ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2008
მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.”
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ და ავტორიზაციის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, განმეორებით, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 500,000.00 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000057, შედგენილი ქ.გორში 2008 წლის 23 აგვისტოს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2008 წლის 22-23 აგვისტოს ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა მონიტორინგი GSM-900 რადიოსიხშირულ დიაპაზონში დაკავებული რადიოსიხშირეებით მოსარგებლე სუბიექტების დადგენის მიზნით. გამოირკვა, რომ აღნიშნულ დიაპაზონში ულიცენზიოდ და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობას ახორციელებს რუსული მობილური კომპანია ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი” (ოქმი თან ერთვის). აღნიშნული კომპანიის გადამცემები განთავსებულია რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში და ფარავს არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებს, არამედ ქ.გორსა და მიმდებარე რაიონებსაც.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება, მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება კომპანია ”მეგაფონის” სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2008 წლის 11 ივლისის №320/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონს” დაეკისრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2008 წლის 23 აგვისტოს, რომელიც კომისიას წარედგინა 2008 წლსი 29 აგვისტოს და კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა იმავე დღეს - 2008 წლის 29 აგვისტოს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2008 წლის 16 სექტემბრის 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2008 წლის 3 სექტემბერს, რის შესახებაც რუსულ ენაზე შედგენილი შეტყობინებით ეცნობა ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონს” (03.09.2008 №03/2335-08) და ასევე კომპანიის წარმომადგენელს ქალბატონ ნონა ყაველაშვილს (03.09.2008 №03/2334-08). მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, რუსულ ენაზე. მხარეს ასევე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 16 სექტემბრის კომისიის სხდომა გადატანილ იქნა 2008 წლის 19 სექტემბრის 12:00 საათისთვის, რის შესახებაც დამატებითი შეტყობინებით ეცნობა კომპანიის წარმომადგენელს ქალბატონ ნონა ყაველაშვილს (16.09.2008 №03/2420-08).
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2008 წლის 19 სექტემბერს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონის” წარმომადგენელი ქალბატონი ნონა ყაველაშვილი.
კომისიის სხდომაზე, ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონის” წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ იქნა ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ღსს ”მეგაფონი” №57-759 ლიცენზიის საფუძველზე მომსახურებას ეწევა რუსეთის ფედერაციის შემდეგ სუბიექტებში - რესპუბლიკა კარელია, არხანგელსკის, ვოლოგდის, კალინინგრადის, ლენინგრადის, მურმანსკის, ნოვგოროდის და ფსკოვის ოლქები. ამას გარდა, ”მეგაფონი” ფლობს ლიცენზიას №50788 მომსახურების გაწევაზე რუსეთის ფედერაციის მთელს ტერიტორიაზე, მაგრამ ამჟამად მომსახურების გაწევა ხორცილედება მხოლოდ ზემოთმითითებულ რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში. წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ღსს ”მეგაფონის” გენერალური დირექტორის განცხადებით, ”მეგაფონის” სავაჭრო ნიშნით, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებს კიდევ 7 იურიდიული პირი. ეს კომპანიები, სათანადო ლიცენზიების საფუძველზე მომსახურებას ეწევიან რუსეთის მთელს ტერიტორიაზე. ეს კომპანიებია - ”მობიკომ-ცენტრი”, ”მობიკომ-კავკაზი”, ”ურალსკი ჯი-ეს-ემი”, ”მობიკომ-ხაბაროვსკი” და ა.შ. ამ ეტაპზე, განმცხადებლის აზრით, აღსანიშნავია ”მობიკომ-კავკაზი”. კერძოდ კომისიაში ღსს ”მეგაფონი”-ს წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ იქნა ”მობიკომ-კავკაზის” გენერალური დირექტორის მოადგილის ხარჩენკოს წერილი, მიწერილი ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”-ს გენერალური დირექტორის მიმართ, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათი სალიცენზიო ტერიტორია მოიცავს ადიღეის რესპუბლიკას, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკას, ჩეჩნეთის რესპუბლიკას, ინგუშეთის რესპუბლიკას, კრასნოდარის მხარეს, სტავროპოლის მხარეს და როსტოვის ოლქს. შესაბამისად, მხარეს მიაჩნია, რომ ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე რომც მომხდარიყო ოპერატორის მუშობის დაფიქსირება, ეს ოპერატორი იქნებოდა არა ღსს ”მეგაფონი”, არამედ დსს ”მობიკომ-კავკაზი”, რომლის სალიცენზიო ტერიტორიაც საქართველოს საზღვართან გადის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი” მიიჩნევს, რომ ღსს ”მეგაფონი” არ შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებელ პირს და შესაბამისად ღსს ”მეგაფონი”-ს სანქირების თაობაზე წარმოება უნდა შეწყდეს.
ღსს ”მეგაფონი”-ს წარმომადგენლის მიერ, კომისიაში ასევე წარმოდგენილ იქნა ღსს ”მეგაფონ”-სა და დსს ”მობიკომ-კავკაზს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება ღსს ”მეგაფონი”-ს სავაჭრო ნიშნის გამოყენებაზე უფლებების გადაცემის შესახებ.
კომისიის 2008 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე, ღსს ”მეგაფონი”-ს წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მოსმენის შემდგომ, მას კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის კ.ყურაშვილის მიერ დაესვა შემდეგი კითხვები:
1. თქვენ გინდათ თქვათ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურებას ახორციელებს ”მობიკომ კავკაზი”?
პასუხი: არა ეს ცალკე გამოკვლევის საგანია;
2. ფლობს თუ არა ღსს ”მეგაფონი” ან დსს ”მობიკომ-კავკაზი”, საქართველოს ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას?
პასუხი: არა;
3. რა ურთიერთდამოკიდებულება არსებობს ღსს ”მეგაფონსა” და დსს ”მობიკომ - კავკაზს” შორის?
პასუხი: ”მობიკომ-კავკაზი” არის ”მეგაფონი”-ს შვილობილი კომპანია. 100% დამფუძნებელი გახლავთ ღსს ”მეგაფონი”, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღსს ”მეგაფონი” აგებს პასუხს მისი შვილობილი კომპანიის რაიმე ვალდებულებაზე ან რაიმე ქმედებაზე. ეს არის ცალკე იურიდიული პირი.
4. აქვს თუ არა ღსს ”მეგაფონს” რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განხორციელებაზე ლიცენზია?
პასუხი: დიახ;
5. აქვს თუ არა ღსს ”მეგაფონს” და დსს ”მობიკომ-კავკაზს” ერთიანი ქსელი, თუ მათი ქსელები არსებობს ცალ-ცალკე, როგორც მაგალითად ”მეგაფონი”-ს და ”ბილაინი”-ს, მეორე რუსული მობილური კომპანიის?
პასუხი: ალბათ უფრო კი.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000057 ოქმისა და თანდართული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი” საქართველოში, კერძოდ, ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში - ქ. ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ულიცენზიოდ კვლავ ახორციელებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას, რაც დასტურდება როგორც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე შემდეგი გარემოებებითაც: ღსს ”მეგაფონ”-ს როუმინგულ მომსახურებაზე ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს შპს ”მაგთიკომ”-თან და შპს ”ჯეოსელ”-თან, რასაც ადასტურებს დსს ”მობიკომ-კავკაზის” გენერალური დირექტორის მოადგილის ხარჩენკოს წერილი. შესაბამისად, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობა ხორციელდება სწორედ ღსს ”მეგაფონი”-ს მიერ, ვინაიდან მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, ასევე ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს ”მაგთიკომი”-სა და შპს ”ჯეოსელი”-ს აბონენტებს ერთვებათ როუმინგული მომსახურება სწორედ ღსს ”მეგაფონი”-ს მიერ. რაც შეეხება დსს ”მობიკომ კავკაზი”-ს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არაავტორიზებული საქმიანობის განხორციელებას, ეს ქმედება არაფრით დასტურდება, უფრო მეტიც, დსს ”მობიკომ-კავკაზის” გენერალური დირექტორის მოადგილის ხარჩენკოს წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ცხინვალის რეგიონში, დსს ”მობიკომ კავკაზს” მომსახურების გაწევის ტექნიკური საშუალებები არ გაჩნია. ამავე დროს, შპს ”მაგთიკომ”-თან და შპს ”ჯეოსელ”-თან როუმინგულ მომსახურებაზე ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სწორედ ღსს ”მეგაფონ”-ს და არა დსს ”მობიკომ კავკაზს”, რაც იმას ნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომი”-ს და შპს ”ჯეოსელი”-ს აბონენტები ერთვებიან სწორედ ღსს ”მეგაფონი”-ს ქსელში, როუმინგული მომსახურებისას, მაგრამ არა რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ აქვე, საქართველოს ტერიტორიაზე.
ამდენად ცალსახაა, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, ასევე ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქმიანობას ახორციელებს (მათ შორის როუმინგულ მომსახურებას ეწევა ისე, როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე), და რადიოსიხშირეებით სარგებლობს ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი” და შესაბამისად, მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ქმედება წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას, და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ და ავტორიზაციის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე განმეორებით, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 500,000.00 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.
შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომპანია ”მეგაფონი”-ს მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 500,000.00 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით და ამავე დროს, კომპანიამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიაზე ულიცენზიოდ და ავტორიზაციის გარეშე რადიოსიხშრირული სპექტრით სარგებლობა და საქმიანობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2008 წლის 11 ივლისის №320/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”-ს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ულიცენზიოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისა და საქმიანობის შესახებ, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი პირის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნებს, იგი შემოწმების მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს კომისიას შესაბამისი რეაგირებისთვის. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”-ს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განმეორებით ულიცენზიოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისა და ავტორიზაციის გარეშე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის შესახებ, უნდა ეცნობოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გადაეგზავნოს მასალები შესაბამისი რეაგირებისთვის, კერძოდ იმის გასარკვევად შეიცავს თუ არა ღსს ”მეგაფონი”-ს მიერ განხორციელებული ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის მეხუთე ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-8 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ჯარიმა ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონს” 500,000.00 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის;
2. უზრუნველყოს ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონმა” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე) ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონის” მიერ ჯარიმის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე კონტროლის განხორციელება;
5. დაევალოს ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონს” დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ულიცენზიოდ და ავტორიზაციის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა კომპანია ,,მეგაფონი”-სთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”-ს შემოწმებასთან დაკავშირებული მასალების საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის თანდართული წერილით გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ და საფინანსო დეპარტამენტებს (კ. ყურაშვილი, ი.აბულაძე).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
