წვდომის მენიუ

შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 493 / 16

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 03, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 29, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინმა” 2008 წლის 5 აგვისტოს განცხადებით მიმართა  კომისიას, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”კავკასუს ონლაინი” აღნიშნავს, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისადმი” გაგზავნილ იქნა მომსახურების გაწევაზე მიმართვები, რომლებზეც მოპასუხე მხარეს არ გაუცია პასუხი და შესაბამისად, არ განხორციელებულა არანაირი სამუშაო, რაც უზრუნველყოფდა განმცხადებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და დაზიანებათა აღმოფხვრას. ამასთან, შპს ”კავკასუს ონლაინი” განცხადებაში მიუთითებს მოწინააღმდეგე მხარის საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებების არაერგზის დარღვევის ფაქტებს.

მოთხოვნები:

1. დაავალოს კომისიამ მოპასუხე მხარეს შეუზღუდავად და უპირობოდ განახორციელოს მათ მიერ გადაგზავნილ მიმართვებში ასახული მოთხოვნების შესრულება;

2. საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებების დარღვევისათვის ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით, გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმუმის დაკისრება.

3. კომისიის გადაწვეტილებების დაუყონებლივ აღსრულება.

აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 29 აგვისტოს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან ვ. ცეცხლაძე, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან - ლ. გიორგაძე. აღნიშნულ სხდომაზე,  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” წარმოადგინა შეპასუხება, რომელშიც უკანასკნელი აღნიშნავს, რომ  შპს “კავკასუს ონლაინის” განცხადება-შუამდგომლობებში გამოხატული მოსაზრებები არ შეესაბამება სინამდვილეს, უსაფუძვლოა და შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნა შემდეგ გარემოებათა გამო:

1)      ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”რ” ქვეპუნქტის თანახმად, დაშვება არის - ”ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს უზრუნველყოფას: ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესაბამისი ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით; ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებით და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ შორის, საკანალიზაციო არხებით და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით; თანალოკაციის ფართობით; ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი ელემენტებით, მათი თავისუფალი საოპერაციო რესურსებითა და სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით); აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და მომხმარებელთა საინფორმაც

2)      იო ბაზების, ნომრების პორტაბელურობასთან (ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით, ასევე ვირტუალური ქსელების მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას”. როგორც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აღნიშნავს, ამ მუხლის ანალიზის საფუძველზე ცალსახაა, რომ დაშვების პირობები განისაზღვრება ავტორიზებული პირის მიერ. მათ შემთხვევაში, დაშვების პირობების განსაზღვრა მოხდა მოწვევის ოფერტის გამოქვეყნების საშუალებით, რომელიც თანაბრად ვრცელდება ყველა ავტორიზებულ პირზე.  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სახაზო-საკაბელო წყველების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ოფერტაში განსაზღვრულია ის აუცილებელი პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს რესურსთან დაშვების მსურველი ავტორიზებული პირი. შპს ”კავკასუს ონლაინი” არ აკმაყოფილებს, კერძოდ, მას აქვს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დავალიანება, არ აქვს მოქმედი ხელშეკრულება, არ აწვდის ე.წ. ლინკის ნომერს და ა.შ.

3)      უშედეგოდ დამთავრდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ყველა მცდელობა მოწინააღმდეგე მხარესთან გაეფორმებინა შესაბამისი ხელშეკრულებები. შპს ”კავკასუს ონლაინი” არ ეთანხმება კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ოფერტას და გასაჩივრებული აქვს კომისიაში. ამ პირობებში არანაირი სამართლებრივი ვალდებულება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მოწინააღმდეგე მხარესთან არ გააჩნია. უახლოეს პერიოდში, თუ კვლავ გაგრძელდება შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნების უსაფუძვლოდ უგულებელყოფა და არ გაფორმდება ყველა შესაბამისი ხელშეკრულება, მას სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან შუწყდება ყველა სახის მომსახურების მიწოდება.

4)      რაც შეეხება დაზიანებებს, ისინი საერთოდ სახეზე არ არის, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე თვითონ უთითებს თავის წერილებში, რომ სატელეფონო კავშირი არ არის დარღვეული. შესაბამისად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის შესაბამისად, ისინი ვერ განიხილება როგორც დაზიანება.

კომისია აღნიშნავს, სხვა დამატებითი მტკიცებულებები  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს არ წარმოუდგენიათ.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს შპს  ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის  განხილვა 2008 წლის 12 სექტემბერს 16:00 საათზე;

2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (გ. ხოჯევანიშვილი).

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილება ამოქმედდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრები:              კ. კვიტაიშვილი

                                                ზ. ნონიკაშვილი

                                                ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები