფილიყო, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
კომისია აღნიშნავს, რომ ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ავტორიზებულ პირებს, დაევალათ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, ინტერნეტის ქსელითან დაშვების მომსახურების 2006-2007 წლის განაწილებული დანახარჯების და ეკონომიკური მონაცემების კომისიისთვის წარმოდგენა ზეპირი მოსმენის სხდომის დღემდე. შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტში (გ. ბუთბაია) გამართული შეხვედრების შედეგად, დაზუსტდა მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი. კომისიაში ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2008 წლის 25 ივლისს, კომისიის სხდომაზე, ხოლო სხვა ავტორიზებული პირების მიერ ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსმა (გ. ბუთბაია), შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის, ასევე სხვა ავტორიზებული პირებისაგან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, იშუამდგომლა კომისიის წინაშე ზეპირი მოსმენის სხდომის ორი კვირით გადადების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №415/22 გადაწყვეტილებით ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2008 წლის 08 აგვისტოს.
კომისია აღნიშანვს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოცხადებულან დაინტერესებული პირები.
კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსმა (გ. ბუთბაია), შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დამატებითი შესწავლის, ასევე სხვა ავტორიზებული პირებისაგან ინფორმაციის განმეორებით გამოთხოვის მიზნით, აღნიშნა, რომ მიზანშეწონილია ზეპირი მოსმენის სხდომის გადადება 2008 წლის 05 სექტემბრამდე.
კომისია აღნიშანვს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საჭიროებს შესაბამის დამუშავებას, აგრეთვე კვლევისა და ანალიზისათვის აუცილებელია დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა ავტორიზებული პირების მიერ. შესაბამისად მიზანშეწონილია შევიდეს ცვლილება კომისიის 2008 წლის 27 ივნისის №375/23 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2008 წლის 05 სექტემბერი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 27 ივნისის №375/23 გადაწყვეტილებაში და მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”4. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2008 წლის 05 სექტემბერს 12:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში”;
2. გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის თაობაზე ზეპირი მოსმენის ახალი თარიღის განსაზღვრის შესახებ;
3. დაევალოთ ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებს დაზუსტებული მონაცემების 2008 წლის 05 სექტემბრამდე წარმოდგენა.
4. გადაწყვეტილების ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).
6. გადაწყვეტილება ძალაშია მისი კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნების მომდევნო სამუშაო დღიდან.
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
