წვდომის მენიუ

ღია სააქციო საზოგადოება “მეგაფონი”-ს მიერ წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

ნომერი: 468 / 12

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 25, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 10 ივლისს კომისიას განცხადებით (№8/55-08)  მიმართა ღია სააქციო საზოგადოება “მეგაფონი”-მა,  ”ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ” კომისიის 2008 წლის 11 ივნისის №320/18 გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. ზემოაღნიშნულ განცხადებაში, კომპანია ითხოვდა, წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას.

კომისიის მიერ 2008 წლის 25 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №420/22 ”ღია სააქციო საზოგადოება “მეგაფონი”-ს მიერ წარმოდგენილი განცხადების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე”, რომლის შესაბამისადაც, ღია სააქციო საზოგადოება “მეგაფონი”-ს მიერ წარმოდგენილი განცხადება  (30.06.2008 №5 СЕО-ИСХ-00771/08)  ცნობილ იქნა კომერციულ საიდუმლოებად. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ ღია სააქციო საზოგადოება “მეგაფონი”-ს მიერ წარმოდგენილი განცხადების (30.06.2008 №5 СЕО-ИСХ-00771/08) განხილვა გაიმართება 2008 წლის 8 აგვისტოს, კომისიის დახურულ სხდომაზე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შესახებ ეცნობა ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონს” და მოწვეულ იქნა საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად რუსულ ენაზე თარგმნილი თანმხლები წერილით №03/1713-08, რითაც კომისიის მიერ დაცულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც, ”განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს განმცხადებელს განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა, თუ უარი ეფუძნება ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ;  ინფორმაცია, რომელსაც ეფუძნება უარი, განსხვავდება განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციისაგან.

კომისია აღნიშნავს, რომ  ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი” განცხადებაში ითხოვს ”ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ” კომისიის 2008 წლის 11 ივნისის №320/18 გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ კომაპნია №57759 ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებს მობილურ საკომუნიკაციო მომსახურებას რუსეთის ფედერაციის შემდეგ სუბიექტებში: რესპუბლიკა კარელია, არხანგელსკის, ვოლოგოდსკის, კალინინგრადის, ლენინგრადის, მურმანსკის, ნოვგოროდის და ფსკოვის ოლქებში. გამომდინარე იქიდან, რომ ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი” არ ახორციელებს მომსახურებას ქ.ცხინვალში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას ვერ ექნებოდა ადგილი. ამავე დროს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ, კომისიისგან გაგზავნილი შეტყობინება, საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად,  მიღებულ იქნა 09.06.2008 წელს დღის მეორე ნახევარში, რის გამოც კომპანიის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მონაწილეობა ”ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ” კომისიის 2008 წლის 11 ივნისის №320/18 გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2008 წლის 8 აგვისტოს კომისიის დახურულ სხდომაზე,  რომელსაც ესწრებოდა ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონის” წარმომადგენელი ქალბატონი ნონა ყაველაშვილი, (მოქმედი  ქ. მოსკოვში 2008 წლის 5 აგვისტოს გაცემული მინდობილობით. რეესტრში რეგისტრაციის №4-7066), რომელმაც კომისიის სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების შესახებ, იმ მოტივით, რომ წარმომადგენელი არ იცნობდა საქმის მასალებს. კომისიამ, იმსჯელა რა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლებლად მიიჩნია და დააკმაყოფილა ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონის” წარმომადგენლის შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”-ს წარმომადგენელს გადაეცა ყველა ის მტკიცებულება, რაც საფუძვლად დაედო კომისიის 2008 წლის 11 ივნისის №320/18 გადაწყვეტილების მიღებას.

კომისია აღნიშნავს, რომ ღია სააქციო საზოგადოება “მეგაფონი”-ს განცხადების (30.06.2008 №5 СЕО-ИСХ-00771/08) განხილვა გაიმართა კომისიის 2008 წლის 13 აგვისტოს დახურულ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა  ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონის” წარმომადგენელი ქალბატონი ნონა ყაველაშვილი, რომელმაც კომისიის სხდომაზე წარმოადგინა ახსნა - განმარტება და აღნიშნა, რომ ღსს ”მეგაფონი” №57-759 ლიცენზიის საფუძველზე მომსახურებას ეწევა რუსეთის ფედერაციის შემდეგ სუბიექტებში - რესპუბლიკა კარელია, არხანგელსკის, ვოლოგდის, კალინინგრადის, ლენინგრადის, მურმანსკის, ნოვგოროდის და ფსკოვის ოლქები. ამას გარდა, ”მეგაფონი” ფლობს ლიცენზიას მომსახურების გაწევაზე რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ ამჟამად მომსახურების გაწევა ხორცილედება მხოლოდ ზემოთმითითებულ რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში. წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ღსს ”მეგაფონის” გენერალური დირექტორის განცხადებით, ”მეგაფონის” სავაჭრო ნიშნით, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებს კიდევ 7 იურიდიული პირი. ეს კომპანიები, სათანადო ლიცენზიების საფუძველზე მომსახურებას ეწევიან რუსეთის მთელ ტერიტორიაზე. ეს კომპანიებია - ”მობიკომ-ცენტრი”, ”მობიკომ-კავკაზი”,  ”ურალსკი ჯი-ეს-ემი”, ”მობიკომ-ხაბაროვსკი” და ა.შ. ამ ეტაპზე, განმცხადებლის აზრით, აღსანიშნავია ”მობიკომ-კავკაზი”. კერძოდ კომისიაში ღსს ”მეგაფონი”-ს წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ იქნა ”მობიკომ-კავკაზის” გენერალური დირექტორის მოადგილის ხარჩენკოს წერილი, მიწერილი ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”-ს გენერალური დირექტორის მიმართ, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული სიმ-ბარათი № 9284932003, დარეგისტრირებულია ფიზიკურ პირზე და შეძენილია ჩრდილოეთ ოსეთის - ალანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. წერილში ასევე მითითებულია, რომ ჩრდილოეთ ოსეთის  - ალანიის რესპუბლიკის ტერიტორია წარმოადგენს ”მობიკომ კავკაზის” სალიცენზიო ტერიტორიას, შესაბამისად ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, რომც მომხდარიყო GSM ოპერატორის მუშაობის დაფიქსირება, ეს ოპერატორი იქნებოდა ”მობიკომ-კავკაზი” და არა ”მეგაფონი”. საქმეში წარმოდგენილია კომპანია ”ჯეოსელის” წერილიც, სადაც მითითებულია, რომ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას ახორციელებდა ”მეგაფონი -  ჩრდილოეთ კავკასია” და არა თავად ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი” მიიჩნევს, რომ, ღსს ”მეგაფონი” არ შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებელ პირს და შესაბმისად წარმომადგენელი მოითხოვს კომისიის 2008 წლის 11 ივლისის №320/18 გადაწყვეტილების გაუქმებას,  მისი უკანონობისა და უსაფუძვლობის გამო.

კომისიის 2008 წლის 13 აგვისტოს სხდომაზე, ღსს ”მეგაფონი”-ს წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მოსმენის შემდგომ, მას კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის კ.ყურაშვილის მიერ დაესვა შემდეგი კითხვები:

1.         გაეცანით თუ არა საქმის მასალებს?

            პასუხი: დიახ;

2.         მზად ხართ კომპეტენტური და ამომწურავი უარმყოფელი განმარტებები გაუკეთოთ კომისიას, ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც საფუძვლად დაედო საქმეს?

            პასუხი: დიახ;

3.         აქვს თუ არა ღსს ”მეგაფონს” ან მის მიერ 100% დაფუძნებულ დახურულ სააქციო საზოგადოება ”მობიკომ - კავკაზს” საქართველოს ტერიტორიაზე  მოპოვებული ლიცენზია ან მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსი?

პასუხი: არა;

4.         აქვს თუ არა ღსს ”მეგაფონს” რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განხორციელებაზე ლიცენზია?

            პასუხი: დიახ;

5.         არის თუ არა ”მობიკომ-კავკაზი” დაფუძნებული ღსს ”მეგაფონი”-ს მიერ?

            პასუხი: დიახ;

6.         თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ”მობიკომ-კავკაზი” ახორციელებს საქმიანობას; ხომ არ გსურთ ღსს ”მეგაფონი”-ს მხარეს იმის თქმა, რომ ქ.ცხინვალში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიოსიხშირეებს იყენებდა არა ღსს ”მეგაფონი”, არამედ დსს ”მობიკომ-კავკაზი” და სწორედ მის მიმართ უნდა ყოფილიყო გამოყენებული სანქცია?

            პასუხი: არა, ქ.ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არც ”მობიკომ კავკაზი” იყენებდა სიხშირეებს.

7.         სიმ-ბარათის 2007 წელს ქ.ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის-ალანიის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეზე გაყიდვის ფაქტს რით დაადასტურებთ? იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სიმ-ბარათი, თავისი პაკეტით, რომელიც საქმეს ერთვის, უშუალოდ იქნა შეძენილი კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ბატონ მიხეილ გოთოშიას მიერ ქ.ცხინვალში.

            პასუხი: სხვა რაიმე დამატებით ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე არ ვფლობ, გარდა იმისა, რაც წერია წერილში, რომელიც წარედგინა კომისიას;

8. რას იტყვით და რით უარყოფთ იმ მოწმეთა ახსნა-განმარტებებს, რომლებიც თან ერთვის საქმეს და რომელშიც მოქალაქეები მიუთითებენ, რომ ცხინვალის ტერიტორიაზე სარგებლობენ ღსს ”მეგაფონი”-ს მომსახურებით?

            პასუხი: ვერაფერს გეტყვით;

9. აქვს თუ არა ღსს ”მეგაფონს” და დსს ”მობიკომ-კავკაზს” ერთიანი ქსელი, თუ მათი ქსელები არსებობს ცალ-ცალკე, როგორც მაგალითად ”მეგაფონი”-ს და ”ბილაინი”-ს, მეორე რუსული მობილური კომპანიის?

            პასუხი: რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არ არის ერთიანი ქსელი, ანუ ქსელი, რომელიც მთლიანად ფარავს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას, თუმცა რაიმე მტკიცებულება ამის დასადასტურებლად არ გამაჩნია, რამდენადაც ვიცი ჩრდილოეთ კავკასიაში ”მეგაფონი” არ საქმიანობს.

10. მაშინ როგორ ახსნით, რომ ღსს ”მეგაფონი”-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე - www.megafonkavkaz.ru.about/main  პირდაპირ აღნიშნულია, რომ ”მეგაფონი”-ს ქსელი ჩრდილოეთ კავკასიაში ექსპლუატაციაში შევიდა 2001 წლის 17 აგვისტოს. დღეისთვის დაფარვის ზონაში შედის ჩრდილოეთ კავკასიის 10 რეგიონი. თითოეულ რეგიონში დაფარულია მსხვილი დასახლებული პუნქტები, ძირითადი მაგისტრალები, საკურორტო ზონები და დასასვენებელი ადგილები. ჩრდილოეთ კავკასიაში, ”მეგაფონი”-ს ქსელში გადაადგილება ხორციელდება როუმინგის გარეშე.”

პასუხი: ვერაფერს გეტყვით;

კომისიის სხდომაზე განხორციელდა იმ ვიდეო მასალების გამოქვეყნება, რომელიც თან ერთვოდა კომისიის აპარატის დასკვნას. აღნიშნული მასალების გამოქვეყნების შემდეგ, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მიერ ღსს ”მეგაფონი”-ს წარმომადგენლის მიმართ დასმული იქნა შემდეგი კითხვები:

11. როგორ ახსნით იმ გარემოებას, რომ ქ.ცხინვალში ღსს ”მეგაფონი”-ს სიმბარათის მობილური ტელეფონის აპარატში ჩადების შემდეგ, აპარატზე იწერება: ”მოგესალმებით რუსეთის ქსელ მეგაფონში, ისიამოვნეთ აქ ყოფნით, ინფორმაცია რომ მიიღოთ დარეკეთ - 0508-ზე.”

            პასუხი: ვერაფერს გეტყვით

12. ”მეგაფონი”-ს აბონენტს შეუძლია თუ არა ისარგებლოს საკუთარი კომპანიის მომსახურებით ქ.ვლადიკავკაზში და თუ შეუძლია, როგორ ხდება ზარის წამოწყება და დასრულება, დსს ”მობიკომ კავკაზის” მეშვეობით?

            პასუხი: ამის შესახებ არ ვფლობ ინფორმაციას;

13. რას იტყვით იმ სპექტროგრამაზე, სადაც დატანილია ღსს ”მეგაფონი”-ს საქართველოს რადიოსიხშირულ სივრცეში განვრცობის გეოგრაფიული საზღვრები, როგორ ახსნით ამას? ხომ არ გაქვთ მათი უარმყოფელი რაიმე სპექტროგრამა წარმოდგენილი რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სამსახურებიდან?

            პასუხი: არა;

14. თქვენ ითხოვთ გადაწყვეტილების გაუქმებას იმის გამო, რომ კომისიამ არასათანადოდ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები ან/და არსებითად დაარღვია ადმინისტრაიული აქტის გამოცემის კანონით დადგენილი წესი, თუ იმის გამო, რომ აქტი გამოცემულია არასათანადო პირის მიმართ?

            პასუხი: იმის გამო, რომ გამოცემულია არასათანადო პირის მიმართ;

15. თქვენი აზრით, ვინ არის ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი სუბიექტი, მაშინ, როცა საქმეზე წარმოდგენილია:

ა) ვიდეო მასალები მტკიცებულებების სახით, რაც ადასტურებს, რომ მომსახურებას ქ.ცხინვალში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს ღსს”მეგაფონი”;

            ბ) სპექტროგრამა, სადაც დატანილია ღსს ”მეგაფონი”-ს საქართველოს რადიოსიხშირულ სივრცეში განვრცობის გეოგრაფიული საზღვრები,;

            გ) მოწმეთა ახსნა-განმართებები, სადაც აღნიშნულია, რომ ქ.ცხინვალში სარგებლობენ ”მეგაფონი”-ს მომსახურებით;

პასუხი: ვერ გეტყვით.

კომისია, სხდომაზე მოსმენილი ახსნა - განმარტებებისა და აგრეთვე საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებების გაცნობის შემდეგ, აღნიშნავს, რომ  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

”ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ” კომისიის 2008 წლის 11 ივნისის №320/18 გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს, მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონდა ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში კომისიის მიერ საკითხზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ამასთან, აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი  გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კერძოდ, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მტკიცებულება, რასაც ადასტურებს, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000053, შედგენილი ქ.ცხინვალში 2008 წლის 5 ივნისს, ასევე კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათი და ცხინვალისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარებული სხვადასხვა ექსპერიმენტების ფოტო-ვიდეო მასალები და რადიოსიხშირეების გასხივების დიაგრამები, რომლებიც თან ერთვოდა  წარმოდგენილ დასკვნას. მხარის მიერ ვერ მოხერხდა გაქარწყლება იმ მტკიცებულებებისა, რაც საფუძვლად დაედო კომისიის 2008 წლის 11 ივნისის №320/18  გადაწყვეტილების მიღებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლები და შესაბამისად, ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”-ს განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-100 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. არ დაკმაყოფილდეს ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”-ს განცხადება  (30.06.2008 №5 СЕО-ИСХ-00771/08) ”ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ” კომისიის 2008 წლის 11 ივნისის №320/18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”-სთვის გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრები                                                                

ზ. ნონიკაშვილი

გ. ფრუიძე

კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები