წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო რადიოსადგურ ”ვესტი FM”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ

ნომერი: 574 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2008

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა  აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.”

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, ჩადენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000058, შედგენილი ქ.გორში 2008 წლის 29 აგვისტოს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2008 წლის 29 აგვისტოს ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა მონიტორინგი რათა დადგენილიყო FM დიაპაზონში მომუშავე არალიცენზირებული რადიომაუწყებლების არსებობა. გაირკვა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მოყოლებული, ასევე ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ვრცელდება ულიცენზიოდ რუსული რადიოსამაუწყებლო სიგნალი, კერძოდ FM 104.5-ზე ვრცელდება რუსული კომპანიის ”ვესტი FM”-ის რადიომაუწყებლობა (ფოტო და ვიდეო მასალები თან ერთვის).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო რადიოსადგურ ”ვესტი FM”-ს სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან - 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2008 წლის 29 აგვისტოს, რომელიც კომისიას წარედგინა - 2008 წლის 9 სექტემბერს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2008 წლის 3 ოქტომბრის 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყო 2008 წლის 15 სექტემბერს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა  რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო რადიოსადგურ ”ვესტი FM”- (15.09.2008 №03/2419-08). მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, მხარეს ასევე ეცნობა, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2008 წლის 3 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე, რომელზეც არ გამოცხადებულან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო რადიოსადგურ ”ვესტი FM”-ის წარმომადგენლები. კომისიაში, კომპანიის მხრიდან ასევე არ იქნა შემოტანილი რაიმე სახის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000058 ოქმისა და  თანდართული ფოტო და ვიდეო მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო რადიოსადგურ ”ვესტი FM”-ი საქართველოში, კერძოდ, ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში - ქ. ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ულიცენზიოდ ახორციელებს მაუწყებლობას და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას, რაც წარმოადგენს ”მაუწყებლობს შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო რადიოსადგურ ”ვესტი FM”-ის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი)  ლარის ოდენობით და ამავე დროს, კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ულიცენზიოდ მაუწყებლობის განხორციელება.

საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  75-ე მუხლის მე-4 პუნქტის,  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. დაეკისროს ჯარიმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო რადიოსადგურ ”ვესტი FM” 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის;

2. უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო რადიოსადგურ ”ვესტი FM”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. დაევალოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო რადიოსადგურ ”ვესტი FM”-ს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ულიცენზიოდ მაუწყებლობა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა საქართველოს ტერიტორიაზე;

4. უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო რადიოსადგურ ”ვესტი FM”-მა ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

5. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე)რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო რადიოსადგურ ”ვესტი FM”-ის მიერ ჯარიმის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე კონტროლის განხორციელება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო რადიოსადგურ ”ვესტი FM”-სთვის  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით სანოტარო წესით დამოწმებული რუსულენოვანი ასლით.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) 10 დღის ვადაში;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ და საფინანსო დეპარტამენტებს (კ. ყურაშვილი, ი.აბულაძე).

კომისიის წევრები:                  ზ.ნონიკაშვილი

                                               გ.ფრუიძე

                                               კ.კვიტაიშვილი                                                                                           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები