წვდომის მენიუ

შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” დაჯარიმების შესახებ

ნომერი: 513 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2008

მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა  აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტისგან წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000061, შედგენილი 2008 წლის 4 სექტემბერს ქ.ბათუმში, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2008 წლის 4 სექტემბერს ქ. ბათუმში, კერძოდ მწვანე კონცხის სატელევიზიო ანძის ტერიტორიაზე ჩატარდა სიხშირული მონიტორინგი, გაირკვა, რომ მწვანე კონცხიდან  ბათუმის ტერიტორიის მიმართულებით ულიცენზიოდ და ავტორიზაციის გარეშე ფუნქციონირებს შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”-ს რადიო სარელეო ხაზი (1961 ± 14 მგჰც) სიხშირეზე, რაც ხელშეშლას უქმნის ამავე დიაპაზონში მომუშავე ლიცენზირებულ კომპანიას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან - 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2008 წლის 4 სექტემბერს, რომელიც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა იმავე დღეს - 2008 წლის 4 სექტემბერს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2008 წლის 9 სექტემბერი, 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყო 2008 წლის 4 სექტემბერს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა  შპს  ”აჭარის ელექტროკავშირს” (04.09.2008, №03/2350-08),  მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, ასევე მხარეს განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” ერთ-ერთ რადიოსარელეო ხაზზე - ბათუმის ელექტორკავშირის შენობა - მწვანე კონცხის ანძა, იყენებს სიხშირეებს: 2080,0 – 1961,0 მჰც (ზოლით 28 მჰც). მწვანე კონცხიდან ბათუმში არსებული შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”-ს შენობის მიმართულებით გასხივებული 1961,0 ± 14 მჰც სიხშირე მოიცავს შპს ”ჯეოსელი”-ს საბაზო სადგურების მიმღებ სიხშირულ ზოლს 1957,0 ± 7,5 მჰც, რაც წარმოადგენს შპს ”ჯეოსელი”-სთვის UMTS სისტემის სიხშირულ ზოლში წარმოქმნილი რადიოხელშეშლების გამომწვევ მიზეზს.

საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2008 წლის 9 სექტემბერს კომისიის სხდომაზე.

კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” წარმომადგენელი ლევან გიორგაძე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000061 ოქმისა და  კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნისა და თანდართული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს ”აჭარის ელექტორკავშირი”   ქ.ბათუმში ულიცენზიოდ  ან/და მინიჭების გარეშე სარგებლობს რადიოსიხშირული სპექტრით, რაც წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, კერძოდ ულიცენზიოდ ან/და მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”-ს მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით და ამავე დროს, კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს ულიცენზიოდ ან/და მინიჭების გარეშე რადიოსიხშრირული სპექტრით სარგებლობა.

შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” წარმომადგენელმა აღიარა სამართალდარღვევის ფაქტი და მოითხოვა ვადა აღნიშნული სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.

საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, გათვალისწინებულს  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” წარმომადგენლის მოთხოვნა გაზიარებულ უნდა იქნა და მიზანშეწონილია მიეცეს კომპანიას 3 თვიანი ვადა სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მე-4 პუნქტის,  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. დაეკისროს ჯარიმა შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის;

2. უზრუნველყოს შპს ”აჭარის ელექტროკავშირმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს შპს ”აჭარის ელექტროკავშირმა” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

4. უზრუნველყოს შპს ”აჭარის ელექტროკავშირმა” 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა სამი თვის ვადაში.

5. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე) შპს ”აჭარის ელექტროკავშირის”  მიერ ჯარიმის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე კონტროლის განხორციელება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”-სთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ და საფინანსო დეპარტამენტებს (კ. ყურაშვილი, ი.აბულაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები                                                   ზ.ნონიკაშვილი

                                                                                   გ.ფრუიძე

                                                                                   კ.კვიტაიშვილი

                                                                                  ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები