ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებს” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2008
მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 04 სექტემბერს შპს ”ახალი ქსელებმა” განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ”კომისია”) (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/2092-08), სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წინააღმდეგ დავის განხილვის მოთხოვნით. განმცხადებელი მოითხოვს კომისიის გადაწყვეტილებით დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შპს ”ახალი ქსელების” დაშვება სატელეფონო კანალიზაციაში დაზიანებული ოპტიკური კაბელის აღდგენის მიზნით და დაშვება თანალოკაციის ფართში ე.წ. SDH აპარატურის დემონტაჟის მიზნით. შპს ”ახალი ქსელები” მოითხოვს მოხდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირება კომისიის გადაწყვეტილების შეუსრუებლობის გამო.
კომისია აღნიშანვს, რომ შპს ”ახალი ქსელებმა” წარმოდგენილი მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად განცხადებაზე დანართის სახით წარმოადგინეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სახელზე გაგზავნილი წერილები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელების” განცხადება დანართებთან ერთად გადაეგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, რომელსაც განესაზღვრა ვადა შესაგებლის წარმოსადგენად.
კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, წარმოდგენილი იქნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” შეპასუხება, რომლის შესაბამისად მოპასუხე მხარე არ ეთანხმება წარმოდგენილ მოთხოვნას, დაზაინების აღმოუფხვრელობის მიზეზად ასახელებს მხარებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების არარსებობას და შპს ”ახალი ქსელების” მიერ წლების განმავლობაში დაგროვილ დავალიანებას; მოპასუხე მხარე დაუსაბუთებლად მიიჩნევს განმცხადებლის მითითებას, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ კომისიის 2008 წლის 14 მარტის №122/16 გადაწყვეტილების მოთხოვნათა დარღვევის შესახებ.
კომისიამ, შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განცხადებაში დასმული მოთხოვნები და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნებოდა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე და 39-ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, 2008 წლის 19 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება №530/16 შპს ”ახალ ქსელებს” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.
კომისია აღნიშავს, რომ დავის განხილვა მოხდა კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის სხდომაზე, რომელზეც მხარებმა ჩამოაყალიბეს ახსნა-განმარტებები და მათი მოთხოვნები. აღნიშნულ სხდომაზე, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა თანხმობა გამოთქვა, SDH აპარატურის დემონტაჟზე ნებართვის დაუყოვნებლივ გაცემაზე, ასევე სატელეფონო კანალიზაციაში დაშვებაზე დაზიანებული ოპტიკური კაბელის შესაკეთებლად, მაგრამ მხარესთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ. განმცხადებელმა მხარემ, SDH აპარატურის დემონტაჟზე ნებართვის მიღების ფაქტის გათვალისწინებით, ამ ნაწილში უარი თქვა განცხადებაზე, რის საფუძველზეც კომისიამ ამ ნაწილში უნდა იმოქმედოს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით.
კომისია, შპს ”ახალი ქსელების” დანარჩენ ორ მოთხოვნასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. კომისიის აღნიშნული პოზიცია ემყარება შემდეგ გარემოებებს და არგუმენტაციას:
1. კომისია მიიჩნევს, რომ შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო კანალიზაციაში დაზიანებული კაბელის აღდგენის მიზნით დაშვების შესახებ, არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული.
კომისია არ თვლის სადაოდ იმ გარემოებას, რომ კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილებით ”მომსახურების ბაზრის სეგმენტების - სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევის და ანალიზის შედეგების შესახებ”, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად და დაკისრებული აქვს სპეციფიკური ვალდებულებები. კომისია, ასევე მიუთითებს 2007 წლის 19 აპრილის №191/9 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისად, კერძოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაევალა 10 კალენდარული დღის ვადაში კომისიის N656/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ბაზრის შესაბამის სეგმენტების გეოგრაფიულ საზღვრებში ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა), გამოქვეყნება, რომელშიც უნდა ასახულიყო ქსელის ამ ელემენტებთან დაშვების არსებითი პირობები. სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” მოწვევის ოფერტა გამოაქვეყნა კომისიის ვებ გვერდზე (WWW.GNCC.GE), სხვა პირების მოწვევის ოფერტების ანალოგიურად.
კომისია, სადაო საკითხის გადასაწყვეტად, მიუთითებს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, განაცხადის მიღების თარიღიდან 30 დღის ვადაში, შეთანხმდნენ და გააფორმონ ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, ხოლო მისი ასლი უნდა წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ხელშეკრულება მხარეების მიერ ხელმოწერილი და გაფორმებული არ არის. დადგენილია, რომ შპს ”ახალ ქსელებს” არ მიუმართავს მოპასუხე მხარისათვის განცხადებით მომსახურების მიღების თაობაზე. შესაბამისად, თუ არ არსებობს მხარეებს შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება მომსახურების მიღების თაობაზე, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დაშვების სპეციფიკური ვალდებულების შეუსრულებლობაზე აპელირება და კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე მითითება, არასწორია. მხარეებს უნდა განემარტოთ, რომ შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებების გაუფორმებლობის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი მხარე არ არის ვალდებული გაუწიოს მომსახურება მომთხოვნ მხარეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიწოდება მაინც ხორციელდება, ამ შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი მხარე არ არის შეზღუდული რაიმე სახელშეკრულებო პირობებით, გარდა მის მიერვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტისა.
2. კომისიის მოსაზრებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირების შესახებ. კომისიის მოსაზრებით არ არსებობს შპს ”ახალი ქსელების” მიერ წარმოდგენილი მესამე მოთხოვნის დაკამყოფილების, კერძოდ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” საქცირების სამართლებრივი საფუძველი. განცხადების შესაბამისად, შპს ”ახალი ქსელები” მოიხოვს მოხდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირება, აღნიშნული კომპანიის მიერ კომისიის 2008 წლის 14 მარტის 122/16 გადაწყვეტილების მოთხოვნათა დარღვევის გამო. კომისია ვერ გაიზიარებს შპს ”ახალი ქსელების” აღნიშნულ პოზიციას ორი გარემეობის გამო:
ა) კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 14 მარტის 122/16 გადაწყვეტილება, შეეხება შპს ”ახალი ქსელების” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დავას, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეკომუნიკაციო კანალიზაციიდან შპს ”ახალი ქსელების” მიერ კაბელების დემონტაჟზე ნებართვის გაცემას და მცდარია განცხადებაში განვითარებული მსჯელობა, რომ კომისიის ხსენებული გადაწყვეტილებით მხარეებს შორის დაშვებასთან დაკავშირებული პირობები დადგინდა. კომისიის 2008 წლის 14 მარტის 122/16 გადაწყვეტილებით მოწესრიგდა მხოლოდ ინვენტარიზაციის აქტებით განსაზღვრული კაბელების დემონტაჟის მიზნით სატელეფონო კანალიზაციაში დაშვების საკითხი, სხვა საკითხები კომისიის გადაწყვეტილებას არ მოუცავს, ისე როგორც ამას შპს ”ახალი ქსელები” წარმოადგენს.
ამგვარად, დაუსაბუთებელია კომისიის 2008 წლის 14 მარტის 122/16 გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნა და შესაბამისად იგი არ უნდა იქნას გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით,
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმობა თანალოკაციის ფართში შპს ”ახალი ქსელების” ე.წ. SDH აპარატურის დემონტაჟის მიზნით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის ძალით, იმის გათვალისწინებით, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” კომისიის სხდომაზე გასცა ზეპირი ნებართვა ზემოაღნიშნული აპარატურის დემონტაჟზე, რაც წერილობით უნდა გაფორმდეს, ხოლო შპს ”ახალმა ქსელებმა” განცხადებაზე ამ ნაწილში უარი თქვა;
2. არ დაკმაყოფილდეს შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნა, შპს ”ახალი ქსელების” სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო კანალიზაციაში დაზიანებული ოპტიკური კაბელის აღდგენის მიზნით დაშვების შესახებ, მხარეებს შორის შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულების არ არსებობის გამო;
3. არ დაკმაყოფილდეს შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნა, კომისიის 2008 წლის 14 მარტის №122/16 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირების შესახებ, უსაფუძვლობის გამო;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის გაგზავნა;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) და მონიტორინგის დეპარტამენტს (მ.გოთოშია).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (WWW.GNCC.GE ) გამოქვეყნების დღიდან.
კომისიის წევრები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
ს. ბრიტანჩუკი
