წვდომის მენიუ

შპს ”ლუნეტსა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 611 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ლუნეტმა” (10.10.2008 №6/2410-08), შპს ”კავკასუს ონლაინ”-თან დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: შპს ”ლუნეტსა” და შპს ”კავკასუს ონლაინ”-ს შორის გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაუფორმებლობა.

კომისიაში  წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”ლუნეტი” აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს  №469/16 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუქტის “ა.ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს “კავკასუს ონლაინს” დაევალა შეუზღუდავი და შეუფერხებელი გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა მინიმუმ 1 გბიტ/წმ-ში სიმძლავრით ყველა სხვა ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირთან. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, შპს “კავკასუს ონლაინს” დაევალა ინტერნეტ გვერდების მის ქსელსა და ვებსივრცეში განთავსების მომსახურების (ჰოსტინგის), მის მიერვე დადგენილი ტარიფებით მიწოდებისას, ამავე მომსახურების ფარგლებში უზრუნველყოს ინტერნეტ გვერდებთან უპირობო, შეუზღუდავი და შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა, როგორც საკუთარი აბონენტებისათვის, ისე პირდაპირი გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილებში ჩართულ სხვა ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2008 წლის 25 ივლისს, შპს ”ლუნეტმა” წერილით მიმართა შპს “კავკასუს ონლაინს” და მოითხოვა 1 გბიტ/წმ სიჩქარით შეერთება და შესაბამისი გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს მხრიდან შპს ”ლუნეტს” არანაირი პასუხი არ მიუღია.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ყველა ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

მსგავსი ქმედებებით შპს “კავკასუს ონლაინი” ბოროტად იყენებს ინტერნეტის ბაზარზე თავის მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას, რითაც ხელს უშლის ამ ბაზარის განვითარებას.

მოთხოვნა:

1. გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა შპს “ლუნეტთან” 1 გბიტ/წმ სიჩქარით;

2. შესაბამისი გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება;

3. შპს “კავკასუს ონლაინის” მიმართ  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სანქციის გამოყენება.

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნია, რომ საკითხი მიეკუთვნება კომისიის რეგულირების საგანს და საჭიროებს განხილვასა და არსებით გადაწყვეტას. შესაბამისად, შპს ”ლუნეტი”-ს ზემოაღნიშნული განცხადება თანდართული მასალებით გადაეგზავნა შპს ”კავკასუს ონალინ”-ს (16.10.2008 №03/2637-08) და მხარეს ეთხოვა საკუთარი მოსაზრებების კომისიაში წარმოდგენა 2008 წლის 22 ოქტომბრამდე. მხარეებს ასევე ეცნობათ, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა, კომისიაში,  ჩაინიშნა 2008 წლის 24 ოქტომბერს 16:00 საათზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 38-ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედაგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  დაინიშნოს, ერთი მხრივ, შპს ‘’ლუნეტსა’’ და მეორე მხრივ,    შპს ”კავკასუს ონლაინს”   შორის დავის  არსებითი განხილვა 2008  წლის 31 ოქტომბერს, 16:00 საათზე;

2.   დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს    (ნ.ნიჟარაძე).

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს  (კ. ყურაშვილი).

4.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5.   გადაწყვეტილება  ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.   

            კომისიის წევრები                                            ზ.ნონიკაშვილი

                                                                                          გ.ფრუიძე

                                                                                          კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები