წვდომის მენიუ

“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით დანიშნული ზეპირი მოსმენის გადადების შესახებ

ნომერი: 549 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2008

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”)  აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და  76-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2006 წლის 17 ნოემბერს, კომისიის №491/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.

“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით დანიშნული ზეპირი მოსმენის გადადების შესახებ”  კომისიის 2007 წლის 16 მარტის №131/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენის სხდომა გადაიდო 2007 წლის 18 მაისამდე, ხოლო  კომისიის 2007 წლის 27 აპრილი №222/22 გადაწყვეტილების საფუძველზე, “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ”  კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 15 ივნისი.

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველი საკითხის  აქტუალურობიდან გამომდინარე, 2007 წლის 15 ივნისიდან ერთი წლის მანძილზე გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, როგორც საზოგადოების, ასევე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელების წარმომადგენლებთან და შემუშავებულ იქნა ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც კომისიის მიერ გადაგზავნილ იქნა ყველა დაინტერესებულ პირთან და ასევე განთავსებულ იქნა კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2008 წლის 11 ივნისის №321/23 გადაწყვეტილების საფუძველზე, განახლდა “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ”  კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 9 ივლისი. პარალელურად, გამოქვეყნებული პროექტის მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვისადმი მიძღვნილ თავთან დაკავშირებით შემოსული მრავალი შენიშვნისა და წინადადების თაობაზე  კომპეტენტური ფსიქოლოგიური დასკვნის წარმოდგენის მიზნით, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტი გადაეგზავნა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციას (ფფა)” საექსპერტოდ.

ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციასთან (ფფა) 2008 წლის 20 ივნისს  გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ფფა-ს საექსპერტო ჯგუფს დაევალა პროექტის დამუშავება და გამოკვლევა შემდეგი კუთხით:

ა)    ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” პროექტში სათანადო შესწორებების შეტანა  და მისი პროფესიული და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით დასაბუთება და გამართვა;

ბ)    ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” პროექტის, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის თემისადმი მიძღვნილი ნაწილის პროფესიული (ფსიქოლოგიური) ანალიზი.

გ)    ფსიქოლოგიურ-პროფესიული თვალსაზრისით არასრულწლოვანთა შესაბამის კატეგორიებად დაყოფა, მაუწყებელთა მიერ საკუთარი სამაუწყებლო ბადის შედგენისას, არასრულწლოვანთა თითოეულ გამოყოფილ კატეგორიაზე მავნე ზეგავლენის მოხდენის თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი წყალგამყოფისა ან/და დროითი შეზღუდვების ფარგლების დასაბუთებულად განსაზღვრა, პროგრამირების კრიტერიუმების დადგენა და პროგრამების კონტექსტისეული გადაცემის ფორმების პროფესიული შეფასება და დაჯგუფება წყალგამყოფის მიხედვით;

დ)   ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” პროექტის, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის თემისადმი მიძღვნილი ნაწილის გადამუშავებული ვარიანტის წარმოდგენა, თანდართული პროფესიული მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნით;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2008 წლის 9 ივლისის №396/22 გადაწყვეტილების საფუძველზე გადაწყდა “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენის სხდომის 2008 წლის  24 სექტემბრამდე გადადება.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსულია ”მშობელთა გაერთიანების”, ”ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის” და კავშირი ”იბერიანას” ერთობლივი წერილი ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” პროექტზე  ფფა-ს მიერ წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნა-ანალიზთან  დაკავშირებით. ზემოაღნიშნული ორგანიზაციები გამოხატავენ პროტესტს ფფა-ს მიერ წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნა-ანალიზთან  დაკავშირებით, რის გამოც კომისიას მიაჩნია, რომ ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” ფფა-ს საექსპერტო დასკვნა-ანალიზის საფუძველზე გადამუშავებული პროექტის განსახილველად წარმოდგენა მიზანშეუწონელია, მანამ სანამ არ მოხდება ერთობლივ წერილში დასმული საკითხების გაანალიზება და დასაბუთებულობის შესწავლა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის 27 ივნისს  შეიტანა ცვლილებები და დამატებები, რომელთა შესაბამისად, ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მიღების ვადამ გადაიწია 2009 წლის 1 იანვრამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე და 76-ე მუხლების, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.   გადაიდოს  “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენის სხდომა 2008 წლის 21 ნოემბრამდე;

2.    დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი) და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე) ”მშობელთა გაერთიანების”, ”ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის” და კავშირი ”იბერიანას” ერთობლივ განცხადებაში დასმული საკითხების შესწავლა და პროექტის არსებითი გადამუშავება.

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

5.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;

კომისიის წევრები:                                                                            

ზ. ნონიკაშვილი 

ს. ბრიტანჩუკი

კ. კვიტაიშვილი

გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები