წვდომის მენიუ

შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს გაფრთხილების შესახებ

ნომერი: 517 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 23, 2008

მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”შავი ზღვის ტელეკომი” (რეგისტრირებული ქ.თბილისის კრწანისი მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ 2002 წლის 22 იანვარს რეგისტრაციის №06/4-889) ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №F30 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო ვალდებულებებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-3 (რვა-ექვსი-სამი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება კომისიის 2005 წლის 11 მარტის №140/1 გადაწყვეტილების შესაბამისად;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 11.03.2015 წ- მდე;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში აქვს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (03.09.2008 №10/488-08) რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”შავი ზღვის ტელეკომს” ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება 2,542.10 (ორი ათას ხუთას ორმოცდაორი ლარი და ათი თეთრი) ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2008 წლის 9 სექტემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს სანქირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით ეცნობა შპს ”შავი ზღვის ტელეკომს” (03/2364-08 09.09.2008) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მხარეს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 11 მარტის №140/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”შავი ზღვის ტელეკომს” განსაზღვრული აქვს სალიცენზიო ვალდებულებად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდა შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:

2542.1 ლარი -  2006 წლის 11 აპრილი;

2542.1 ლარი -  2007 წლის 11 აპრილი;

2542.1 ლარი -  2008 წლის 11 აპრილი;

2542.1 ლარი -  2009 წლის 11 აპრილი;

2542.1 ლარი -  2010 წლის  11 აპრილი;

2542.1 ლარი -  2011 წლის   11 აპრილი;

2542.1 ლარი -  2012 წლის  11 აპრილი;

2542.1 ლარი -  2013 წლის  11 აპრილი;

2542.1 ლარი -  2014 წლის  11 აპრილი;

როგორც კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, შპს ”შავი ზღვის ტელეკომს” ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება 2,542.10 (ორი ათას ხუთას ორმოცდაორი ლარი და ათი თეთრი) ლარის ოდენობით, რაც კომპანიის მიერ, ზემოაღნიშნული გრაფიკის მიხედვით გადახდილ უნდა ყოფილიყო 2008 წლის 11 აპრილს.

კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, ამავე დროს,  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდა წარმოადგენს შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №F30 ლიცენზიით განსაზღვრულ სალიცენზიო ვალდებულებას, ხოლო ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა, წარმოადგენს მის მიმართ ამავე კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს, კერძოდ, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2008 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს ”შვი ზღვის ტელეკომი”-ს წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ 2008 წლის 11 სექტემბერს, ანუ მის მიმართ კომისიაში სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება 2542.1 ლარის ოდენობით და კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა აღნიშნული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს მიერ 2008 წლის 11 სექტემბერს გადახდილ იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება 2542.1 ლარის ოდენობით, კომპანიის მიერ აღნიშნული თანხა კომისიის 2005 წლის 11 მარტის №140/1  გადაწყვეტილების შესაბამისად, გადახდილ უნდა ყოფილიყო 2008 წლის 11 აპრილს, ანუ 2008 წლის 11 აპრილიდან, 2008 11 სექტემბრამდე პერიოდში კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტს.

შესაბამისად, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს მიერ დარღვეულ იქნა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტი  და ამავე დროს, 2005 წლის 11 მარტის №140/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი, რაც წარმოადგენს შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს მიმართ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით  გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. შესაბამისად, შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად,  ხმათა უმრავლესობით

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს ”შავი ზღვის ტელეკომს” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა  და კომისიის 2005 წლის 11 მარტის №140/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”შავი ზღვის ტელეკომისთვის” ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები:                                                 ზ.ნონიკაშვილი

                                                                                კ.კვიტაიშვილი

                                                                                ს.ბრიტანჩუკი               

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები