წვდომის მენიუ

ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 575 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 10, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” (შემდგომში ”გაერთიანებული ტელეკომი”) განცხადება (2008 წლის 18 ივნისის №8-14/725), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”კავკასუს ონლაინი”  ბოროტად იყენებს მის საბაზრო ძალაუფლებას და ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურებისთვის ადგენს ტარიფებს, რომელიც არ არის ხარჯებზე ორიენტირებული და უკანონოდ ზღუდავს კონკურენციას ბაზრის მოცემულ სეგმენტზე და მოითხოვა ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის კვლევა და ანალიზი.

ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის თაობაზე წარმოდგენილი განცხადების საფუძვლად, მითითებულია კომისიის 2008 წლის 30 მაისი №294/16 გადაწყვეტილება და ”კავკასუს ონლინის” მიერ მის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ორ მეგაბიტ/წამიანი პორტის  ღირებულების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი იყო განცხადება საბითუმო ბაზარზე მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის - შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ დადგენილი ტარიფებით კონკურენციის შეზღუდვის შესახებ, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტის კვლევის და ანალიზის დაწყება, რის თაობაზეც მიღებულ იქნა  კომისიის 2008 წლის 27 ივნისის №375/23  გადაწყვეტილება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენა დანიშნული იყო 2008 წლის  25 ივლისს 12:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ უნდა ყოფილიყო, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ავტორიზებულ პირებს, დაევალათ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, ინტერნეტის ქსელთან დაშვების მომსახურების 2006-2007 წლის განაწილებული დანახარჯების და ეკონომიკური მონაცემების კომისიისთვის წარმოდგენა  ზეპირი მოსმენის სხდომის დღემდე. შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტში (გ. ბუთბაია) გამართული შეხვედრების შედეგად, დაზუსტდა მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი. კომისიაში ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2008 წლის 25 ივლისს, კომისიის სხდომაზე, ხოლო სხვა ავტორიზებული პირების მიერ ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტის  უფროსმა (გ. ბუთბაია), სს ”ეგრისისგან” ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, იშუამდგომლა კომისიის წინაშე ზეპირი მოსმენის სხდომის ორი კვირით გადადების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №415/22 გადაწყვეტილებით ზეპირი მოსმენა გადაიდო 2008 წლის 08 აგვისტოს.

კომისია აღნიშანვს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოცხადებულან დაინტერესებული პირები, რის გამოც ზეპირი მოსმენა გადაინიშნა 2008 წლის 05 სექტემბერს.

კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტის  უფროსმა (გ. ბუთბაია) კომისიის 2008 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე აღნიშნა, რომ სს ”ეგრისის” მიერ წარმოსადგენია მოთხოვნილი ინფორმაცია, რის გამოც, მიზანშეწონილია ზეპირი მოსმენის სხდომის კვლავ გადადება 2008 წლის 19 სექტემბრამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2008 წლის 19 სექტემბერს. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა ყოფილიყო 10 სამუშაო დღის ვადაში, ანუ 2008 წლის 03 ოქტომბერს, სადაც კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სს ”ეგრისის” მიერ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა მხოლოდ 03 ოქტომბერს, კომისიის სხდომამდე, და შესაბამისად კომისიის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი პროექტის წარმოსადგენად კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტისათვის  აუცილებელია ამ ინფორმაციის გადამუშავება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიმართა კომისიას თხოვნით, რომ გადაწყვეტილების მიღება 2008 წლის 03 ოქტომბრის ნაცვლად განხორციელდეს 2008 წლის 17 ოქტომბერს.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”ეგრისის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საჭიროებს დამუშავებას, რადგან აღნიშნული საფუძვლად უნდა დაედოს კომისიის გადაწყვეტილებას და მისი დასაბუთების თვალსაზრისისით არსებითია. კომისია, მიზანშეწონილად მიიჩნევს გადაწყვეტილების მიღება ნაცვლად 03 ოქტომბრისა მოხდეს 17 ოქტომბერს. შესაბამისად, მიზანშეწონილია გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვროს 2008 წლის 17 ოქტომბერი, ხოლო კომისიაში 2008 წლის 03 ოქტომბერს ჩატარებული საკითხის განხილვა, ჩაითვალოს 2008 წლის 19 სექტემბერს კომისიაში ჩატარებული ზეპირი მოსმენის გაგრძელებად .

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად 

გადაწყვიტა:

1.  კომისის მიერ 2008 წლის 03 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტის კვლევის და ანალიზის შესახებ საკითხის განხილვა ჩაითვალოს 2008 წლის 19 სექტემბრის საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომის გაგრძელებად;

2. ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის თაობაზე  გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვროს 2008 წლის 17 ოქტომბრის 16 საათი;

3. გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის თაობაზე  გადაწყვეტილების მიღების თარიღის განსაზღვრის შესახებ;

4.   გადაწყვეტილების ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).

6. გადაწყვეტილება ძალაშია მისი კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომდევნო სამუშაო დღიდან.

კომისიის წევრი                 ს. ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                 გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                 ზ. ნონიკაშვილი 

კომისიის წევრი                 კ. კვიტაიშვილი   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები