ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის 8-0-4-1 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2008
მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2008
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 1000.00 (ერთი ათასი) ლარით. ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 5 ოქტომბრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონების ჩატარების თარიღად - 2008 წლის 24 ოქტომბრის 13:00 საათი. აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 50.00 (ორმოცდაათი) ლარი;
გამომდინარე იქიდან, რომ ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღი, 5 ოქტომბერი, დაემთხვა უქმე დღეს - კვირას, საბუთების მიღების ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეს - 6 ოქტომბერს, საქართველოს სამოქალაო კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც: ”თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე.”
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინა შპს ”ვიტელ ჯორჯიამ” – 06.10.2008 №11/53-08;
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა 2008 წლის 24 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის - 1050.00 (ათას ორმოცდაათი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ვიტელ ჯორჯია” ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის 8-0-4-1 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 1050.00 (ათას ორმოცდაათი) ლარი;
2. უზრუნველყოს შპს ”ვიტელ ჯორჯიამ” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 315.00 – (სამას თხუთმეტი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 100.00 (ასი) ლარი ანუ 215.00 (ორას თხუთმეტი) ლარის გადახდა 2008 წლის 24 ნოემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (735.00 - შვიდას ოცდათხუთმეტი ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში;
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხების საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
10. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
