სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტს” შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 08, 2008
მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 11 აპრილს, კომისიას განცხადებით (№8-15/441) მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტთან” დავის განხილვის მოთხოვნით. განმცხადებელი მოითხოვდა, მომხდარიყო მისი დაშვება შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” საქსელო რესურსთან ქ. ფოთში. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის” მიუღებელი იყო შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” შეთავაზება ქ. ფოთში დაშვების ნაცვლად, ქ.თბილისში, ანალოგიურ რესურსთან დაშვების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადებაში წარმოდგენილი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 და 34-ე მუხლები და კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №498/9 გადაწყვეტილება, ”მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”, რომლითაც შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი” ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ მაგისტრალური არხებით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” 2008 წლის 11 აპრილის განცხადება 2008 წლის 29 აპრილს წარმოდგენილი დანართებითურთ გადაეგზავნა შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტს” და კომისიის წერილით, მოპასუხე მხარეს მიეცა ვადა მათი პოზიციის წარმოსადგენად, ასევე ეცნობა მოსამზადებელი სხდომის დღის ჩანიშვნის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მიერ 2008 წლის 1 მაისს კომისიაში წარმოდგენილ იქნა წერილი (ედ-08/120) რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მიერ ურთიერთჩართვის წერტილად გამოცხადებული იყო ქ. თბილისში არსებული შესაბამისი წერტილი (ჯიქიას №16), ხოლო ქ. ფოთში ურთიერთჩართვის წერტილი შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მიერ გამოცხადებული არ ყოფილა. ამავდროულად, შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი” წარმოდგენილ წერილში, აღნიშნავს, რომ თანალოკაციის ფართთან დაშვებაზე, მის მიერ თანხმობის გაცემა უკანონო იქნება, რადგან ქვექირავნობაზე, ფართის მესაკუთრისაგან თანხმობა გაცემული არ არის, ხოლო თვითონ, როგორც მოქირავნე შეზღუდულია მესაკუთრის თანხმობის გარეშე თანალოკაციის ფართში დაშვებაზე ნებართვის გაცემისას. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მიერ წარმოდგენილია 2008 წლის 01 იანვრის ხელშეკრულება ფიზიკურ პირთან რევაზ სახოკიასთან თანალოკაციის ფართის ქირავნობის შესახებ.
კომისიამ შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განცხადებაში დასმული მოთხოვნები და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება და საჭიროა მისი განხილვა და არსებითი გადაწყვეტა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში 2008 წლის 2 მაისს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგნლის მიერ წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული განცხადება დამატებითი მოთხოვნებით, რომლის ასლი გადაეცა შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი ფოპტნეტის” წარმომადგენლებს კომისიის სხდომაზევე და საკითხის განხილვა გადაიდო 2008 წლის 08 მაისითვის.
კომისიის 2008 წლის 08 მაისის №254/16 გადაწყვეტილებით დაინიშნა დავის განხილვის დღე. სხდომაზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” დააზუსტა მისი მოთხოვნა:
1. ქ. ფოთში სოჭი-ნოვოროსისკის მიმართულებით ოპტიკურ-ბიჭკოვან ერთ წყვილთან დაშვების შესახებ;
2. ქ. ფოთში STM მულტიპლექსორის პორტებთან დაშვების შესახებ, საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი არხების უზრუნველყოფის მიზნით, ხოლო ასეთი რესურსის არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკური აპარატურის მონტაჟის განხორციელებაზე ნაბართვის გაცემის შესახებ;
3. კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” სანქცირების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დაზუსტებული მოთხოვნების პასუხად, შპს ”ოპტიკურ- ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მიერ 2008 წლის 04 ივნისს, დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა კომპანია ”დანტელკო”-ს წარმომადგენლის წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი” არის საქართველოს მონაკვეთის მფლობელი და არა მესაკუთრე და აღნიშნული კომპანია, მოკლებულია შესაძლებლობას ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება რესურსთან დაშვებასთან დაკავშირებით, რადგან რესურსი წარმოადგენს სამი კომპანიის თანასაკუთრებას.
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 05 სექტემბრის სხდომაზე, კომისიის აპარატის შესაბამისი დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, სხდომა გადაიდო 2008 წლის 19 სექტემბრამდე, რადგან შემოწმებულიყო ბოლო მდგომარეობა თავისუფალი რესურსის არსებობის შესახებ. კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2008 წლის 18 სექტემბერს წარმოდგენილი იქნა დასკვნა ქ. ფოთში, შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი”-ს თავისუფალი რესურსის არსეობობის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ. ფოთში 2 მეგაბიტიანი არხების გამოყოფა STM4 მულტიპლექსორის საშუალებით ხორციელდება, ხოლო STM16 ქ. ფოთში არის გამჭოლი მულტპლექსორი, რომლის აგრეგატული კარტა მიერთებულია იმ კაბელთან (8 ბოჭკო), რომელიც უერთდება ფოთი-სოჭი-ნოვოროსისკის საერთაშორისო კვანძს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ტექნიკური საშუალება STM16-ზე 2 მეგაბიტიან დონეზე არის მხოლოდ თბილისში. მონიტორინგის დეპარტამენტი 18 სექტემბრის დასკვნაში აგრეთვე აღნიშნავს, რომ ქ. ფოთში, სხვა ოპერატორის დაშვება შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი”-ს კუთვნილ მაგისტრალურ ქსელთან, შესაძლებელია სათანადო აპარატურის შეძენის შემთვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 19 სექტემბერს გაიმართა საკითხის არსებითი განხილვა. კომისიამ განიხილა მხარეთა წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებები, განიხილა კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნები და მხარეთა მიერ მოწოდებული მტკიცებულებები, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნები ნაწილობრივ უსაფუძვლოა და შესაბამისად მათი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგი გარემოებების გამო:
1. კომისია აღნიშნავს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა ქ. ფოთში სოჭი-ნოვოროსისკის მიმართულებით ოპტიკურ-ბიჭკოვან ერთ წყვილთან დაშვების შესახებ. კომისია მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ერთ ნივთს რამდენიმე პირი ერთობლივად ფლობს, ისინი ითვლებიან თანამფლობელებად. ამავდროულად, კომისია ითვალსიწნებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილს, ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის ”რ” პუნქტს, ასევე ამავე კანონის 34-ე მუხლს, სადაც დაშვების განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა დაშვების ობიექტზე, ანუ ფოთი-სოჭი-ნოვოროსისკის ოპტიკურ კაბელზე შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი”-ს ისეთი საკუთრების უფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული მესამე პირების მიერ. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების და მტკიცებულებების შესაბამისად, ფოთი-სოჭი-ნოვოროსისკის ოპტიკურ კაბელზე შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი”-ს მფობელობა წარმოადგენს თანაზიარ უფლებას, სხვა პირებთან ერთად და შესაბამისად დაშვების განხორციელებაზე თანხმობის გაცემა, მხოლოდ მოპასუხის ნებაზე დამოკიდებული არ არის. საგულისხმოა, რომ შპს ”ოპტიკურ- ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მიერ 2008 წლის 04 ივნისს, დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა ”დანტელკო”-ს წარმომადგენლის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი” არ არის რესურსის ერთპიროვნული მესაკუთრე და, აღნიშნული კომპანია, მოკლებულია შესაძლებლობას ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება რესურსთან დაშვებასთან დაკავშირებით, რადგან ეს რესურსი წარმოადგენს სამი კომპანიის თანასაკუთრებას.
2. კომისია აღნიშანვს, რომ სადაოს არ წარმოადგენს ის გარემეობა, რომ შპს ”ოპტიკურ- ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი” კომისიის 2007 წლის 31 აგვიტოს №498/9 გადაწყვეტილებით, მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და საერთაშორისო მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძლაუფლების მოქნედ და დაკისრებული აქვს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 თავით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის ქსელის შესაბამის რესურსთან დაშვების სპეციფიკური ვალდებულება. კომისია, უთითებს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”რ” პუნქტზე, რომლის შესაბამისად დაშვების გახცორციელების ერთ-ერთი პირობაა შესაბამისი თავისუფალი რესურსის არსებობა. კომისია, ასევე უთითებს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ჰ39” პუნქტზე, რომლის შესაბამისად ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის თავისუფალი ელემენტი ეს არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტი, მისი ფუნქციონალური რესურსი ან სიმძლავრე, რომელიც არ არის დატვირთული და რომლის გამოყენებაც ტექნიკური და საოპერაციო მოთხოვნების დაცვით შესაძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, რომელიც ფლობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, ვალდებულია უზრუნველყოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება.
კომისია მიუთითებს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპატრამენტის 2008 წლის 18 სექტემბრის დასკვნაზე, რომლის შესაბამისად STM-16 ქ. ფოთში არის ”გამჭოლი” მულტიპლექსორი და ტექნიკური საშუალება STM-16-ზე 2 მგბტ-იან პორტებზე მიერთებისათვის არის მხოლოდ ქ. თბილისში.
კომისია ეყრდნობა რა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ჰ39” პუნქტს, ამავე კანონის მე-19 მუხლის მეორე ნაწილის ”დ” პუნქტს, ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ არსებობოს თავისუფალი რესურსი დაშვების განსახორციელებლად, მიიჩნევს, რომ შეუძლებელია დაკმაყოფილდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა ქ. ფოთში STM-16 მულტიპლექსორის 2 მგბტ-იან პორტებთან დაშვების შესახებ თავისუფალი რესურსის არარსებობის გამო.
3. ამასთან, კომისია ვერ გაიზიარებს შპს ”ოპტიკურ- ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი”-ს პოზიციას, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქ. ფოთში დაშვებაზე უარის შესახებ, ქ. ფოთში ურთიერთჩართვის წერტილის არარსებობის გამო, რადგან კომისიის 2007 წლის 31 აგვიტოს №498/9 გადაწყვეტილებით, მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და საერთაშორისო მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ და დაკისრებული აქვს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 თავით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები, ხოლო მთელი საქართველოს ტერიტორიაში მოიაზრება ქ. ფოთის გეოგრაფიული ზონაც.
კომისია ამავდროულად აღნიშანვს, რომ, მიუხედავად იმ გარემეობისა, რომ შპს ”ოპტიკურ- ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი”-ს თანალოკაციის ფართი წარმოადგენს მესამე პირის საკუთრებას, ხოლო თვითონ კომპანიას, ქვექირავნობის უფლება, შეზღუდული აქვს გამქირავებლის მიერ, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის 2008 წლის 18 სექტემბრის დასკვნაზე დაყრდნობით, კომისია მიიჩნევს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დაშვება შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი”-ს მიერ მის კუთვნილ მაგისტრალურ ქსელთან, შესაძლებელია სათანადო აპარატურის შეძენის შემთვევაში. გასათვალისწინებელია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” დაშვებას მოითხოვს შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი”-ს მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგბიტწამიანი პორტების უზრუნველსაყოფად (იხ. დაზუსტებული განცხადება), შესაბამისად, კომისიას მიაჩნია რომ, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ სათანადო აპარატურის შეძენის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოფილი იქნას მისი დაშვება ქ. ფოთში შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი”-ს ქსელთან და მოთხოვნაც ამ ნაწილში, სწორედ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ზემოაღნიშნული პირობის შესრულებით, უნდა დაკამყოფილდეს.
4. კომისია აქვე აღნიშანვს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, არ არსებობს შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი”-ს გაფრთხილების ან დაჯარიმების საფუძველი, რადგან არ არსებობოს კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №498/9 გადაწყვეტილების დარღვევის ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა შპს ”ოპტიკურ- ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი”-ს სანქცირებასთან დაკავშირებული არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19, 41-ე და 42-ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 103-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა ქ. ფოთში შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი”-ს კუთვნილ STM მულტიპლექსორთან საერთაშორისო არხებთან, ასევე ფოთი-სოჭი-ნოვოროსისკის ოპტიკურ კაბელთან დაშვების შესახებ.
2. არ დაკმაყოფილდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” სანქცირების შესახებ.
3. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა და დაევალოს შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი”-ს, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დაშვება შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის ქ. ფოთში, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ სათანადო აპარატურის შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის გაგზავნა;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ და მონიტორინგის დეპარტამენტებს (კ. ყურაშვილი, მ. გოთოშია).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (WWW.GNCC.GE ) გამოქვეყნების დღიდან.
კომისიის წევრები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
ს. ბრიტანჩუკი
