წვდომის მენიუ

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, შპს ”ახტელის” და შპს ”ახალი ქსელების” სანქცირების შესახებ შპს ”მაგთიკომის” განცხადების განხილვის შესახებ

ნომერი: 534 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 02, 2008

მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 26 ივნისს, შპს ”მაგთიკომმა” (№123-2) განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ”კომისია”) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, შპს ”ახტელის” და შპს ”ახალი ქსელების” სანქცირების მოთხოვნით. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ ირღვევა კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მოთხოვნები. შპს ”მაგთიკომი” მოითხოვს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, შპს ”ახტელის” და შპს ”ახალი ქსელების” მიერ შპს ”მაგთიკომის” ფიქსირებული აბონენტების მიმართ დისკრიმინაციული საცალო  ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების ტარიფების დადგენის,  კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებასთან  შეუსაბამობის გამო, მოხდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, შპს ”ახტელის” და შპს ”ახალი ქსელების” სანქცირება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომი” განცხადებაში დაფიქსირებულ მოთხოვნას ამყარებს, მის მიერ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების საფუძველზე გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტის დარღვევის ფაქტზე, სადაც შპს ”მაგთიკომის” ფიქსირებული  ქსელში ზარის წამოწყება/დასრულებისათვის ტარიფი - 4 თეთრია. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მისი ფიქსირებული აბონენტების ნომრები იწყება სამნიშნა ნუმერაციის რესურსით - 890. შპს ”მაგთიკომის” განმცხადების შესაბამისად, მოპასუხე კომპანიების მიერ 8-90 სამნიშნა ნუმერაციის რესურსით დაწყებული სატელეფონო ნომრების მფლობელი აბონენტების მიმართ განხორციელებულ ზარებზე ხდება განსხვავებული საცალო ტარიფის დარიცხვა, რაც არ ხორციელდება სხვა ფიქსირებული ქსელის აბონენტებს შორის კავშირის განხორციელებისას. შპს ”მაგთიკომი” ეყრდნობა, რა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტს და კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებას, მიიჩნევს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, შპს ”ახტელის” და შპს ”ახალი ქსელების” მიერ ხდება კანონის და კომისიის გადაწყვეტილების მოთხოვნათა უგულებელყოფა და მოითხოვს აღნიშნული იურიდიული პირების სანქცირებას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომის” განცხადება გადაეგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ”ახტელს” და შპს ”ახალი ქსელებს”. აღნიშნულ პირებს ეცნობათ ასევე სხდომის დღის შესახებ. მოპასუხე კომპანიების - შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მიერ 2008 წლის 10 ივლისს წარმოდგენილი იქნა საპასუხო პოზიცია, რომელშიც მხარეები არ იზირებენ განმცხადებლის მოსაზრებას და უსაფუძვლოდ მიიჩნევენ მათი სანქცირების შესახებ შპს ”მაგთიკომის” მოთხოვნას.

კომისია აღნიშანვს, რომ მოპასუხე ავტორიზებული პირების პასუხში დაფიქსირებულია, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება განმცხადებელს და უნდა დადასტურდეს აღნიშნული ტარიფის დარიცხვის და ანგარიშსწორების ფაქტი. მოპასუხეები  (შპს ”ახალი ქსელები” და ”ახტელი”) ამავდროულად  აღნიშანვენ, რომ ”მაგთიფიქსის” მომსახურებისათვის მათ მიერ დადგენილია ორი ტარიფი ზონის შიგნით ზარებზე - 4 თეთრის ოდენობით, ზონათშორისო ზარებზე 15-20 თეთრი, და რადგან კავშირი ხორციელდება როგორც ზონის შიგნით, ასევე ზონის გარეთ, სხვა გეოგრაფიულ ზონასთან, ტარიფიც ერიცხება გაწეული მომსახურების ადეკვატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვისას, კომისიის მიერ კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს, ასევე მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალათ წარმოედგინათ დასკვნა შპს ”მაგთიკომის” მიერ ე.წ. ”მაგთიფიქსის” მომსახურების შესახებ, კერძოდ დასკვნა იმის შესახებ: აღნიშნული მომსახურება მიეკუთვნება ადგილობრივ, საქალაქთაშორისო თუ მობილური მომსახურების სახეს.

კომისია აღნიშანვს, რომ კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის, ასევე მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნები, სხდომის დღის ჩანიშვნის თაობაზე შეტყობინებასთან ერთად 2008 წლის 9 სექტემბერს, გადაეგზავნა, როგორც შპს ”მაგთიკომს”, ასევე სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ”ახტელს” და შპს ”ახალ ქსელებს”.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ  2008 წლის 12 სექტემბერს, კომისიის სხდომამდე, შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მიერ წარმოდგენილი იქნა საპასუხო პოზიცია, რომელშიც  მხარეები მიუთითებენ კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ადგილობრივი მომსახურების ზონა დაყოფილია გეოგრაფიულ სეგმენტებად და აღნიშნულის საფუძველზე მიიჩნევენ, რომ მიუხედავად გამოყენებული არაგეოგრაფიული ნომრებისა, კონკრეტული გეოგრაფიულ ზონაში უნდა მოხდეს მომსახურების მიწოდება, რითაც არსებობს წინააღმდეგობა კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნასა და კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებას შორის. წარმოდგენილ  წერილობით შეპასუხებაში, შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი”, მიიჩნევს, რომ მათ მიერ სწორად ხდება სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონებში მყოფი აბონენტებისათვის საცალო საქალაქთაშორისო ტარიფის დარიცხვა, რომელი ბაზრის სეგმენტიც გამოკველეული არ არის და შესაბამისად არ არის დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ  2008 წლის 12 სექტემბრის, კომისიის სხდომაზე შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” შეპასუხება გადაეცა შპს ”მაგთიკომს” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”. ამავე სხდომაზე, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ მოთხოვნილი იქნა დამატებითი ვადა კომისიის მიერ გადაგზავნილი დასკვნების გაცნობის გამო, დამატებითი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.

            კომისია აღნიშანვს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  მიერ სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის შესაბამისად, მობილურ და ადგილობრივ სატელეფონო მომსახურებათა გამიჯვნის სამართლებრივი რეგლამენტაციის არარსებობის გამო, შეუძლებელი კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის, ასევე  სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნების გაზაირება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

კომისია აღნიშანვს, რომ შპს ”მაგთიკომის” განცხადების განხილვა კომისიაში გაგრძელდა 2008 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე. ამავე სხდომაზე კომისიამ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეისწავლა კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის, ასევე აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ შპს ”მაგთიკომის” განცხადებაში მოყვანილი არგუმენტაცია და დასაბუთება საფუძვლიანია და განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგი გარემოებების გამო:

კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით ”ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე”, კერძოდ პირველი პუნქტით ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზარზე, ჩატარებული კვლევისა და ანალიზის ფარგლებში, კომისიის მიერ განისაზღვრა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი. ამავე გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზარის სეგმენტების შემდეგი გეოგრაფიული საზღვრები: ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, ქ.რუსთავის, ქ.ზუგდიდის, ქ.ფოთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და დანარჩენი საქართველოს ადგილობრივი მომსახურების ზონები. 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგინდა:

ავტორიზებული პირი/ გეოგრაფიული ზონა

ქ. თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

შპს ”ახალი ქსელები”

შპს ”ახტელი”

ქ. ქუთაისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

შპს ”ახალი ქსელები”

ქ. რუსთავის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”

ქ. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

ქ. ზუგდიდის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

შპს ”ივერია ქსელი”

აჭარის ავტ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე

შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”

დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

2. კომისია მიუთითებს, კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-9, მე-12 და მე-14 პუნქტებზე, რომელთა შესაბამისად, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელობანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს  - სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ”ახტელს” და შპს ”ახალ ქსელებს” სხვა სპეციფიკურ ვალდებულებებს შორის, ეკისრებათ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მეხუთე თავით განსაზღვრული, დაშვებისა და სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება.

3. კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტულ ავტორიზებულ პირებს -  სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ”ახტელს”, შპს ”ახალ ქსელებს” დაევალათ საკუთარი ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის       მომსახურების მსურველი (აქცეპტანტი) ავტორიზებული პირისათვის არადისკრიმინაციული და ერთგვაროვანი პირობებით (მათ შორის ტარიფებით, ხარისხით, მიწოდების ვადებით) მომსახურების მიწოდება, რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული ან/და სხვა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისათვის.

4. კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-12 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს” დაუდგინდათ სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზღვრული ტარიფი - 4 თეთრის ოდენობით, წუთზე დღგ-ს ჩათვლით.

5. კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს” დაეკისრათ სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება,  შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მჭიდროდ დაკავშირებულ, სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე უზრუნველყოს  აბონენტებისათვის (ბოლო მომხმარებლებისათვის) ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით, არ უნდა დაუშვას საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა.

ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებულ, სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, დადგინდა  ზღვრული ტარიფი - 4 თეთრის ოდენობით წუთზე დღგ-ს ჩათვლით: საკუთარ აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურებისა და სხვა ფიქსირებული ქსელის მფლობელი ოპერატორების აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების სახეებზე.

6. კომისია აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარეები კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში ადასტურენენ იმ გარემოებას (კომისიის სხდომის 2008 წლის 12 და 19 სექტემბრის სხდომის ოქმები), რომ შპს ”მაგთიკომის” იმ აბონენტების მიმართულებით, რომლებიც სარგებლობენ ”მაგთიფიქსის” სამნიშნა ნუმერაციის რესურსით, სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონებში, საცალო ტარიფად არიცხავენ იგივე თანხას რაც საქალაქთაშორისო (შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” შემთხვევაში) ან/და მობილური (სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, შემთხვევაში) ზარებისათვის. ამავდროულად, როგორც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, ასევე შპს ”ახტელის” და შპს ”ახალი ქსელის” წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ როგორც საკუთარ, ისე სხვა ფიქსირებული ქსელის ოპერატორის ქსელში დასრულებული ზარებისათვის ანგარიშწორებას, განსხვავებული საცალო ტარიფებით აწარმოებენ.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული ის გარემოება, რომ როგორც შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის”(დადგენილია საქალაქთაშორისო ტარიფი), ასევე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ (დადგენილია მობილური კავშირისათვის დადგენილის იდენტური ტარიფი) ”მაგთიფიქსის” მიმართულებით ანუ 8-90 ნუმერაციის ინდექსით დაწყებულ სატელეფონო ნომრების აბონენტებისათვის საცალო ტარიფი, დადგენილია კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ 4 თეთრიან ტარიფზე მეტი ოდენობით.

8. კომისია აღნიშანვს, რომ იზიარებს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის, ასევე მონიტორინგის დეპარტამნეტის დასკვნებს (გადაწყვეტილების დანართი №1 და დანართი №2), და დადგენილად მიიჩნევს, იმ გარემოებას, რომ შპს ”მაგთიკომი”, მის სარგებლობაში არსებული სამნიშნა ნუმერაციის რესურსი - 890-ის გამოყენებით ახორცილებს ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების მიწოდებას. კომისია, ასევე იზიარებს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნას, შპს ”მაგთიკომის”  სამნიშნა ნუმერაციის რესურსის - 890-ის გამოყენებით მიწოდებულ ე.წ. ”მაგთიფიქსის” ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების შესახებ და მიაჩნია, რომ დადასტურებული ფაქტია, რომ აღნიშნული აბონენტები არ იცვლიან ფიჭას; ადგილმდებარეობის შეცვლისას და ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის გათვალისწინებით  მომსახურების სახის იდენტიფიცირებისათვის, მნიშვნელობა არ აქვს გამოყენებულ ტექნოლოგიას, რომელიც ტექნოლოგიური ნოვაციების გათვალისწინებით შეიძლება  შეიცვალოს; მიუხედავად იმისა, რომ კავშირი აბონენტთან არ ხორციელდება სპილენძის სააბონენტო კაბელის გამოყენებით, არამედ ხორციელდება უსადენოდ, არ შეიძლება გაწეული მომსახურება მობილურ მომსახურებად დაკვალიფიცირდეს; კოდი 8-90 წარმოადგენს არაგეოგრაფიულ ნომერს, რომელიც არ განსაზღვრავს მომსახურების სახეს. კომისია, სრულად იზიარებს კომისიის აპარატის სტრატეგიული  განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნას, შსპ ”მაგთიკომის” მიწოდებული მომსახურების შესახებ, რომ  ტენიკური ინოვაცია, არ შეიძლაბა გახდეს მომსახურების სახის ცვლილების პირდაპირი გამომწვევი ფაქტორი.

9. კომისია მიუთითებს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპზე, რაც ნიშნავს, რომ კომისიის მიერ მარეგულირებელი გადაწყვეტილებების მიღებისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ბოლო მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეს და არა ამ მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებულ ტექნოლოგიებს  (მეორე მუხლის ”ჰ26” პუნქტი). ამავე კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ვალდებულია გამოიყენოს აღნიშნული პრინციპი.

10. კომისია მიუთითებს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. კანონმდებელი ცალსახად ადგენს ზოგად მოთხოვნას დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით მომსახურების შესახებ.

11. კომისია დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს ”მაგთიკომის” მიერ დადგენილია საბითუმო ბაზარზე, მთელს მის ფიქსირებულ ქსელში, ზარის დასრულებისათვის ტარიფი - 4 თეთრი, თანახმად კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებისა. სადაოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს ”მაგთიკომის” მიერ რაიმე დამატებითი ტარიფი დადგენილი არ ყოფილა. კომისია მიიჩნევს, რომ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე შეთავაზებული საბითუმო ტარიფის - 4 თეთრის პირობებში, ხარჯებზე ორიენტირებულად ვერ მიიჩნევა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შეთავაზებული მობილური, ასევე შპს ”ახტელის” და შპს ”ახალი ქსელების” შემოთავაზებული საქალაქთაშორისო საცალო ტარიფები, რადგან შპს ”მაგთიკომის” მიერ შეთავაზებული საბითუმო ხარჯი ზარის დამსრულებელი ოპერატორისათვის -  4 თეთრის ოდენობით, მიუხედავად ”მაგთიფიქსის” აბონენტის ადგილმდებარეობისა, არ იზრდება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალსიწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, შპს ”ახტელი” და შპს ”ახალი ქსელის” მიერ არასწორად ხდება შპს ”მაგთიკომის” ”მაგთიფიქსი”-ს მომსახურების შპს ”ახტელის” და შპს ”ახალი ქსელების” შემთხვევაში საქალაქთაშორისო, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ მობილურ კავშირად იდენტიფიცირება, რის გამოც ირღვევა, როგორც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მესამე პუნქტის, მეხუთე თავის მოთხოვნები, ასევე კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-9, მე-12 და მე-14 პუნქტების მოთხოვნები.

კომისია, ამასთან აღნიშანვს, რომ შემოთავაზებული მომსახურების ინოვაციურობა და იმ ტექნოლოგიის სიახლე საქართველოში, რომლითაც ხორციელდება შპს ”მაგთიკომის” მიერ ”მაგთიფიქსის” მომსახურების მიწოდება, გახდა საფუძველი სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ განხორციელებული მოქმედების და ადგილი არ ჰქონია კონკურენციის შეზღუდვის განზრახვას, რადგან აღნიშნულ კომპანიას, შპს ”მაგთიკომის”  სხვა ანალოგიურ მომსახურებაზე (ადგილობრივ ზარებზე თბილისის ადგილობრივ ექვსნიშნა ნუმერაციის რესურსზე - 17) დადგენილი აქვს იგივე საცალო ტარიფი, რაც შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მიმართულებით - 4 თეთრი.

 კომისია ასევე არ გამორიცხავს დამატებით შეისწვალოს  ამ ტიპის (უსადენო) ტექნოლოგიით განხორციელებული ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების საბითუმო ხარჯები.

ანალოგიურ ვითარებასთან გვაქვს საქმე შპს ”ახტელთან” და შპს ”ახალ ქსელებთან” მიმართებაშიც.

კომისია, არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მოხდეს შპს ”ახალი ქსელების”, შპს ”ახტელისა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირება. ამასთან, მიზანშეწონილია განემარტოთ მხარეებს, რომ შპს ”მაგთიკომის” მიერ უსადენო ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება, ადგილობრივი სადენიანი სატელეფონო მომსახურების იდენტური მომსახურებაა და ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპზე დაყრდნობით,  მომსახურების სახის განსაზღვრისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მიწოდებულ მომსახურებას და არა გამოყენებულ ტექნოლოგიას.

            კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს მობილურ და ადგილობრივ სატელეფონო მომსახურებათა სამართლებრივი რეგლამენტაცია და ლეგალური დეფინიცია და შესაბამისად შეუძლებელია მათი გამიჯნვა, რადგან კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3  დადგენილებით ” ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”, კერძოდ მესამე მუხლის პირველი პუნქტის ”ა”, ”ბ”, ”ზ” და”ჰ18” ქვეპუნქტებით წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივი, ასევე მობილური სატელეფონო მომსახურების განმარტება, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ მხარებმა მათი საქმინობისას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-19, 37-ე, 41-ე და 42-ე მუხლების, ”ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3  დადგენილების მესამე მუხლის პირველი პუნქტის ”ა”, ”ბ”, ”ზ” და”ჰ18” ქვეპუნქტების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით

გადაწყვიტა:

1. განემარტოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს”, რომ შპს ”მაგთიკომის” მიერ უსადენო  ტექნოლოგიით მიწოდებული ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება, ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების სახეობაა.

2. დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს”, შპს ”მაგთიკომის” ფიქსირებული ქსელის აბონენტებთან კავშირისათვის (აბონენტებთან, რომლების სატელეფონო ნომრები იწყება სამნიშნა ნუმერაციის რესურსით 8-90) დადგენილი ტარიფების კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა, ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში დაფიქსირებული განმარტების გათვალისწინებით.

3. არ დაკმაყოფლდეს შპს ”მაგთიკომის” მოთხოვნა, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” სანქცირების თაობაზე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის გაგზავნა;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი) ერთი თვის ვადაში;

7.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (WWW.GNCC.GE ) გამოქვეყნების დღიდან.

კომისიის  წევრები:                  კ. კვიტაიშვილი                                 

                                                  ზ. ნონიკაშვილი                                                                           

                                                  ს. ბრიტანჩუკი

დამატების თარიღი: 2008-10-02 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები