წვდომის მენიუ

შპს ”ახალ ქსელები”-სთვის და შპს ”ახტელი”-სთვის შპს ”ინფოტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 590 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართეს შპს ”ახალმა ქსელებმა” (22.09.2008 №6/2291-08) და შპს ”ახტელმა” (22.09.2008 №6/2292-08), ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვეს  შპს ”ინფოტელთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შეჩერება, ვინაიდან შპს ”ინფოტელს” ერიცხება შპს ”ახალ ქსელებთან” და შპს ”ახტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის დავალიანება, კერძოდ შპს ”ახტელი”-ს მიმართ - 72.202,66 ლარი  და შპს ”ახალი ქსელები”-ს მიმართ - 2.485,26 ლარი, 2006 წლის 3 იანვრიდან 2008 წლის აგვისტოს ჩათვლით გაწეული მომსახურებისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელები”-ს და შპს ”ახტელი”-ს განცხადებები თანდართული მასალებით გადაეგზავნა შპს ”ინფოტელ”-ს (№03/2520-08 25/09.2008) და ეთხოვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა 2008 წლის 2 ოქტომბრამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა  გაიმართა კომისიაში 2008 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”ახალი ქსელები”-ს, შპს ”ახტელი”-ს და შპს ”ინფოტელი”-ს წარმომადგენლები.

კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იქნა შპს ” ინფოტელის ” განცხადება  (6/2363-08, 01. 10.2008წ), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” მიმდინარე წლის იანვარში უკვე მიმართეს კომისიას შპს ”ინფოტელთან” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერების მოთხოვნით და კომისიის მიერ 2008 წლის 10 მარტს მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები №118/16 და №119/16, რომლითაც განმცხადებლებს მიეცათ უფლება ურთიერთჩართვის შეჩერებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები შპს ”ინფოტელის” მიერ გასაჩივრებულ იქნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის განჩინებით, შეჩერებულ იქნა კომისიის 2008 წლის 10 მარტის  გადაწყვეტილებები №118/16 და №119/16 შპს ”ინფოტელის” სარჩელიდან გამომდინარე დავის გადაწყვეტამდე.

წერილში აღნიშნულია, რომ იმავე დავის საგანზე, იმავე  საფუძვლებით კომისიისთვის ხელმეორედ მიმართვა დაუშვებელია, შესაბამისად, შპს ”ინფოტელმა” მოითხოვა საკითხის განხილვის გადადება სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

კომისიის სხდომაზე, შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ კომპანიების სახელით ითხოვდა ურთიერთჩარვის შეჩერებაზე თანხმობას იმ მოტივით, რომ  შპს ”ინფოტელს” გააჩნია აღნიშნულ კომპანიებთან დავალიანება 2008 წლის თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაწეული მომსახურებისთვის, რაც არ ყოფილა მსჯელობის საგანი კომისიის მიერ  2008 წლის 10 მარტის   №118/16 და №119/16  გადაწყვეტილებების მიღებისას.

კომისია აღნიშნავს, რომ  რადგან, შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” წარმომადგენლის მიერ არ იქნა დაზუსტებული მოთხოვნილი თანხის ოდენობა, 2008 წლის თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით, მხარეებს დაევალათ, 3 სამუშაო დღის ვადაში, წარმოედგინათ, მხარეებს შორის   გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები, 2008 წლის თებერვლიდან, აგვისტოს ჩათვლით პერიოდში განხორციელებული მომსახურებისთვის დარიცხული და გადახდილი თანხების შესამოწმებლად. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო 2008 წლის 10 ოქტომბრისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ინფოტელის” მიერ, 2008 წლის 7 ოქტომბერს კომისიაში წარმოდგენილი იქნა   ურთიერთშედარების აქტები, გაფორმებული შპს ”ახალი ქსელებს”, შპს ”ახტელსა” და შპს ”ინფოტელს”  შორის. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა ურთიერთშედარების აქტები და წარმოდგენილ იქნა დასკვნა, რომლის შესაბამისადაც შპს ”ინფოტელს” მისაღები აქვს შპს ”ახალი ქსელებისგან” 166 ლარი, ხოლო შპს ”ახტელის მიმართ გააჩნია ურთიერთშედარებული დარიცხული დავალიანება 182.09 ლარი ანუ ჯამში შპს ”ინფოტელს” განხილული პერიოდის განმავლობაში ურთიერთშედარების აქტებით ერიცხება შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” საერთო დავალიანება 15.57 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” წარმომადგენელის განცხადებით შპს ”ინფოტელს”  კვლავ ერიცხება შპს ”ახალ ქსელებთან” და შპს ”ახტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის დავალიანება, კერძოდ შპს ”ახტელი”-ს მიმართ - 72.202,66 ლარი  და შპს ”ახალი ქსელები”-ს მიმართ - 2.485,26 ლარი, 2008 წლის თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით,  თუმცა მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მხარეების მიერ წამოდგენილი შუამდგომლობებისა და მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ არ დასტურდება შპს ”ინფოტელის” მიერ შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მიმართ  ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ გაწეული მომსახურებისთვის გადასახდელი საფასურის დავალიანების არსებობა შპს ”ახტელი”-ს მიმართ - 72.202,66 ლარი  და შპს ”ახალი ქსელები”-ს მიმართ - 2.485,26 ლარის ოდენობით, 2008 წლის თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში. ზემოაღნიშნულ პერიოდში შპს ”ახალი ქსელები”-სა და შპს ”ახტელი”-ს მიერ შპს ”ინფოტელი”-სთვის გაწეული მომსახურებისთვის, ამ უკანასკნელის მიერ გადასახდელი დავალიანება საერთო ჯამში ორივე კომპანიის მიმართ შეადგენს 15.57 ლარს, რაც არა არსებითია, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობების შეჩერების საბაბი რომ გახდეს, მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით.

კომისია ამასთან აღნიშნავს, რომ არ არის უფლებამოსილი 2008 წლის თებერვლამდე პერიოდში სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობით წარმოშობილი დავალიანების გამო მიიღოს გადაწყვეტილება, ვინაიდან აღნიშნული საკითხი კომისიის მიერ განხილულ იქნა 2008 წლის 10 მარტს და მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები განცხადებების დაკმაყოფილების თაობაზე.

კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული არსებითი საფუძველი, ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს ”ახალი ქსელები”-ს და შპს ”ახტელის” მოთხოვნა და განმცხადებლებს უარი უნდა ეთქვას, შპს ”ინფოტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შეჩერებაზე თანხმობის მიცემაზე. თავის მხრივ, შპს ”ინფოტელ”-ს უნდა მიეთითოს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მან დროულად და კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ლ) პუნქტის, მე-6 და მე-7 მუხლებისა და 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

              გადაწყვიტა:

1.  არ დაკმაყოფილდეს შპს ”ახალი ქსელები”-სა და შპს ”ახტელი”-ს განცხადებები, შპს ”ინფოტელ”-თან გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

2. მიეთითოს შპს ”ინფოტელ”-ს, რომ უზრუნველყოს შპს ”ახალ ქსელებთან” და შპს ”ახტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები დროულად და კეთილსინდისიერად შესრულება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თვმჯდომარე                                                გ.არველაძე

კომისიის წევრები                                                     ზ.ნონიკაშვილი

                                                                                    გ.ფრუიძე

                                                                                    კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები