შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის არსებითი განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 08, 2008
მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინმა” 2008 წლის 5 ივლისს განცხადებით მიმართა კომისიას, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”კავკასუს ონლაინი” აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისადმი” გაგზავნილ იქნა მომსახურების გაწევაზე მიმართვები, რომლებზეც მოპასუხე მხარეს არ გაუცია პასუხი და შესაბამისად, არ განხორციელებულა არანაირი სამუშაო, რაც უზრუნველყოფდა განმცხადებლის შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილებას: ა) დაზიანებული წყვილების შეცვლა და დაზიანებათა აღმოფხვრა; ბ) DSL მომსახურებების ჩართვა; გ) 100 წყვილიანი კაბელების განთავსებისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვების გაცემა და შესაბამისი მარკის ჩარჩოების გამოყოფა. ამასთან, შპს ”კავკასუს ონლაინი” განცხადებაში მიუთითებს მოწინააღმდეგე მხარის საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებების არაერგზის დარღვევის ფაქტებზეც.
მოთხოვნები:
1. დაავალოს კომისიამ მოპასუხე მხარეს შეუზღუდავად და უპირობოდ განახორციელოს მათ მიერ გადაგზავნილ მიმართვებში (№462/110408; №478/210408; №498/020508; №445/070408; №457/100408; №471/170408; №479/210408; №488/240408; №496/020508; №500/050508; №352/300108; №534/270508) ასახული მოთხოვნების შესრულება;
2. საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებების დარღვევისათვის ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით, გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმუმის დაკისრება.
3. კომისიის გადაწვეტილებების დაუყონებლივ აღსრულება.
აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 29 აგვისტოს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან ვ. ცეცხლაძე, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან - ლ. გიორგაძე.
აღნიშნულ სხდომაზე, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” წარმოადგინა შეპასუხება, რომელშიც უკანასკნელი აღნიშნავს, რომ შპს “კავკასუს ონლაინის” განცხადება-შუამდგომლობებში გამოხატული მოსაზრებები არ შეესაბამება სინამდვილეს, უსაფუძვლოა და შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნები, შემდეგ გარემოებათა გამო:
1) ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”რ” ქვეპუნქტის თანახმად, დაშვება არის - ”ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს უზრუნველყოფას: ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესაბამისი ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით; ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებით და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ შორის, საკანალიზაციო არხებით და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით; თანალოკაციის ფართობით; ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი ელემენტებით, მათი თავისუფალი საოპერაციო რესურსებითა და სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით); აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზების, ნომრების პორტაბელურობასთან (ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით, ასევე ვირტუალური ქსელების მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას”. როგორც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აღნიშნავს, ამ მუხლის ანალიზის საფუძველზე ცალსახაა, რომ დაშვების პირობები განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის მიერ. მათ შემთხვევაში, დაშვების პირობების განსაზღვრა მოხდა მოწვევის ოფერტის გამოქვეყნების საშუალებით, რომელიც თანაბრად ვრცელდება ყველა მომსახურების მიღების მსურველ ავტორიზებულ პირზე. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სახაზო-საკაბელო წყველების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ოფერტაში განსაზღვრულია ის აუცილებელი პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს რესურსთან დაშვების მსურველი ავტორიზებული პირი. შპს ”კავკასუს ონლაინი” არ აკმაყოფილებს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტაში ასახულ პირობებს, კერძოდ, მას აქვს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დავალიანება, არ აქვს გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულება მომსახურების მიღებაზე, არ აწვდის ე.წ. ლინკის ნომერს და ა.შ.
2) უშედეგოდ დამთავრდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ყველა მცდელობა მოწინააღმდეგე მხარესთან გაეფორმებინა შესაბამისი ხელშეკრულებები. შპს ”კავკასუს ონლაინი” არ ეთანხმება კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტას და გასაჩივრებული აქვს კომისიაში 2008 წლის №642/020708 განცხადებით, რის თაობაზეც კომისიაში მიმდინარეობს ცალკე ადმინისტრაციული წარმოება. ამ პირობებში არანაირი სამართლებრივი ვალდებულება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მოწინააღმდეგე მხარესთან არ გააჩნია. უახლოეს პერიოდში, თუ კვლავ გაგრძელდება შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნების უსაფუძვლოდ უგულებელყოფა და არ გაფორმდება ყველა შესაბამისი ხელშეკრულება, მას სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან შუწყდება ყველა სახის მომსახურების მიწოდება, რაც ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ხორციელდება, გამოქვეყნებული ოფერტის შესაბამისად, არადისკრიმინაციულ რეჟიმში.
3) რაც შეეხება დაზიანებებს, ისინი საერთოდ სახეზე არ არის, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე თვითონ უთითებს თავის წერილებში, რომ სატელეფონო კავშირი არ არის დარღვეული. შესაბამისად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის შესაბამისად, ისინი ვერ განიხილება როგორც დაზიანება.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” მოითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა მისი უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან, შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ არ განხორციელდა მათ მიერ გამოქვეყნებულ ოფერტებზე უპირობო აქცეპტი და არ გაფორმებულა სათანადო ხელშეკრულებები. ამასთან, მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ ვინაიდან, მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ იქნა მოწვევის ოფერტაზე შესაბამისი აქცეპტის გაკეთება და გასაჩივრებულ იქნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტები, მიზანშეწონილი იქნება განხორციელდეს ამ დავის შეჩერება კომისიის მიერ მოწვევის ოფერტებთან დაკავშირებულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2008 წლის 12 სექტემბერს, კომისიაში გაიმართა დავის არსებითი განხილვა. მხარეებმა მოითხოვეს ოფერტის პირობებზე შეთანხმების მიზნით სხდომის 2008 წლის 19 სექტემბრისთვის გადადება, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა, ხოლო 2008 წლის 19 სექტემბერს, სხდომაზე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, დავის განხილვის 2008 წლის 26 სექტემბრისთვის გადადების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის სხდომაზე, მხარეთა მიერ დაფიქსირებულ ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, აგრეთვე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისა და განცხადება-შეპასუხების ანალიზის საფუძველზე გამოირკვა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოქვეყნებული ”სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზებისა” და ”ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების” მოწვევის ოფერტის შესაბამისად, მხარეთა შორის ვერ ხერხდება ხელშეკრულებების გაფორმება მოწვევის ოფერტების პირობებზე შეუთანხმებლობის გამო. შპს ”კავკასუს ონლაინს” მიაჩნია, რომ აღნიშნული მოწვევის ოფერტები კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც კომისიის წინაშე იშუამდგომლა მათი კანონიერების შესწავლაზე, რის შესახებაც კომისიაში მიმდინარებდა ცალკე ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც შპს ”კავკასუს ონლაინის” 2008 წლის 2 ივლისის №642/020708 განცხადების საფუძველზე დაიწყო.
კომისია აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის ურთიერთობები არ არის დარეგულირებული ამ ეტაპზე მოქმედი ხელშეკრულებებით, რაც გამოკვლეულ იქნა და დადასტურდა კომისიის 2008 წლის 2-5 მაისის №250/16 და შემდგომ ამავე წლის 4 ივლისის №384/23 გადაწყვეტილებებით, ასევე თავად განმცხადებელი მხარის მიერ წარმოდგენილი ”სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის” შესახებ №298 ხელშეკრულების ასლის ანალიზითაც (მუხლი 5.1).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადებაში მითითებულ მოთხოვნათა თაობაზე, კომისია ვერ იმსჯელებს, მანამ არ მოხდება მხარეებს შორის სათანადო ხელშეკრულებების გაფორმების ხელშემშლელი გარემოებების დადგენა და აღმოფხვრა, შემდგომ კი სათანადო ხელშეკრულების გაფორმება, რაც მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობების და ვალდებულებათა წარმოშობის წინაპირობაა. მხარეებს უნდა განემარტოთ, რომ შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებების გაუფორმებლობის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი მხარე არ არის ვალდებული გაუწიოს მომსახურება მომთხოვნ მხარეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიწოდება მაინც ხორციელდება, ამ შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი მხარე არ არის შეზღუდული რაიმე სახელშეკრულებო პირობებით, გარდა მის მიერვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტისა.
კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №537/16 გადაწვეტილებით დადგინდა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტების არსებითი პირობების ნაწილი საჭიროებდა კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და 2007 წლის 17 აპრილის №191/19 გადაწვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანას. როგორც კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №537/16 გადაწყვეტილებით დადგინდა, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” უნდა განახორციელოს ამავე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი ცვლილებები ”სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზებისა” და ”ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების” მოწვევის ოფერტებში.
კომისიას მიაჩნია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”, მათ მიერვე გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტების პირობები უნდა შეასწოროს კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №537/16 გადაწყვეტილების 1 პუნქტის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებში მოცემული ცხრილების შესაბამისად. ამის შემდეგ, შპს ”კავკასუს ონლაინმა” უნდა გააკეთოს აქცეპტი გამოქვეყნებულ ოფერტაზე. შესაბამისად, მხარეებმა უნდა გააფორმონ შესაბამისი ხელშეკრულებები, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად შესწორებულ და გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტებში ასახული პირობებით.
კომისია, თავის პოზიციას ამყარებს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დებულებებით. კერძოდ, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების მსურველმა ავტორიზებულმა პირმა თავის განაცხადში ცხადად უნდა ასახოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტით) განსაზღვრული პირობების უპირობო აქცეპტი და მის მიერ ურთიერთჩართვის მოთხოვნის შემთხვევაში საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების არსებითი პირობები.” ამასთან, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ძალით, ”მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, განაცხადის მიღების თარიღიდან 30 დღის ვადაში შეთანხმდნენ და გააფორმონ ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მისი ასლი უნდა წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.” უდავოა, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველ პუნქტში ასახული მოთხოვნა, კერძოდ - ”მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, რომელიც ფლობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, ვალდებულია უზრუნველყოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება”, ვრცელდება სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიაზე”. მაგრამ, ასევე უდავოა, რომ აღნიშნული ვალდებულება უნდა აღსრულდეს ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად. შესაბამისად, მხარეებს უნდა განემარტოთ, რომ შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებების გაუფორმებლობის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი მხარე არ არის ვალდებული გაუწიოს მომსახურება მომთხოვნ მხარეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიწოდება მაინც ხორციელდება, ამ შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი მხარე არ არის შეზღუდული რაიმე სახელშეკრულებო პირობებით, გარდა მის მიერვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტისა.
კომისია, ასევე ვერ გაიზიარებს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კომისია ამ შემთხვევაში ვალდებულია იხელმძღვანელოს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველ პუნქტით, ვინაიდან, ამ პუნქტის შესაბამისად, ”თუ კომისია დაადგენს ავტორიზებული პირის საქმიანობის შეუსაბამობას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველმყოფ პირობებთან, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონით, ან მისთვის, როგორც მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისთვის, დაკისრებული ერთი ან მეტი ვალდებულების შეუსრულებლობას, ან შერწყმის ან წილის შეძენის განხორციელებისას მისთვის დაკისრებული ერთი ან მეტი ვალდებულების შეუსრულებლობას, კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონის VII თავით დადგენილი სანქციები”.
კომისია განმცხადებელ მხარეს განუმარტავს, რომ კომისიამ უკვე გაატარა კონკურენციის უზრუნველმყოფი წინასწარი ღონისძიებები, როდესაც მიიღო 2007 წლის 20 ივლისს №400/9, 2007 წლის 17 აპრილის №191/19, 2007 წლის 7 სექტემბრის №511/16 გადაწყვეტილებები, 2008 წლის 2-5 მაისის №250/16 გადაწყვეტილება და ამ უკანასკნელის შესრულების მდგომარეობის შესწავლის თაობაზე - 2008 წლის 4 ივლისის №384/23 გადაწყვეტილება. კომისია ვერ იმსჯელებს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიმართ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხზე, ამ ორ კომპანიას შორის სახელშეკრულებო ურთიერთობათა არარსებობის პირობებში, ფაქტობრივი გარემოებების გარეშე, წინასწარი ვარაუდით. კომისიის კომპეტენცია წინასწარი რეგულირების უზრუნველყოფის კუთხით დადგენილია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ2 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, კონკურენციის წინასწარი რეგულირებაა ”კომისიის მიერ ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენა და მისთვის ამ კანონით წინასწარ განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება”. როგორც ზემოთ აღინიშნა, კომისიის ამ უფლებამოსილების ფარგლებში, კომისიამ უკვე მიიღო რამოდენიმე გადაწყვეტილება.
უფრო მეტიც, კომისიამ 2008 წლის 2-5 მაისის №250/16 გადაწყვეტილებითა და ამ უკანასკნელის შესრულების მდგომარეობის შესწავლის თაობაზე მიღებული 2008 წლის 4 ივლისის №384/23 გადაწყვეტილებით, ორივე მხარეს დაავალა ხელშეკრულების გაფორმება, რაც არ განხორციელდა, შემდგომ - 2008 წლის 19 სექტემბერს მიიღო №537/16 გადაწყვეტილება, რომლითაც კომისიამ დაადგინა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტების არსებითი პირობების ნაწილი საჭიროებს კორექტირებას. როგორც კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” უნდა განახორციელოს კონკრეტული ქმედება, კერძოდ 3 დღის ვადაში, შესაბამისი ცვლილებები ”სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზებისა” და ”ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების” მოწვევის ოფერტებში, რისი აღსრულებაც კომისიის მიერ გაკონტროლდება.
კომისია დამატებით, აღნიშნავს, რომ დაზიანებათა აღმოფხვრისას, ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის ვალდებულება, კომპანიამ განუხრელად უნდა შეასრულოს, კონტრაჰენტი მხარის სათანადო მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების შესაბამისად, და ეს უკანასკნელი არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ზემოაღნიშნულ რეგლამენტს.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კომისია ვერ გაიზიარებს შპს ”კავკასუს ონლაინის” მტკიცებას, იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მხარემ დაარღვია კომისიის ცალკეული გადაწყვეტილებები, შემდეგ გარემოებათა გამო:
1) კომისიის 2008 წლის 2-5 მაისის №250/16 გადაწყვეტილებაში, ისევე, როგორც 2008 წლის 4 ივლსის №384/23 გადაწყვეტილებაში, აღნიშნულია, რომ მოდავე მხარეებს შორის გაფორმებულ ”სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ” ხელშეკრულებას, მოქმედების ვადა ამოეწურა 2007 წლის 1 აპრილს და აღნიშნულ სფეროში მხარეებს ესაჭიროებათ ახალი ხელშეკრულების გაფორმება. მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობის მოწესრიგების შემდგომ იქნება შესაძლებელი სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კანალიზაციით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა, რისთვისაც სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაევალა სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ მოწვევის ოფერტის გამოქვეყნება.
ზემოაღნიშნული ოფერტა, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ უკვე გამოქვეყნებულია, რის შემდეგაც მხარეებს შორის არსებული ფაქტობრივი სამართლებრივი ურთიერთობები შეიცვალა. უფრო მეტიც, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების (მხედველობაში გვაქვს 2008 წლის 2-5 მაისის №250/16 გადაწყვეტილება) მე-5 პუნქტის თანახმად, მხარეებს დაევალათ სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლის კომისიაში წარმოდგენა 2 კვირის ვადაში, რაც არ აღსრულებულა.
2) კომისიის 2008 წლის 4 ივლსის №384/23 გადაწყვეტილებით, რომლითაც კომისიამ შეისწავლა კომისიის 2008 წლის 2-5 მაისის №250/16 გადაწყვეტილების შესრულების საკითხი, კომისიამ შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნების უსაფუძვლობის გამო, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის მიხედვით, მხარეებს განმეორებით დაევალათ ამავე გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მე-2 სამუშაო დღიდან, 10 სამუშაო დღის განმავლობაში, სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება და ხელმოწერა ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, რაც ასევე არ განხორციელებულა.
ამდენად, კომისია შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ კომისიისათვის მომართვის ეტაპისათვის, ანუ 2008 წლის 5 ივლისისათვის, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოქვეყნებული იყო ”სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზებისა” და ”ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების” მოწვევის ოფერტები, ვეღარ იმსჯელებს სადაო საკითხებზე ამ მოწვევის ოფერტების პირობების გაუთვალისწინებლად.
კომისია, მხარეებს ასევე განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ”ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის)შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება,” ხოლო 333-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ”როცა პასუხში გამოთქმულია თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე, ოღონდ სხვა პირობებით, ვიდრე ამას ოფერტი ითვალისწინებდა, ასეთი პასუხი ჩაითვლება უარად ოფერტზე და, ამავე დროს, - ახალ წინადადებად”. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 334-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ ”თუ საქმიან ურთიერთობებში აქცეპტი ხორციელდება შეცვლილი პირობებით, ხელშეკრულება ჩაითვლება დადებულად, თუკი აქცეპტანტს უფლება ჰქონდა ევარაუდა ოფერენტის თანხმობა და ეს უკანასკნელი მაშინათვე არ განაცხადებს უარს.” საქმის ფაქტობრივი გარემოებები კი ცხადყოფს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ აქცეპტი სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ოფერტებზე არ გაკეთებულა, ხოლო ეს უკანასკნელი ფაქტობრივ ურთიერთობებში მოქმედებდა მხოლოდ მის მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტების შესაბამისად. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ”ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება”, ხოლო “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ”მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, განაცხადის მიღების თარიღიდან 30 დღის ვადაში შეთანხმდნენ და გააფორმონ ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მისი ასლი უნდა წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში”, ანუ ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით, რაც დავის განხილვის ეტაპისათვის არ არის განხორციელებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე და 42-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, ერთის წინააღმდეგ (გ. ფრუიძე)
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს ”კავკასუს ონლაინს” განცხადების დაკმაყოფილებაზე;
2. მხარეებს მიეცეთ წინადადება დროულად გააფორმონ შესაბამისი ხელშეკრულებები, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ, კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის № 357/16 გადაწყვეტილების თანახმად კორექტირებული, ”სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისა” და ”ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების” მომსახურებათა მოწვევის ოფერტების შესაბამისად, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით;
3. განემარტოს შპს ”კავკასუს ონლაინს”, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ვერ იქნება შებოჭილი სახელშეკრულებო ვალდებულებებით და ვერც კომისია ვერ იმსჯელებს სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის და შესაბამისად, ამ ხელშეკრულებათა საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის თაობაზე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისათვის გაგზავნა;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.
კომისიის წევრები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
ს. ბრიტანჩუკი
