წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 558 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2008

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 24 ივლისს შპს ”ახალი ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” განცხადებით მიმართეს კომისიას (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/1754-08), სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წინააღმდეგ დავის განხილვის მოთხოვნით. განმცხადებლები მოითხოვენ კომისიის გადაწყვეტილებით დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადებაში (შემდგომში ”მოწვევის ოფერტაში”) ცვლილებების  შეტანა, კერძოდ შეთავაზების წინადადების მესამე პუნქტის მეორე ქვეპუნქტში, ხმოვანთან და ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საფასურის გამიჯნვა და სახაზო-საკაბელო სპილენძის სააბონენტო წყვილის ხმოვან რესურსთან დაშვების  საფასურის ცალკე გამოყოფა დაშვების მთლიანი ტრიფიდან - 15.15 ლარიდან.

კომისია აღნიშანვს, რომ შპს ”ახალი ქსელებმა”  და შპს ”ახტელმა”, მათ მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად,  განცხადებაზე დანართის სახით, წარმოდგენილი იყო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” 2008 წლის ივნისის თვის ანგარიშები. შპს ”ახალი ქსელები”  და შპს ”ახტელი” მოთხოვნას ამყარებს კომისიის 2005 წლის 27 დეკემბრის №808/22 და კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9 გადაწყვეტილებებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” განცხადება დანართებთან ერთად 2008 წლის 05 აგვისტოს, წერილით გადაეგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” (რეგისტრაციის №02/1784-08), რომელსაც განესაზღვრა ვადა 2008 წლის 15 აგვისტომდე შეპასუხების წარმოსადგენად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 14 აგვისტოს, კომისიის სხდომაზე, სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” წარმოადგინა შეპასუხება შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნული კომპანია არ ცნობს წამოყენებულ მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილის ფართოზოლოვან  რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადებაში (შემდგომში ”მოწვევის ოფერტაში”) სახაზო-საკაბელო სააბონენტო წყვილის როგორც ხმოვან, ისე ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ტარიფი წარმოდგენილია კომისიის გადაწყვეტილებების მოთხოვნათა დაცვით. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” შეპასუხებაში ასევე აღნიშნავს, რომ მისი კომპანია შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს” სთავაზობს როგორც ხმოვან, ასევე ფართოზოლოვან მომსახურებასაც, ოღონდ ერთობლივად სახაზო-საკაბელო სააბონენტო წყვილებით მომსახურების ფარგლებში.

კომისიამ, შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განცხადებაში დასმული მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება და საჭიროა მისი განხილვა და არსებითი გადაწყვეტა, რის გამოც 2008 წლის 19 სექტემბერს, მიიღო გადაწყვეტილება №531/16, რომლის შესაბამისაც ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის  დავის არსებითი  განხილვა დანიშნა 2008 წლის 26 სექტემბერს,  16:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ დავა არსებითად განხილულ იქნა 2008 წლის 26 სექტემბერს. კომისიამ შეისწავლა მხარეების მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები, განცხადება და შეპასუხება, ასევე შესაბამისი მტკიცებულებები, მხარეთა ზეპირი ახსნა-გამარტებები და მიაჩნია, რომ შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების   გამო:

1. ”მომსახურების ბაზრის სეგმენტების - სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევის და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ დაეკისრა სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება, კერძოდ განისაზღვრა სახაზო საკაბელო წყვილებით  მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი 3.5 (სამი ლარი და 50 თეთრი) ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით). აღნიშნული სპეციფიკური ვალდებულება ძალაში შევიდა 2005 წლის 01 დეკემბერს (2005 წლის 21 ოქტომბრის №656 / 22 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი).

2. ”ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით, გამოკვლეულ იქნა სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტი. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის შესაბამისად,  სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით დადგენილ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ ავტორიზებულ პირებს, დაეკისრათ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, კერძოდ სს”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაევალა 10 კალენდარული დღის ვადაში საჯაროდ გამოექვეყნებინა კომისიის სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტის ამ რესურსთან დაშვების არსებითი პირობები, მათ შორის:  დაშვების ტარიფები, განზომილების შესაბამის ერთეულებში ლარი/სააბონენტო წყვილი თვეში.

3.  კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9 გადაწყვეტილებით ”ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებისათვის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის თაობაზე”, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში, სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 11 ლარისა და 68  თეთრის  ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით.

4. კომისია აღნიშნავს, რომ ”ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით, როგორც ზემოთაც აღინიშნა,  გამოკვლეული იქნა სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზარი და მოწვევის ოფერტის გამოქვეყნების ვალდებულებაც, გამჭვირვალეობის სპეციფიკური ვალდებულების უზრუნველსაყოფად, მოიცავს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოქნე ავტორიზებული პირის - სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიაციო კომპანიის” მიერ სახაზო-საკაბელო სპილენძის წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების პირობების გამოქვეყნების ვალდებულებას, ხოლო ხმოვან რესურსთან დაშვების მომსახურების შეთავაზების პირობების (მოწვევის ოფერტის) ასახვისა და გამოქვეყნების ვალდებულება, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოქნე პირებს, კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული არ ჰქონია.

5. გარდა ზემოაღნიშნულისა, კომისია განმარტავს, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირი, ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია, მის მიერ შეთავაზებული მომსახურების სახეობათა გაწევის ოფერტები ხელმოსაწვდომი გახადოს ამ მომსახურების მსურველი პირებისათვის, თანამხმად საქართველოს სამოქალაქო  კოდექსის 329-ე მუხლის პირველი ნაწილისა. აღსანიშნავია, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირი, თუ ის ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, კომისიის მიერ დადგენილი სპეციფიკური პირობების გათვალიწინებით, დამოუკიდებლად განსაზღვრავს მომსახურების მიწოდების პირობებს და წესს.

6. კომისია ამასთან აღნიშანვს, რომ შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს” კომისიისათვის არ მოუმართავს მოთხოვნით, ხოლო კომისიას, განმცხადებლების მიერ აპელირებული ან სხვა რომელიმე გადაწყვეტილებით არ განუხილია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კუთვნილი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსებიდან ხმოვან რესურსთან დაშვების მომსახურების გამოცალკევებულად შეთავაზებისა (მოწვევის ოფერტა) და გამოქვეყნების დაკისრების საკითხი. შესაბამისად, აღნიშნულის განხორციელბის ვალდებულება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” არ გააჩნია.  

7. აღსანიშნავია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შეთავაზებული სახაზო-საკაბელო სპილენძის სააბონენტო წყვილით მომსახურების ტარიფი (3.5+11.65) არ აღემატება კომისიის მიერ დადგენილ ზედა ზღვარს, ხოლო აღნიშნული მომსახურეობის მიწოდებისას ხდება, როგორც ფართოზოლოვანი ისე ხმოვანი მომსახურების მიწოდება.

დავის განხილვისას გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალსიწინებით, კომისია ასკვნის, რომ ვერ გაიზაირებს შპს ”ახტელის” და შპს ”ახალი ქსელების”  მოთხოვნას სახაზო-საკაბელო სპილენძის წყვილის ხმოვან რესურსთან დაშვების პირობების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მოწვევის ოფერტაში გამოქვეყნების ვალდებულების დაკისრების შესახებ და შესაბამისად ე.წ. ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მოწვევის ოფერტაში ცვლილებების განხორციელების დავალდებულების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული დავა მხარეებს შორის განიხილა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და 37-ე მუხლის პირველი, მეორე და მე-4 პუნქტების შესაბამისად.

კომისია მიიჩნევს, რომ არ არსებობოს შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მოთხოვნის დაკამყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  41-ე და 42-ე მუხლების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით,ერთის წინააღმდეგ (გ. ფრუიძე)

გადაწყვიტა:

1. არ დაკმაყოფილდეს შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” განცხადება, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სახაზო-საკაბელო სპილენძის სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მომსახურების შეთავაზებაში (მოწვევის ოფერტაში) ცვლილებების განხორციელების დავალდებულების შესახებ;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის გაგზავნა;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის  მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.

კომისიის  წევრები:                              კ. კვიტაიშვილი

                                                                 ზ. ნონიკაშვილი

                                                                    ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები