წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №191/18 გადაწყვეტილებით შექმნილი მუშა ჯგუფის წევრების ერთობლივი დასკვნის ცნობად მიღების შესახებ

ნომერი: 548 / 22

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 08, 2008

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №191/18 გადაწყვეტილების მე-4  და მე-5 პუნქტების შესაბამისად, სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასა“ და  შპს „ახალი ქსელებსა“ და შპს „ახტელს“ შორის, ერთმანეთის მიმართ თითოეული მხარის გაწეული სატელეკომუნიკაციო მოსახურების მოცულობის დადგენის მიზნით, შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ კომისიის აპარატის თანამშრომლები (კ. ყურაშვილი, ი. აბულაძე, ი. დეკანოსიძე, უ. სეთური).  მუშა ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად, ამავე გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნენ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” (ი. ფაჩუაშვილი, ლ გიორგაძე) და შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” თანამშრომლები (ხ. ინჯია, მ. კაპანაძე). მუშა ჯგუფის მუშაობაში ჩაერთო ასევე კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსი - გ. ბუთბაია.            კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №191/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიის აპარატში დასაქმებულ მუშა ჯგუფის წევრ ზემოაღნიშნულ პირებს დაევალათ სპეციალურ მუშა ჯგუფში მონაწილეობის მიღება და ერთობლივი დასკვნის წარმოდგენა, მოდავე მხარეებს შორის, ერთმანეთის მიმართ, თითოეული მხარის ფინანსური ვალდებულების შესახებ.

    კომისია აღნიშნავს, რომ  2008 წლის 17 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა 2008 წლის 04 აპრილის №191/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად ერთობლივი დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კ. ყურაშვილი, გ. ბუთბაია, ი. დეკანოსიძე, უ. სეთური და რომლის პროექტი გადაეგზავნა მოდავე მხარეებს.

   დასკვნა მოიცავს იმ სადაო საკითხებს, რომელთან დაკავშირებით, მხარებს შორის არსებობს შეუთანხმებლობა რამდენიმე წლის განმავლობაში, კერძოდ ურთიერთჩართვასთან, სატელეფონო წყვილების და სატელეფონო კანალიზაციის იჯარასთან და თანალოკაციის ფართის იჯარასთან დაკავშირებით. სამართლებრივი ურთიერთობის და ვალდებულების განსაზღვრისას, დასკვნის ავტორები ეყრდნობიან არამარტო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ბაზრის კვლევისა და ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ, არამედ მხარების მიერ წარმოდგენილ პოზიციებსაც.

     მუშა ჯგუფმა გამოარკვია, რომ კომპანიებს შორის არსებობს  სხვადასხვა სახის ურთიერთობები, რომელთა ნაწილი ხელშეკრულებებითაა განსაზღვრული, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში ხორციელდება ფაქტობრივი ურთიერთობები,  წერილობითი ხელშეკრულების  გაუფორმებლად, კერძოდ:

1.      სახაზო-საკაბელო სპილენძის სააბონენტო წყვილების რესურსებით (სატელეფონო და ფართოზოლოვანი) მომსახურება - მომსახურების მიმწოდებელია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”;

2.      ურთიერთჩართვა - მომსახურების მიმწოდებელია, როგორც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, ასევე შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” ;

3.      სატელეფონო კანალიზაციის არხებით მომსახურება - მომსახურების მიმწოდებელია  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”;

4.      თანალოკაციის და სხვა სახის ფართით სარგებლობა - მომსახურების მიმწოდებელია  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”;

ამასთან, გამოირკვა, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ მომსახურების გაწევის და მიღების ფაქტობრივი მონაცემებიდან გამომდინარე  წარმოშობილი ფულადი ვალდებულებები, რომელთა ოდენობებიც  მხარეთა მიერ სადაოდაა ქცეული. მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებებს რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ გაფორმებულია 2008 წლის 30 მაისის №1 და 2008 წლის 13 ივნისი №4 შეთანხმებები, ფართით სარგებლობასთან და სახაზო-საკაბელო სპილენძის სააბონენტო წყვილების იჯარასთან დაკავშირებით. ამასთან, მუშა ჯგუფმა ვერ შეძლო მხარეების შეთანხმება  სატელეფონო კანალიზაციის არხების იჯარასთან და ურთიერთჩართვის მომსახურებასთან დაკავშირებით, რაც ხშირ შემთხვევაში ტარიფებისა და გაწეული მომსახურების ოდენობათა არათანხვედრითაა განპირობებული.

მიუხედავად ამისა, მხარეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეჯერების და შესწავლის გზით, მუშა ჯგუფის წევრებმა, შეძლეს ჩამოეყალიბებინათ საკუთარი პოზიცია მხარეთა  მიერ გაწეული მომსახურების მიახლოებითი ოდენობების შესახებ, რის შესახებაც აღნიშნულ იქნა 2008 წლის 24 სექტემბრის სხდომაზეც და წარმოდგენილ დასკვნაშიც.

მუშა ჯგუფის წევრებმა  ვალდებულებების და მომსახურების სახეობების დადგენისას, მაქსიმალურად იხელმძღვანელეს კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22, 2005 წლის  27 დეკემბრის N809/22, 2005 წლის 27 დეკემბრის №808/22, 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილებებით, მხარეებს შორის 2003 წლის 15 იანვარს და შემდგომ გაფორმებული ხელშეკრულებებით და ერთობლივი საოქმო გადაწყვეტილებებით, მხარეების პოზიციების გამომხატველი შეთანხმებებით, აგრეთვე მხარეთა მიერ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში განთავსებული შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს “ახტელის” კაბელების ინვენტარიზაციის აქტებით, მხარეების მიერ წარმოდგენილი და ურთიერთგაცვლილი კორესპოდენციებით და საქართველოს კანონმდებლობით.

კომისია, აღნიშნავს, რომ მოდავე მხარეების მიერ არ იქნა გაზიარებული ერთობლივ დასკვნაში ჩამოყალიბებული ყველა პოზიცია.

            კომისია, მხარეებს შორის არსებული გადაუწყვეტელი და მოუწესრიგებელი სადავო საკითხების მოსაწერიგებლად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მოხდეს მხარეებსათვის რეკომენდაციის მიცემა მოაწესრიგონ სახელშეკრულებო ურთიერთობები და მიმართონ მაქსიმალურ ძალისხმევას სადავო საკითხების მოლაპარაკების და დაპირისპირების გარეშე მოწესრიგებისათვის.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე, 41-ე, 42-ე მუხლიებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 103-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, ერთის წინააღმდეგ (გ. ფრუიძე)

გადაწყვიტა:

1. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №191/18 გადაწყვეტილებით სს“საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასა“ და  შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელი“-ს შორის ერთმანეთის მიმართ თითოეული მხარის ფინანსური ვალდებულებების თაობაზე, ამავე გადაწყვეტილებით შექმნილი მუშა ჯგუფის წევრების კ. ყურაშვილის, ი. დეკანოსიძის, უ. სეთურის, აგრეთვე გ. ბუთბაის მიერ წარმოდგენილი 2008 წლის 17 სექტემბრის ერთობლივი დასკვნა (გადაწყვეტილების დანართი №1).

2. მიეცეთ რეკომენდაცია მხარეებს, მათ შორის არსებული სადავო საკითხების მორიგებით დასრულების და ურთიერთშეთანხმებით მოწესრიგების მიზნით, წარმოდგენილი ერთობლივი დასკვნის გათვალისწინებით მოახდინონ მხარეებს შორის არსებული სადავო საკითხების დარეგულირება.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების და ფინანსური ვალდებულებების დადგენის მიზნით წარმოდგენილი დასკვნის მხარეებისათვის გაგზავნა;

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (WWW.GNCC.GE ) გამოქვეყნების დღიდან.

კომისიის   წევრები:        კ. კვიტაიშვილი                                                                                       

                                               ზ. ნონიკაშვილი                                         

                                                ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები