წვდომის მენიუ

შპს ”მაგთიკომსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის და არსებითი გადაწყვეტის შესახებ

ნომერი: 477 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 02, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 22, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 7 ივლისს №130-3 განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/1425-08) მიმართა შპს ”მაგთიკომმა” დავის განხილვის მოთხოვნით  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  წინააღმდეგ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად,  კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაევალა მოწვევის ოფერტის გამოქვეყნება. შპს ”მაგთიკომის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ მოწვევის ოფერტა გამოქვეყნდა გარკვეული ხარვეზებით. განმცხადებლის მოსაზრებით, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” განესაზღვრა 4 თეთრი ერთ წუთში ურთიერთჩართვის ზედა ზღვრული ტარიფი, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში. წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, შპს ”მაგთიკომი” აღნიშნავს, რომ  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომიუნიკაციო კომპანიის” მიერ ზოგიერთ გეოგრფიულ ზონაში ზარის დასრულებისათვის მოთხოვნილია 5 თეთრი , რომელიც წარმოადგენს 4 თეთრიან ტარიფისა და ტრანზიტული ზარისთვის დადგენილი ტარიფის ჯამს, რომელიც, ”მაგთიკომის” განცხადების შესაბამისად, გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ურთიერთჩართვისათვის გამოცხადებულია მხოლოდ ორი წერტილი - ქ. თბილისი და ქ. ქუთაისი, ხოლო სხვა გეოგრაფიულ ზონებში, ასეთი წერტილი ურთიერთჩართვისათვის სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, გამოცხადებული არ აქვს და სხვა გეოგრაფიულ ზონებში (თბილისის და ქუთაისის გეოგრაფიული ზონების გარდა) ზარის დასრულებისათვის მოითხოვს ერთ წუთზე დამატებით ერთ თეთრს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომის” განცხადების შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, რადგან ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად, კანონმდებლობის და კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, ვალდებულია ტრაფიკის მიღების შესაძლებლობა უზრუნველყოს, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. განმცხადებელს მიაჩნია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ვალდებულია ურთიერთჩართვის წერტილები გამოაცხადოს კონკრეტულად და დადგენილი მოთხოვნების დაცვით, რადგან შპს ”მაგთიკომისათვის” მიუღებელია ის ფორმულირება, რომელიც წარმოდგენილია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოწვევის ოფერტაში, კერძოდ შეთავაზებულია ტექნიკური პირობების არსებობის შემთხვევაში, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კუთვნილი ასს-ების შენობები, ინტერფეისების აღწერილობის გარეშე.

კომისია აღნიშნავს, რომ  შპს ”მაგთიკომი” განცხადებაში ასევე მიუთითებს მოწვევის ოფერტის და მხარებს შორის 2007 წლის 01 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების წინააღმდეგობის შესახებ, რადგან მათი აზრით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოწვევის ოფერტაში გათვალისწინებული არ არის ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” და შპს ”მაგთიკომს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ურთიერთჩართვის წერტილები (ქ.თბილისში რუსთაველის №31, თამარ მეფის გამზ. №56). შპს ”მაგთიკომის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი კომპანიის ინტერესებში არ შედის სხვა გეოგრაფიულ სეგმენტებთან კავშირისათვის დამატებითი თანხების გამოყოფა. შპს ”მაგთიკომი” მოითხოვს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”უ” პუნქტის შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, კომისიის გადაწყვეტილებით დაევალოს ზარის დასრულება უზრუნველყოს დამატებითი ტრანზიტული ტარიფის - ერთი თეთრის წუთში გადახდის გარეშე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომის” განცხადება გადაეგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”. მხარეებს  ეცნობათ მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღი და დრო, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ასევე განესაზღვრა ვადა მათი მოსაზრების წერილობით წარმოსადგენად.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ  შპს ”მაგთიკომის” განცხადებაზე წარმოდგენილია შესაგებელი, რომლის შესაბამისად მოპასუხე კომპანიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია  შპს ”მაგთიკომის” მოთხოვნა. სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც გადაეცა შპს ”მაგთიკომის” წარმომადგენელს.

კომისია აღნიშნავს, რომ შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განცხადებაში დასმული მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება და შპს ”მაგთიკომსა” და 2008 წლის 25 ივლისის სხდომაზე, №435/16 გადაწყვეტილებით, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის არსებითი  განხილვა დაინიშნა  2008 წლის 08 აგვისტოს  16:00 საათზე. მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სხდომა გადაიდო 2008 წლის 22 აგვისტოსათვის.

კომისიამ შეისწავლა საქმის მასალები, დავასთან დაკავშირებული გარემოებები და მხარეთა მიერ წარმოდგენილი და მითითებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ შპს ”მაგთიკომის” განცხადება უსაფუძვლოა და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. კომისია დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ავტორიზებულ პირად ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და დაკისრებული აქვს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 თავით განსაზღვრული ყველა სპეციფკური ვალდებულება - მათ შორის ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის  (2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი)  და ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულებები  (2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-10 პუნქტი).

2. კომისია დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ წარმოდგენილია და კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია აღნიშნული კომპანიის ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების მიწოდების შეთავაზება, რომლის შესაბამისად თბილისის, ფოთის, ზუგდიდის და ე.წ. ”საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის” გეოგრაფიულ ზონებში ზარის დასრულებისათვის დადგენილია შესაბამისი ტარიფები (4.1, 4.2, 4.3, 4.4 მუხლები). სადაოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების მიწოდების შეთავაზება - სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ”მოწვევის ოფერტა” შპს ”მაგთიკომის” მიერ არ გასაჩივრებულა. გასათვალისწინებელია,  და 2008 წლის მაისის თვეში მხარეებს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ წარმოდგენილია 2008 წლის ივნისის თვეში გაფორმებული შედარების აქტის ასლი, რომელშიც შპს ”მაგთიკომი” აღიარებს მათ მიერ სადავოდ გახდილ ერთ თეთრიან თანხასაც. კომისია, გადაწყვეტილების მიღებისას ასევე მიუთითებს იმ გარემეობაზე, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დადგენილი ტარიფის ოდენობა - 4 თეთრი, სრულ შესაბამისობაშია კომისიის მიერ დადგენილ ზღვრულ ტარიფთან, ხოლო ტრანზიტული გატარების საფასურის დადგენისას სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” შეზღუდული არ არის  კომისიის მიერ დადგენილი რაიმე ზედა ზღვრული ტარიფით.

3. კომისია დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-10 პუნქტით, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაეკისრა ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება კონკრეტული პირობებით, კერძოდ დაევალა:

ა) კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში,  საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებასა და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ქსელის შესაბამისი ელემენტების და მათი ფუნქციონალურ რესურსების ფუნქციური და ტექნიკური მახასიათებლების უზრუნველყოფა;

ბ) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან (მათ შორის, სათანადო სიდიდის თავისუფალ თანალოკაციის ფართზე) ტექნიკურ საშუალებებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი (აქცეპტანტი) ავტორიზებული პირის  დაშვება და  ურთიერთჩართვის, სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების საბითუმო ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების შეუზღუდავი, გამჭვირვალე,  არადისკრიმინაციული პირობებით და სათანადო სიმძლავრით მიწოდების უზრუნველყოფა;

გ) საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების პირობების შეთავაზების წინადადებაზე (მოწვევის ოფერტაზე) მსურველი ავტორიზებული პირის მხრიდან აქცეპტის მიღების თარიღიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ყველა სამართლიანი და გონივრული ზომის მიღება, მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად შეთანხმება, აქცეპტანტ ავტორიზებულ პირთან შესაბამისი ხელშეკრულების გააფორმება და ორმხივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, გაფორმებული ხელშეკრულების კომისიაში წარმოდგენა;

4. კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომის” განცხადებით და წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით დადგენილად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტობრივი გარემეობა, რომ განმცხადებელს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” სხვა წერტილებში ჩართვის მოთხოვნით არ მიუმართავს. დადგენილია, რომ შპს ”მაგთიკომსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ე.წ. ”ურთიერთჩართვის ბაზარზე” ტრაფიკის გაცვლა ხდება ქ. თბილისის და ქ. ქუთაისის გეოგრაფიულ ზონაში არსებულ წერტილებში.

კომისია მიუთითებს, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ს” და ”ტ” პუნქტებზე, ასევე ამავე მუხლის ”ღ” პუნქტზე, ასევე   მამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის და მეორე პუნქტის ”დ” ქვეპუნქტზე და ასევე  კომისიის  2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-10 პუნქტზე და აღნიშნვს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი უფლებამოსილია საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს მოსთხოვოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების  ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება. ამადროულად დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მსურველი  ავტორიზებული პირის მიმართვის შემდგომ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიმწოდებელი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება. კანონმდებლის მიერ,  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ”დ” ქვეპუნქტი ცალსახად მოითხოვს მოთხოვნის არსებობას, რისი არსეობობის შემთხვევაში დგება დაშვების ვალდებულება. განმცხადებლის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მათი მხრიდან სხვა გეოგრაფიულ წერტილებში პირდაპირი ჩართვის მოთხოვნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ წარდგენილი არ ყოფილა.

კომისია ამავდროულად აღნიშნავს, რომ   სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ურთიერჩართვის (სატელეფონო ზარის წამოწყება-დასრულების)  მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) პირობებში კომისიის  2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით დადგენილი პირობები ცალკეულ შემთხვევებში ბუნდოვნად არის წარმოდგენილი, კერძოდ ”მოწვევის ოფერტის” მეორე პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტი კონკრეტული ურთიერთჩართვის წერტილების მისამართების და ინტერფეისის აღწერილობის წარმოდგენის ნაცვლად, უთითებს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კუთვნილ სატელეფონო სადგურების შენობების ადგილმდებარეობას. კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული ხარვეზი ”მოწვევის ოპფერტაში” მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა აღმოიფხვრას.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის  2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ სეგმენტებში ზარის დასრულების ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ დადგენილ ზღვრულ ტარიფს, ხოლო რაც შეეხება სხვადასხვა გეოგრაფიულ სეგმენტებს შორის ზარის დასრულებასთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, აღნიშნული სრულად უნდა იქნას ასახული მათ შორის გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის საფუძველზე და 41-ე და 42-ე   მუხლების შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედაგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს ’’მაგთიკომის’’ განცხადება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”-თვის ყველა გეოგრაფიულ ზონაში შპს ”მაგთიკომისთვის”  მიწოდებული ურთიერთჩართვის  მომსახურების (ზარის წამოწყება-დასრულება) მიწოდების ტარიფების კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი ზედა ზღვრულ ტარიფთან შესაბამისობის უზრუნველყოფის შესახებ, კერძოდ დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ურთიერჩართვის (სატელეფონო ზარის წამოწყება-დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მეორე პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის, კომისიის  2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მოთხოვნებთან სრულად შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ ზონებში ურთიერთცართვის წერტილის მისამართის და და ამ ურთიერთჩართვის წერტილებში ტექნიკური საშუალებების გამოყენებული ინტერფეისების აღწერილობა;

2. დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ურთიერჩართვის (სატელეფონო ზარის წამოწყება-დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) კომისიისათვის ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად შესწორებული მომსახურების შეთავაზების წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში

3. რეკომენდაცია მიეცეთ მხარეებს ასახონ სხვა გეოგრაფიულ ზონაში ზარის დასრულებისათან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი პუნქტები მხარეებს შორის მოქმედ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში.

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის  ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის წევრები                                                                

 ს.ბრიტანჩუკი                                                                                 

 ზ.ნონიკაშვილი                                                                                   

 კ.კვიტაიშვილი                                                                                

 გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები