წვდომის მენიუ

შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით არსებით დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 610 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს  შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” (09.10.2008 №6/2406-08), სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”-თან დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში  წარმოდგენილ ერთობლივ განცხადებაში, შპს ”ახალი ქსელები”  და შპს ”ახტელი” აღნიშნავენ, რომ კომისიის 2004 წლის 30 ივლისის №381/22 გადაწყვეტილებით, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” (ყოფილი სს ”საქართველოს ელექტროკავშირი”), შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის, დადგინდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები. ხელშეკრულება გაფორმებული იყო ერთი წლით და მისი მოქმედების ვადა ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, გრძელდებოდა კიდევ ერთი წლით. დღეის მდგომარეობით, მხარეებს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულება არ არსებობს. იმის გათვალისწინებით, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, ბაზრის სხვადასხვა სეგმენტზე ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად, მას შეუძლია ურთიერთჩართვის ხელშეკრულების არქონის შემთხვევაში, არსებითი ზეგავლენა მოახდინოს შპს ”ახალ ქსელებზე” და შპს ”ახტელზე” და ბოროტად გამოიყენოს ბაზრის სხვადასხვა სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, კერძოდ გათიშოს კავშირები სადგურებს შორის.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” 2008 წლის 1.07 №633 წერილით სთხოვა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია”-ს უმოკლეს ვადებში წარმოედგინათ ხელშეკრულების პროექტები, იმ საკითხზე რომლებზეც ისინი თვლიდნენ საჭიროდ, მაგრამ დღემდე აღნიშნულ წერილს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მხარეების მიერ გამოქვეყნებულ ოფერტებში კი, ასახულია ერთმანეთისგან განსხვავებული პირობები და შესაბამისად, მხარეებს შორის მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი”, ითხოვს კომისიის მიერ  ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენას.

მოთხოვნა:

შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის  ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენა.

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნია, რომ საკითხი მიეკუთვნება კომისიის რეგულირების საგანს და საჭიროებს მის განხილვასა და არსებით გადაწყვეტას. შესაბამისად, შპს ”ახალ ქსელების” და  შპს ”ახტელი”-ს  ზემოაღნიშნული განცხადება გადაეგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” (16.10.2008 №03/2635-08) და მხარეს ეთხოვა საკუთარი მოსაზრებების კომისიაში წარმოდგენა 2008 წლის 22 ოქტომბრამდე. მხარეებს ასევე ეცნობათ, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა, კომისიაში,  ჩაინიშნა 2008 წლის 24 ოქტომბერს 16:00 საათზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედაგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  დაინიშნოს, ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებს”,  შპს ”ახტელსა”  და მეორე მხრივ,    სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის  განხილვა 2008  წლის 31 ოქტომბერს, 16:00 საათზე;

2.   დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს    (ნ.ნიჟარაძე).

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს  (კ. ყურაშვილი).

4.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5.   გადაწყვეტილება  ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.   

                კომისიის წევრები:                                         ზ.ნონიკაშვილი

                                                                                          გ.ფრუიძე

                                                                                          კ.კვიტაიშვილი            

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები