ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის, დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 08, 2008
მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 24 ივლისს შპს ”ახალი ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” განცხადებით მიმართეს კომისიას (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/1754-08), სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წინააღმდეგ დავის განხილვის მოთხოვნით. განმცხადებლები მოითხოვენ კომისიის გადაწყვეტილებით დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადებაში (შემდგომში ”მოწვევის ოფერტაში”) ცვლილებების შეტანა, კერძოდ შეთავაზების წინადადების მესამე პუნქტის მეორე ქვეპუნქტში, ხმოვანთან და ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საფასურის გამიჯვნა და სახაზო-საკაბელო სპილენძის სააბონენტო წყვილის ხმოვან რესურსთან დაშვების საფასურის ცალკე გამოყოფა დაშვების მთლიანი ტრიფიდან - 15.15 ლარიდან.
კომისია აღნიშანვს, რომ შპს ”ახალი ქსელებმა” და შპს ”ახტელმა”, მათ მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად განცხადებაზე დანართის სახით წარმოადგინეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” 2008 წლის ივნისის თვის ანგარიშები. შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” მოთხოვნას ამყარებს კომისიის 2005 წლის 27 დეკემბრის №808/22 და კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9 გადაწყვეტილებებზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” განცხადება დანართებთან ერთად 2008 წლის 05 აგვისტოს წერილით გადაეგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” (რეგისტრაციის №02/1784-08), რომელსაც განესაზღვრა ვადა 2008 წლის 15 აგვისტომდე შესაგებლის წარმოსადგენად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 14 აგვისტოს კომისიაში სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” წარმოადგინა შეპასუხება შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნული კომპანია არ ცნობს წამოყენებულ მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადებაში (შემდგომში ”მოწვევის ოფერტაში”) სახაზო-საკაბელო სააბონენტო წყვილის როგორც ხმოვან, ისე ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ტარიფი წარმოდგენილია კომისიის გადაწყვეტილებების მოთხოვნათა დაცვით.
კომისიამ, შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განცხადებაში დასმული მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება და საჭიროა მისი განხილვა და არსებითი გადაწყვეტა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე და 39-ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის, დავის არსებითი განხილვა, 2008 წლის 26 სექტემბერს 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (უ. სეთური).
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. გადაწყვეტილება ძალაშია მხარეებისთვის მისი ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
ს. ბრიტანჩუკი
