ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-5 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2008
მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2008
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 25,000.00 (ოცდახუთი ათასი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 5 ოქტომბრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონების ჩატარების თარიღად - 2008 წლის 24 ოქტომბრის 13:00 საათი. აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 1,250.00 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარი;
გამომდინარე იქიდან, რომ ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღი, 5 ოქტომბერი, დაემთხვა უქმე დღეს - კვირას, საბუთების მიღების ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეს - 6 ოქტომბერს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც: ”თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე.”
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:
1. შპს ”მობიტელი” - 02.10.2008, №11/49-08;
2. შპს ”ვაიმაქს ჯორჯია” – 03.10.2008, №11/52-08;
3. შპს ”ვიტელ ჯორჯია” – 06.10.2008, №11/54-08;
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონები გაიმართა 2008 წლის 24 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-5 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, ჩატარდა წილისყრა კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად შპს ”მობიტელი”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №1, შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №3, შესაბამისად, შპს ”ვიტელ ჯორჯიას”-ს წარმომადგენელს წილად ხვდა №2. პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 25,000.00 ლარს + ერთი ბიჯი - 1,250.00 ლარი) დააფიქსირა შპს ”მობიტელი”-ს წარმომადგენელმა, რის შემდეგაც შპს ”ვიტელ ჯორჯიას”-ს წარმომადგენელმა დაამატა კიდევ ერთი ბიჯი, ხოლო შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა ასევე დაამატა ერთი ბიჯი. შპს ”მობიტელი”-ს წარმომადგენელმა მე-4 ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს წარმომადგენელმაც უარი განაცხადა მე-4 ბიჯის დასახელებაზე და ამ უკანასკნელმაც შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 3 (სამი) ბიჯი, სულ 28,750.00 (ოცდარვა ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი დააფიქსირა შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-5 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 28,750.00 (ოცდარვა ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი.
2. უზრუნველყოს შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”-მ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 8,625.00 – (რვა ათას ექვსას ოცდახუთი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარი ანუ 6,125.00 (ექვსი ათას ას ოცდახუთი) ლარის გადახდა, 2008 წლის 24 ნოემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (20,125.00 - ოცი ათას ას ოცდახუთი ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს, ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის პრესმდივანს (მ.აროშიძე) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
10. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
