წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” და მეორე მხრივ, შპს ”მაგთიკომს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 593 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 30 ივლისს, კომისიას (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/1835-08) მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” დავის განხილვის მოთხოვნით  შპს “მაგთიკომის”-ის წინააღმდეგ.

წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად,  შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” იტყობინებიან, რომ შპს ”მაგთიკომის” მიერ ხდება განსხვავებული საცალო ტარიფის დადგენა მისი მობილური  აბონენტებისათვის - ”მაგთიფიქსის” აბონენტებთან კავშირისათვის (15 თეთრი), როდესაც შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” აბონენტების მიმართულებით განხორციელებული ზარებისათვის დადგენილია ბევრად დიდი ტარიფი (28.8 თეთრი). განმცხადებლები, ეყრდნობიან რა იმ გარემეობას, რომ შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მიერ გაყიდული მომსახურება იდენტურია ”მაგთიფიქსის” მომსახურებისა, მიიჩნევენ, რომ შპს ”მაგთიკომის” აღნიშნული სატარიფო განსხვავება არღვევს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს და მოითხოვენ, შპს ”მაგთიკომს” დაევალოს აღნიშნული დაწესებული სატარიფო შეზღუდვის მოხსნა. განმცხადებლები ასევე მოითხოვენ შპს ”მაგთიკომის” სანქცირებას.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადება  2008 წლის 7 ოქტომბერს №03/2581-08  გადაეგზავნა შპს ”მაგთიკომს” და ეცნობა მომსამზადებელი სხდომის დღის ჩანიშვნის შესახებ, ასევე განესაზღვრათ ვადა მათი მოსაზრებების წერილობითი ფორმით წარმოსადგენად.

 2008 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე შპს ”მაგთიკომმა” წარმოადგინა შუამდგომლობა მოსამზადებელი სხდომის გადადების მოთხოვნით, ითხოვა რა ვადა შეპასუხების  და შესაბამისი მტკიცებულების წარმოსადეგნად. კომისიის მიერ მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2008 წლის 17 ოქტომბრისათვის.

კომისიამ, შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განცხადებაში დასმული მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება და საჭიროა მისი განხილვა და არსებითი გადაწყვეტა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე, 39-ე და მე-40 მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს ერთის მხრივ, შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს” და მეორე მხრივ, შპს ”მაგთიკომს” შორის დავის არსებითი  განხილვა 2008 წლის 24 ოქტომბერს,  16:00 საათზე;

2.  დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (უ.სეთური).

3.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

4.  გადაწყვეტილების ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

6. გადაწყვეტილება ძალაშია მხარეებისთვის  მისი ჩაბარების დღიდან.

კომისიის თავმჯდომარე                                                          გ. არველაძე                            

 წევრები:                                                                                      კ. კვიტაიშვილი

                                                                                                       ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები