ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის, დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2008
მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 30 სექტემბერს შპს ”ახალი ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” განცხადებით მიმართეს კომისიას (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/2356-08), სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წინააღმდეგ დავის განხილვის მოთხოვნით. განმცხადებლები მოითხოვენ კომისიის გადაწყვეტილებით დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადებაში (შემდგომში ”მოწვევის ოფერტაში”) ცვლილებების შეტანა, კერძოდ შეთავაზების წინადადების მესამე პუნქტის მეორე ქვეპუნქტში, ხმოვანთან და ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საფასურის გამიჯნვა და სახაზო-საკაბელო სპილენძის სააბონენტო წყვილის ხმოვან რესურსთან დაშვების საფასურის ცალკე გამოყოფა წყვილთან დაშვების მთლიანი ტარიფიდან - 15.15 ლარიდან.
კომისია აღნიშანვს, რომ შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა”, მათ მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად განცხადებაზე დანართის სახით წარმოადგინეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” 2008 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვის ანგარიშები. შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” მოთხოვნას ამყარებენ კომისიის 2005 წლის 27 დეკემბრის №808/22 და კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9 გადაწყვეტილებებით და იმ გარემეობებზე დაყრდნობით, რომ მოპასუხეს მისი საკუთარი აბონენტებისათვის, ხმოვანი მომსახურების მიწოდებისათვის დადგენილი აქვს 3.5 ლარი ტარიფი, ხოლო შპს ”ახალი ქსელებისათვის” და შპს ”ახტელისათვის” 15.15 ლარიანი ტარიფი, რაც განმცხადებლების მოსაზრებით წარმოადგენს მათი კომპანიების დისკრიმინაციას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” განცხადება დანართებთან ერთად 2008 წლის 7 ოქტომბრის წერილით გადაეგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” (რეგისტრაციის №03/2579-08), რომელსაც განესაზღვრა ვადა 2008 წლის 9 ოქტომბრამდე შეპასუხების წარმოსადგენად.
2008 წლის 10 ოქტომბრის კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” წარმოადგინა შუამდგომლობა მოსამზადებელი სხდომის გადადების მოთხოვნით, ითხოვა რა ვადა შეპასუხების და შესაბამისი მტკიცებულების წარმოსადეგნად. კომისიის მიერ მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2008 წლის 17 ოქტომბრისათვის.
კომისიამ, შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განცხადებაში დასმული მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება და საჭიროა მისი განხილვა და არსებითი გადაწყვეტა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე, 39-ე და მე-40 მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის, დავის არსებითი განხილვა 2008 წლის 24 ოქტომბერს, 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (უ.სეთური).
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. გადაწყვეტილება ძალაშია მხარეებისთვის მისი ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
