ელექტრონულ საკომუნიკაცელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების განსაზღვრისა და 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 და 2007 წლის 17 აპრილის №191/9 წლის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების პირობების დაკონკრეტების შესახებ

ნომერი: 475 / 9

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 02, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 15, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსული იყო შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელის” და შპს ”ახალი ქსელების”  ერთობლივი განცხადება (შემოსული №6/879-08 1.05.2008), რომელშიც განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სს ”საქართველოს  გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანია” ბოროტად იყენებს მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას, რაც საკანალიზაციო არხებში კაბელების გატარების მომსახურებისთვის მაღალი ტარიფის დაწესებაში გამოიხატება, რის შედეგადაც იზღუდება კონკურენცია. განმცხადებლები კომისიისგან ითხოვდნენ  საკანალიზაციო არხებში  კაბელების გატარების ტარიფის საკითხის განხილვას და ზედა ზღვრული ტარიფების დაწესებას.

კომისია აღნიშნავს, რომ  2008 წლის  30 მაისის N 296/23  გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რადგან კომისიამ მიიჩნია, რომ ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე ჩამოყალიბებული მდგომარეობა არაკონკურენტუნარიანი იყო და   საჭიროებდა კვლევისა და ანალიზის ჩატარებას, ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირის - სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დადგენილი ტარიფების დანახარჯებზე ორიენტირებულობის შესწავლის მიზნით და შესაბამისად, სატარიფო რეგულირების განხორციელების მიზნით. აღნიშნულის შესახებ მითითებულია ასევე კომისიის 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტშიც.

 კომისიამ, წარმოების დაწყების გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები:

ა) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”  აღიარებულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილებით, ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე.

ბ) სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”  დაკისრებული აქვს ინფორმაციის გამჭვირვალობის, დისკრიმინაციის აკრძალვის, ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებები და ეს უკანასკნელი ვალდებულება მოიცავს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით დაშვების ვალდებულებასაც, თუმცა კომისიის მიერ წინა ეტაპზე არ ყოფილა დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფი.

გ) ბაზრის ამ სეგმენტზე არსებული  მდგომარეობა აუცილებელს ხდის კომისიის მიერ მოხდეს ზედა ზღვრული ტარიფის დადგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაევალა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, საკანალიზაციო არხებთან დაშვების მომსახურების 2006-2007 წლის განაწილებული დანახარჯების და ეკონომიკური მონაცემების კომისიისთვის წარმოდგენა  საჯარო მოსმენის სხდომის დღემდე. 2008 წლის 24 ივნისს, კომისიაში შემოვიდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/1325-08), რომელშიც მხარე, საკითხის სირთულის და წარმოსადგენი ინფორმაციის მოცულობის გამო, მოითხოვდა ზეპირი მოსმენის დღის გადადებას ორი კვირით. 

კომისიის 2008 წლის 27 ივნისის №357/22 გადაწყვეტილებით  შევიდა ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2008 წლის 30 მაისს №296/23  გადაწყვეტილებიის სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში და ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2008 წლის 11 ივლისს 12:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვრა ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან მეათე სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილებით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” დადგენილია, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი საკომუნიკაციო კანალიზაციაში დაშვებისა და კაბელის გატარების მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე: ქ. თბილისის; ქ. ქუთაისის; ქ. რუსთავის; ქ. ზუგდიდის; ქ. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონებში და დანარჩენ საქართველოს ტერიტორიაზე (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა). აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაკისრებული აქვს ინფორმაციის გამჭვირვალობის, დისკრიმინაციის აკრძალვის, ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების, სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულებები.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მისი 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, კომისიის 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილებით დეტალურად განისაზღვრა ამ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების პირობები და მექანიზმები.

კომისია აღნიშნავს რომ, კონკრეტული ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სატარიფო რეგულირების ვალდებულება არ  ნიშნავს კომისიის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ავტორიზებული პირის მომსახურების ტარიფების კონკრეტული ოდენობების დადგენას. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი უფლებამოსილია ”...თავისი საქმიანობისას... დაადგინოს საკუთარი ქსელის ელემენტებთან დაშვების და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფები.” აღნიშნული ნორმა ეხება იმ შემთხვევასაც, როდესაც ავტორიზებული პირი კომისიის მიერ ცნობილია,  როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე და მას კომისიის მიერ დაკისრებული აქვს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლით განსაზღვრული სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ამგვარ შემთხვევაში, 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, კომისიას კანონმდებლობით მინიჭებული აქვს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე, მხოლოდ ზედა ზღვრული ტარიფების (ზედა ზღვრის) დადგენის უფლებამოსილება. კომისიის მიერ  ზღვრული ტარიფების ოდენობების  (ზედა ზღვრის) დადგენის შემთხვევაშიც,  ოპერატორი თვითონ ადგენს ტარიფს, რომლის ოდენობა უნდა ექცეოდეს კომისიის მიერ დადგენილ ზღვრებში.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად განაწილების, ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს ავტორიზებულ პირს სააღრიცხვო, ფინანსური ინფორმაციის, მათ შორის დანახარჯების განაწილებისა და სხვა ავტორიზებული პირებისგან მიღებული შემოსავლების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა, ხოლო შესაბამისი ავტორიზებული პირი ვალდებულია ინფორმაცია წარმოადგინოს დადგენილი ფორმით, კერძოდ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

კომისიის აღნიშანვს, რომ მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ  წარმოდგენილ იქნა 2008 წლის 10 ივლისს. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნა შპს ”ახალი ქსელების” 2008 წლის 31 ივლისის წერილი. კომისიის მიერ, წარმოდგენილი ინფორმაციის დასაზუსტრებლად მოთხოვნილი იქნა  დამატებითი ინფორმაცია, რომელიც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ წარმოდგენილი იქნა 2008 წლის 01 აგვისტოს №1/2/119 წერილით. აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოდგენილი  იქნა შპს ”ბონდის” გენერალური დირექტორის  №35 წერილი შრომითი რესურსის ღირებულების ნომინალური ოდენობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის  ”დ” პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია დაადგინოს ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ზღვრული ტარიფი, კერძოდ მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ხ” პუნქტის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ  კომისიის აპარატის  სტრატეგიული განვითრებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ 2008 წლის 01 აგვისტოს სხდომაზე წარმოდგენილი იქნა დასკვნა ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებით საქმიანობაზე დანახარჯების განაწილებისა და ტარიფების გაანგარიშების თაობაზე (2008 წლის 01 აგვისტოს დასკვნა №1, გადაწყვეტილების დანართი №1), რომლის შესაბამისად, ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების ზედა ზღვრული ტარიფი დღგ-ს გარეშე უნდა განისაზღვროს, გეოგრაფიული ზონების მიხედვით თვეში, ერთ 100 მმ-იან არხ კილომეტრზე:

1.  ქ. თბილისის  ადგილობრივი მომსახურების ზონა        -    916.71 ლარით

2.  ქ. ქუთაისის ადგილობრივი მომსახურების ზონა          -   1 109.20 ლარით

3.  ქ. რუსთავის  ადგილობრივი მომსახურების ზონა        -    1 304.45 ლარით

4.  ქ. ზუგდიდის ადგილობრივი მომსახურების ზონა       -    1 341.21 ლარით

5.  ქ. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონა              -       484.64 ლარით

6.  დანარჩენ საქართველოს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) ადგილობრივი მომსახურების ზონა  -   1 332.19 ლარით.

კომისია აღნიშანვს, რომ  კომისიის აპარატის  სტრატეგიული განვითრებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, სატელეფონო კანალიზაციის არხად მიჩნეულია 100 მილიმეტრამდე სრული კვეთის აზბესტოცემენტის ან პოლიეთილენის მილის მოცულობა. შესაბამისად, სატელეფონო საკანალიზაციო არხში კაბელის გატარების მომსახურებისას მოხდება გადასახის შესაბამისი პროპორციით გადაანგარიშება. კომისია, ამავდროულად მიუთითებს, კომისიის 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისად უნდა განხორციელდეს სატელეფონო საკანალიზაციო არხის სრულ კვეთში შესაბამისი დიამეტრის კაბელის შესაბამისი რაოდენობის განთავსება.

კომისია აღნიშნავს, რომ იზიარებს კომისიის აპარატის  სტრატეგიული განვითრებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ 2008 წლის 01 აგვისტოს სხდომაზე წარმოდგენილ დასკვნას, ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებით საქმიანობაზე დანახარჯების განაწილებისა და ტარიფების გაანგარიშების თაობაზე, რომელიც გაანგარიშებულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის, ასევე კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად (იხ. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის 2008 წლის 01 აგვისტოს დასკვნა №1, გადაწყვეტილების  დანართი №1).

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ერთ-ერთი სპეციპიკური ვალდებულება - სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უნდა დაკონკრეტდეს და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა დადგინდეს ზედა ზღვრული ტარიფი ქ. თბილისის; ქ. ქუთაისის; ქ. რუსთავის; ქ. ზუგდიდის; ქ. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონებში და დანარჩენ საქართველოში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) კომისიის აპარატის  სტრატეგიული განვითრებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნით დადგენილი ოდენობით.

კომისიას მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება არ იქნება მიქცეული დაუყონებლივ აღსასრულებლად, იმ პირის მიერ, რომლებიც ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, შესაძლებელია მოხდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, რაც გამორიცხავს მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციულ დაშვებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტორიზებული პირების საქმიანობისას თანასწორუფლებიანობის და ეფექტური კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიას აუცილებლად მიაჩნია გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად. 

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის, „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების შესახებ”, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილების, კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 და 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.      ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზედა ზღვრული ტარიფები, დღგ-ს გარეშე, 100 მმ-იანი საკანალიზაციო მილის ერთ არხ კილომეტრზე თვეში თითოეულ იმ გეოგრაფიულ ზონაში სადაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

მომსახურების ზონა        ქ. თბილისი ქ. ქუთაისი ქ. რუსთავი ქ. ზუგდიდიქ. ფოთიდანარჩენი საქართველო

ზღვრული ტარიფები, ერთ არხ კილომეტრზე,

დღგ-ს გარეშე,

916.71 ლარი

1 109.20 ლარი

1 304.45 ლარი

1 341.21 ლარი

484.64 ლარი

1 332.19 ლარი

2. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის 2008 წლის 01 აგვისტოს №1 დასკვნა ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის განუყოფელ ნაწილად;

3. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსასრულებლად;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

5. დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე დადგენილი ტარიფების,  ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფებთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადებაში (მოწვევის ოფერტა) და კომისიაში წარმოდგენა.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა დაინტერესებული მხარეებისათვის;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია).         

კომისიის წევრი:                                            ს. ბრიტანჩუკი 

კომისიის წევრი:                                             გ. ფრუიძე

კომისიის წევრი:                                             ზ. ნონიკაშვილი  

კომისიის წევრი:                                             კ. კვიტაიშვილი   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები