მოქალაქე მ. ტალახაძესა და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 03, 2008
მიღების თარიღი აგვისტო 29, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2008 წლის 1 ივლისს მიმართა (წერილი N9/100-08) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველის სამსახური”) მოთხოვნით, ავტორიზებული პირის - სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მომხმარებელის (აბონენტის) - მ. ტალახაძის სატელეფონო მომსახურების აღდგენის თაობაზე შესულ საჩივარზე, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მოთხოვნაში აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ დამცველის სამსახურს მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მომხარებელმა, კერძოდ შემოსულია: მოქალაქე მ. ტალახაძის (მცხ. ქ. თბილისი, ჩიტაიას 25, ტელ: 953965) განცხადება (2008 10 ივნისი, №9/79), რომელშიც იგი სადაოდ ხდის სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ მისთვის ტელეფონის ნომრის მოხსნის კანონიერებას;
მოქალაქე მ. ტალახაძე განაცხადში აღნიშნავს, რომ იგი არ იყო წინასწარ ინფორმირებული სატელეფონო ნომრის მოხსნის თაობაზე და მისთვის სრულიად უცნობი იყო დავალიანების გადაუხდელობის საფუძვლით აბონენტის დაჯარიმებისა და ნომრის მოხსნის პროცედურების შესახებ. მომხმარებელი ასევე აცხადებს, რომ სათანადო ახსნა-განმარტება აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით კომპანიის ოპერატორებისგანაც არ მიუღია. ამასთან, მომხმარებლის განცხადებით, მას სატელეფონო მომსახურება მიეწოდებოდა საამისოდ აუცილებელი წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, საკითხის შესწავლის მიზნით, მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, რომლის საპასუხო წერილის თანახმად, ირკვევა, რომ მოქალაქე მ. ტალახაძეს ტელეფონი დავალიანების გადაუხდელობის გამო მოეხსნა 2007 წლის 30 ნოემბერს, ხოლო ტელეფონის მოსალოდნელი მოხსნის თაობაზე ეცნობა წერილობით 2007 წლის 2 ნოემბერს. აღნიშნული გაფრთხილება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან დასტურდება მხოლოდ იმით, რომ წერილი უკან არ დაბრუნებულა. ამასთან, კომპანიის განცხადებით, მოქალაქე ტალახაძეს ბინაში ტელეფონის აღდგენა შესაძლებელია ტელეფონის ხელახალი დადგმის ღირებულების (140 ლარის) გადახდის შემდეგ, ვინაიდან, მ. ტალახაძემ 2008 წლის 14 აპრილს დაფარა დავალიანების თანხა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიაჩნია, რომ სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” მომხმარებლებისადმი ამგვარი დამოკიდებულებით უხეშად არღვევს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. კერძოდ:
ა) ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს მომსახურების მიმწოდებლისგან შეუფერხებლად და უფასოდ მიიღოს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა ვალდებულებების თაობაზე.
ბ) დარღვეულია მომსახურების შეზღუდვასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც გათვალისწინებულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მუხლებით, კერძოდ, მე-13 მუხლის მე-5, მე-16 მუხლის პირველი და 24-ე მუხლის პირველი პუნქტებით.
გ) ამავე რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს გადასახდელი საფასურის ოდენობის 20%-ს.
დ) ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ამავე რეგლამენტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტის თანახმად, უნდა შეიცავდეს მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მოითხოვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება და აღნიშნულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას მხარედ მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად;
აღნიშნულ საკითხზე, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს გაიმართა ზეპირი მოსმენა და დავის განხილვის დღედ განისაზღვრა 29 აგვისტო. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ 22 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ მოითხოვა მ. ტალახაძის ნოტარიულად დამოწმბული მინდობილობა, იმის თაობაზე, რომ ა. ტალახაძე უფლებამოსილია აღნიშნულ დავაში მიიღოს მონაწილეობა.
2008 წლის 29 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, განმცხადებელმა წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულების სახით მინდობილობა (რის საფუძველზეც კომისიაში აღნიშნულ საკითხზე მერაბ ტალახაძის წარმომადგენელი იყო ასმათ ტალახაძე). სხდომაზე მოპასუხე მხარემ - სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა, ლ. გიორგაძემ გამოთქვა მზადყოფნა ჯარიმის გადახდის გარეშე აღდგენილ იქნას სატელეფონო მომსახურება განმცხადებლისათვის. აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, გახდა დავის მხარეებს შორის მორიგების საფუძველი.
ყოვილევე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე და 63-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მოქალაქე მ. ტალახაძესა და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთვი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.
კომისიის წევრები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
ს. ბრიტანჩუკი
