წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის არსებითი განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ

ნომერი: 536 / 16

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 29, 2008

მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინმა” 2008 წლის 9 ივლისს განცხადებით მიმართა  კომისიას, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”კავკასუს ონლაინი” აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს დაზიანდა მათი აპარატურა, რომელიც განთავსებულია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” საკუთრებაში არსებულ ასს 95-ში შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ იჯარით აღებულ ფართში. აღნიშნული დაზიანების გამო, აპარატურა გაითიშა ასევე შემდეგ ასს-ებში: №30,31,34,37,61,62,67,35, რამაც გამოიწვია 10000-მდე აბონენტისათვის ინტერნეტ მომსახურების შეწყვეტა. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ადგილი აქვს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც არსებით ეკონომიკურ და საოპერაციო პრობლემებს უქმნის მათ კომპანიას. შპს ”კავკასუს ონლაინი” ასევე, აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარე უგულებელყოფს საქართველოს კანონმდებლობასა და კომისიის გადაწყვეტილებებს.

მოთხოვნები:

1) დაავალოს კომისიამ მოპასუხე მხარეს, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-10 მუხლის ”ბ” ქვეპუნქტის, ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების, დადგენილ ვადებში უპირობოდ და კეთილსინდისიერი შესრულება;

2) დაევალოს მოპასუხე მხარეს, რეალურად უზრუნველყოს შპს ”კავკასუს ონლაინის” თანამშრომლების არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და შეუზღუდავი დაშვება, მის საკუთრებაში არსებულ სათავსებში განთავსებულ შპს ”კავკასუს ონლაინის” აპარატურასთან;

3) დაევალოს მოპასუხე მხარეს, შპს ”კავკასუს ონლაინის” დაუყოვნებლივ ინფორმირება შეფერხებისა და დაზიანების შემთხვევაში, უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით;

4) განემარტოს მოწინააღმდეგე მხარეს, რომ ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები მოქმედებს და  შესაბასად აპარატურასთან დაშვების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს, დასვენების და უქმე დღეებშიც და მათი მოქმედების შეჩერება არ დაიშვება მოწინააღმდეგე მხარის შიდასაუწყებო აქტებით;

5) დაევალოს მოპასუხე მხარეს დაშვების კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარე, არ დაუშვას მისი შიდასაუწყებო აქტებით კანონის ნორმათა და კომისიის გადაწყვეტილებათა ხელოვნური დაკნინება და შპს ”კავკასუს ონლაინისათვის” ხელოვნური ბარიერების შექმნა, მისი კანონიერი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში;

6) საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებების დარღვევისათვის, დაეკისროს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა - ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5%-ის  ოდენობით;

7) გადაწვეტილება მიქცეულ იქნას დაუყონებლივ აღსრულებისათვის.

            უნდა აღნიშნოს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შეპასუხება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნები მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

            1) ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”რ” ქვეპუნქტის თანახმად, დაშვება არის - ”ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს უზრუნველყოფას: ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესაბამისი ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით; ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებით და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ შორის, საკანალიზაციო არხებით და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით; თანალოკაციის ფართობით; ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი ელემენტებით, მათი თავისუფალი საოპერაციო რესურსებითა და სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით); აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზების, ნომრების პორტაბელურობასთან (ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით, ასევე ვირტუალური ქსელების მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას”. როგორც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აღნიშნავს, ამ მუხლის ანალიზის საფუძველზე ცალსახაა, რომ დაშვების პირობები განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის მიერ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დაშვების პირობების განსაზღვრა მოხდა მოწვევის ოფერტის გამოქვეყნების საშუალებით, რომელიც თანაბრად ვრცელდება ყველა მომსახურების მიღების მოსურნე ავტორიზებულ პირზე.

2) სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ფაქტიურად ყველა მომსახურებაზე გამოქვეყნებული აქვს მოწვევის ოფერტები, რომლებიც, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაშია კომისიის გადაწყვეტილებების და კანონის მოთხოვნებთან.

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” მოითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა მისი უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან, შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ არ განხორციელდა მათ მიერ გამოქვეყნებულ ოფერტებზე უპირობო აქცეპტი და არ გაფორმებულა სათანადო ხელშეკრულებები. ამასთან, მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ ვინაიდან, მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ იქნა მოწვევის ოფერტაზე შესაბამისი აქცეპტის გაკეთება და გასაჩივრებულ იქნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოქვეყნებული  მოწვევის ოფერტები, მიზანშეწონილი იქნება განხორციელდეს ამ დავის შეჩერება კომისიის მიერ მოწვევის ოფერტებთან დაკავშირებულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 25 ივლისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან  გ. ჭელიძე და ვ. ცეცხლაძე, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან - ლ. გიორგაძე. აღნიშნულ სხდომაზე,  მხარეებმა დაადასტურეს კომისიაში წარმოდგენილი წერილებში აღნიშნული პოზიციები და დამატებითი მტკიცებულებები  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.

2008 წლის 22 აგვისტოს გაიმართა კომისიის სხდომა. მხარეებმა მოითხოვეს ოფერტის პირობებზე შეთანხმების მიზნით სხდომის 2008 წლის 5 სექტემბრისთვის გადადება. ოფერტის პირობებზე შეუთანმებლობის გამო, სხდომა გადადებულ იქნა ორჯერ - ჯერ 12 სექტემბრისთვის, შემდგომ 19 სექტემბრისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე, მხარეთა მიერ დაფიქსირებულ ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, აგრეთვე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისა და განცხადება-შეპასუხების ანალიზის საფუძველზე, ირკვევა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის შესაბამისად, ვერ ხერხდება ხელშეკრულებების გაფორმება მოწვევის ოფერტის პირობებზე შეუთანხმებლობის გამო. შპს ”კავკასუს ონლაინს” მიაჩნია, რომ აღნიშნული მოწვევის ოფერტა კანონსაწინააღმდეგოა და შუამდგომლობს მისი კანონიერების შესწავლაზე, რის შესახებაც კომისიაში მიმდინარებს ცალკე ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც დაწყებულია შპს ”კავკასუს ონლაინის” 2 ივლისის №642/020708 განცხადების საფუძველზე.

კომისია აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის ურთიერთობები არ არის დარეგულირებული ამ ეტაპზე მოქმედი ხელშეკრულებებით, რის გამოც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, შპს ”კავკასუს ონლაინის” მიმართ არ არის შეზღუდული რაიმე სახელშეკრულებო ვალდებულებებით.  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, მის მიერვე 2008 წლის 27 მაისს ”სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზებისა” და 2008 წლის 23 მაისს ”ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების” მოწვევის ოფერტების გამოქვეყნების თარიღებიდან მოყოლებული, შეზღუდულია მხოლოდ ამ მოწვევის ოფერტებში ასახული ვალდებულებებითა და პირობებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადებაში მითითებულ მოთხოვნათა თაობაზე, კომისია ვერ იმსჯელებს, მანამ არ მოხდება მხარეებს შორის სათანადო ხელშეკრულებების გაფორმების ხელშემშლელი გარემოებების დადგენა და აღმოფხვრა, შემდგომ კი სათანადო ხელშეკრულების გაფორმება, რაც მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობების და  ვალდებულებათა წარმოშობის წინაპირობაა.

კომისია განმარტავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გარანტირებული დაშვების ვალდებულება მომსახურების მიმწოდებელი მხარის მიერ უნდა აღსრულდეს, მაგრამ ამავდროულად ამ მომსახურების გაწევის წესი და პირობები მომსახურების მიმწოდებელ და მომსახურების მიმღებ სუბიექტებს შორის გაფორმებული სათანადო ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს. ამასთან, კომისია მიანიშნებს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” უარს არ ამბობს მხარისთვის დაშვების უზრუნველყოფაზე.

კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №537/16  გადაწვეტილებით დადგინდა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტების არსებითი პირობების ნაწილი საჭიროებს კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №537/16 გადაწვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას. როგორც კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა, სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” უნდა განახორციელოს 3 დღის ვადაში შესაბამისი ცვლილებები ”სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზებისა” და ”ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების” მოწვევის ოფერტებში. კომისია დამატებით, აღნიშნავს, რომ დაზიანებათა აღმოფხვრისას ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის ვალდებულება, კომპანიამ განუხრელად უნდა შეასრულოს, კონტრაგენტი მხარის სათანადო მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების შესაბამისად, და ეს უკანასკნელი არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ზემოაღნიშნულ რეგლამენტს.

კომისიას მიაჩნია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”, მის მიერვე გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის პირობები, შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის № 357/16 გადაწყვეტილებასთან. ამის შემდეგ, შპს ”კავკასუს ონლაინს” საშუალება ექნება გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები მომსახურების მიღებაზე, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად შესწორებულ მოწვევის ოფერტაში ასახული პირობებით.

ამასთან, მხარეებს უნდა განემარტოთ, რომ შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებების გაუფორმებლობის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი მხარე არ არის ვალდებული გაუწიოს მომსახურება მომთხოვნ მხარეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიწოდება მაინც ხორციელდება, ამ შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი მხარე არ არის შეზღუდული რაიმე სახელშეკრულებო პირობებით, გარდა მის მიერვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე და 42-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით

გადაწყვიტა:

1.      უარი ეთქვას შპს ”კავკასუს ონლაინს” განცხადების დაკმაყოფილებაზე;

2.      მხარეებს მიეცეთ წინადადება დროულად გააფორმონ შესაბამისი ხელშეკრულებები, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ, კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის № 357/16 გადაწყვეტილების შესაბამისად;

3.      განემარტოს შპს ”კავკასუს ონლაინს”, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ვერ იქნება შებოჭილი სახელშეკრულებო ვალდებულებებით და ვერც კომისია ვერ იმსჯელებს სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის და შესაბამისად, ამ ხელშეკრულებათა  საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის ან მომსახურების მიმწოდებელი მხარის მიერ საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე;

4.      დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლების მხარეებისათვის გაგზავნა;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);

6.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

7.      გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.

კომისიის წევრები:            კ. კვიტაიშვილი

                                              ზ. ნონიკაშვილი

                                              ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები