წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 14 ივლისის №403/22 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით შპს ”კამარა”-ს განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: 478 / 12

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 01, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 22, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კამარა”-მ (30.07.2008 №7/294-08) ”შპს ”ჯი.ემ. ჯგუფი+”-სთვის ნუმერაციის მინიჭებისა და შპს ”კამარა” - სთვის ნუმერაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ” კომისიის 2008 წლის 14 ივლისის №403/22 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. 

შპს ”კამარას” ითხოვს კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის საფუძველზე შემდეგი გარემოებების გამო:

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1996 წლის 4 სექტემბერს შპს ”კამარასა” და შპს ”საქართველოს ელექტროკავშირის” ფილიალ ”თბილისის სატელეფონო ქსელს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, ელექტროკავშირი იღებდა ვალდებულებას სპეცნომერი  - 0-0-6-ის დამონტაჟებასა და გამართვაზე, შპს ”კამარასთვის”, მისივე დაფინანსებით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წინამდებარე ხერლშეკრულება დღესაც ძალაშია თანახმად მე-4 პუნქტის 4.3 ქვეპუნტისა. ხელშეკრულების შესაბამისად, ელექტროკავშირის მიერ გამოწერილ იქნა ანგარიშფაქტურები და ხორციელდებოდა შესაბამისი ანგარიშსწორება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიამ 2008 წლის 5 თებერვალს მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” თბილისის სატელეფონო ქსელის დირექტორს და ითხოვა დახმარება, მისამართის შეცვლასთან დაკავშირებით, სერიული ნომრის 006-ის გადატანაში.

განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის კომისიას 2008 წლის 14 ივლისის №403/22 გადაწყვეტილების მიღბისას უნდა ეცნობებინა საკითხის განხილვის შესახებ და უზრუნველეყო მისი მონაწილეობა სხდომაში.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2008 წლის 22 აგვისტოს სხდომაზე. სხდომის ჩატარების შესახებ წერილობით (07.08.2008 №18/44-08) ეცნობა შპს ”კამარას” და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად, რითაც კომისიის მიერ დაცულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც, ”განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს განმცხადებელს განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა, თუ: ა) უარი ეფუძნება ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ; ბ) ინფორმაცია, რომელსაც ეფუძნება უარი, განსხვავდება განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციისაგან.” კომისიის აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ შპს ”კამარა”-ს წარმომადგენლები.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

”შპს ”ჯი.ემ. ჯგუფი+”-სთვის ნუმერაციის მინიჭებისა და შპს ”კამარა” - სთვის ნუმერაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ” კომისიის 2008 წლის 14 ივლისის №403/22 გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს, მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონდა ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში კომისიის მიერ საკითხზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ის ფაქტი, რომ შპს ”კამარა”-ს მიერ წარმოდგენილ განცხადებაში მოყვანილი მსჯელობები და არგუმენტაცია ვერც ამ ეტაპზე და ვერც 2008 წლის  14 ივლისის №403/22 გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე ვერ იქნებოდა გაზიარებული კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტისას.

ამასთან, აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი  გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კერძოდ, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დაცულ იქნა ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. შესაბამისად, კომისია ვერ დაეთანხმება და ვერ გაიზიარებს განცხადებაში მოყვანილ მსჯელობას იმის შესახებ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის შესაბამისად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიისთვის გაუგებარია განმცხადებლის აპელირება შპს ”კამარასა” და სს ”საქართველოს ელექტროკავშირს” შორის 1996 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღესაც ძალაშია. ამავე დროს, გაურკვეველია რის საფუძველზე ფლობდა შპს ”კამარა” 11 წლის განმავლობაში სახელმწიფო ამოწურვადი ნუმრაციის რესურსს 0-0-6 (ნული-ნული-ექვსი), მაშინ როდესაც კომისიის შექმნის დღიდან, კერძოდ კი 2000 წლის 1 ივლისიდან, როდესაც კომისიამ დაიწყო საქმიანობა, ერთადერთი ორგანო, რომელიც კანონის საფუძველზე უფლებამოსილი იყო და დღესაც უფლებამოსილია  გაანაწილოს ნუმერაციის რესურსი და არეგულიროს ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, არის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და კომისიის მიერ შპს ”კამარა”-სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭება განხორციელდა მხოლოდ 2007 წლის 22 ივნისს (კომისიის გადაწყვეტილება №344/7) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით ერთი წლის ვადით  - 2008 წლის 22 ივნისამდე.

რაც შეეხება შპს ”კამარა”-ს  მონაწილეობას საკითხის განხილვაში, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომები იმართება ყოველ პარასკევს, სხდომები საჯაროა და ამავე დროს, სხდომის დღის წესრიგი ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში. შესაბამისად, კომისიის მიერ ორგანიზებულია სხდომების მაქსიმალური საჯაროობა და  სხდომაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”შპს ”ჯი.ემ. ჯგუფი+”-სთვის ნუმერაციის მინიჭებისა და შპს ”კამარა” - სთვის ნუმერაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ” კომისიის 2008 წლის 14 ივლისის №403/22 გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს შპს ”ჯი.ემ. ჯგუფი+”-სთვის, ამავე დროს, შპს ”კამარა”-ს კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა არა ზოგადად ნუმერაციის რესურსის მინიჭებაზე, არამედ 0-0-6-ის მინიჭებაზე. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შპს ”კამარა”-ს დაინტერესებისა და კომისიისთვის მომართვის შემთხვევაში, კომისია მზად არის განიხილოს საკითხი, შპს ”კამარა”-სთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით, ალტერნატიული ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლები და შესაბამისად, შპს ”კამარა”-ს განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-100 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. არ დაკმაყოფილდეს შპს ”კამარა”-ს განცხადება  (30.07.2008 №7/294-08) ”შპს ”ჯი.ემ. ჯგუფი+”-სთვის ნუმერაციის მინიჭებისა და შპს ”კამარა” - სთვის ნუმერაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ” კომისიის 2008 წლის 14 ივლისის №403/22 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”კამარა”-სთვის გაგზავნა, დაზღვეული საფოსტო  გზავნილის სახით;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრები:                                                                

ზ. ნონიკაშვილი

გ. ფრუიძე

კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები