წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის, დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 625 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 10, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 30 სექტემბერს შპს ”ახალი ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” განცხადებით მიმართეს კომისიას (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/2356-08), სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წინააღმდეგ დავის განხილვის მოთხოვნით. განმცხადებლები მოითხოვენ კომისიის გადაწყვეტილებით დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადებაში (შემდგომში ”მოწვევის ოფერტაში”) ცვლილებების  შეტანა, კერძოდ შეთავაზების წინადადებაში ხმოვანთან და ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საფასურის გამიჯნვა და სახაზო-საკაბელო სპილენძის სააბონენტო წყვილის ხმოვან რესურსთან დაშვების  საფასურის ცალკე გამოყოფა წყვილთან დაშვების მთლიანი ტარიფიდან - 15.15 ლარიდან. შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” მოითხოვს ასევე სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” აეკრძალოს დისკრიმინაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელებმა”  და შპს ”ახტელმა”, მათ მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად,  განცხადებაზე დანართის სახით წარმოადგინეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” 2008 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვის ანგარიშები. შპს ”ახალი ქსელები”  და შპს ”ახტელი” მოთხოვნას ამყარებენ კომისიის 2005 წლის 27 დეკემბრის №808/22, 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9 და 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილებებით და იმ გარემეობებზე დაყრდნობით, რომ მოპასუხეს მისი საკუთარი აბონენტებისათვის, ხმოვანი მომსახურების მიწოდებისათვის დადგენილი აქვს 3.5 ლარი ტარიფი, ხოლო შპს ”ახალი ქსელებისათვის” და შპს ”ახტელისათვის” 15.15 ლარიანი ტარიფი, რაც განმცხადებლების მოსაზრებით წარმოადგენს მათი კომპანიების დისკრიმინაციას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” განცხადება დანართებთან ერთად 2008 წლის 7 ოქტომბრის წერილით გადაეგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” (რეგისტრაციის №03/2579-08), რომელსაც განესაზღვრა ვადა 2008 წლის 9 ოქტომბრამდე შეპასუხების წარმოსადგენად.

2008 წლის 10 ოქტომბრის კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” წარმოადგინა შუამდგომლობა მოსამზადებელი სხდომის გადადების მოთხოვნით, ითხოვა რა ვადა შეპასუხების და შესაბამისი მტკიცებულების წარმოსადეგნად. კომისიის მიერ მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2008 წლის 17 ოქტომბრისათვის. 2008 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე, კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება №592/16,  რომლის თანახმად დავის განხილვა დაინიშნა 2008 წლის 24 ოქტომბერს.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის არსებითი განხილვა მოხდა 2008 წლის 24 ოქტომბერს, რომელზედაც დაზუსტდა შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მოთხოვნები. კერძოდ, განმცხადებლები მოითხოვენ აეკრძალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” სატარიფო დისკრიმინაცია და რომ კომპანიამ შეიტანოს ცვლილება სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მოწვევის ოფერტაში ხმოვან რესურსთან დაშვების მომსახურების ტარიფის ცალკე გამოყოფით. შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” მოითხოვს კომისიის მიერ მოხდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირება კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო.   

კომისიამ მოისმინა მხარეების ახსნა განამრტებები, შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და შეპასუხება, აგრეთვე მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული, შემდეგი გარემეობების გამო:

1. კომისიის მიერ 2008 წლის 26 სექტემბერს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება №558/16, რომელშიც განხილული იყო შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” ანალოგიური მოთხოვნა, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წინააღმდეგ. კომისიის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას უკვე გამოკვლეულ იქნა შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მიერ მითითებული გარემეობები, დადგინდა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სახაზო-საკაბელო სპილენძის წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების პირობების გამოქვეყნების ვალდებულება, რომელიც ეკისრებოდა კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შესრულებული ჰქონდა, ხოლო შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მოთხოვნა ჩაითვალა უსაფუძვლოდ.

კომისია აქვე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო დავას ერთი და იგივე მხარეებს შორის, იგივე დავის საგანზე, თუ არსებობს აღნიშნულის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აღარ განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თუ სახეზე არაა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ  იმ ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილებას, ან თუ არ არის წარმოდგენილი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მისაღებად. შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მიერ ამგვარ გარემოებაზე მითითება არ ყოფილა.

2. კომისიის მოსაზრებით, განმცხადებლები მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების დამატებით საფუძვლად არასწორად მიუთითებენ დისკრიმინაციის არსებობაზე. შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მოსაზრებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ახორციელებს მათ დისკრიმინაციას მისი აბონენტების მიმართ, რაც გამოიხატება ერთგვაროვანი მომსახურებისთვის  განსხვავებული ტარიფების დადგენაში, კერძოდ, საკუთარი აბონენტებისათვის 3.5 ლარის, ხოლო განმცხადებლებისათვის 15.15 ლარის ოდენობით ტარიფის დადგენაში. კომისიის აზრით, განმცხადებელი ერთმანეთში ურევს ორი განსხვავებული ბაზრის სეგმენტს და მომსახურების განსხვავებულ სახეებს, როგორიცაა სახაზო-საკაბელო სპილენძის წყვილთან დაშვება (მის როგორც ხმოვან, ასევე ფართოზოლოვან რესურსთან), რომლის შედეგად წყვილის ორივე რესურსის განკარგვის უფლება წყვილთან დაშვების, ანუ წყვილის იჯარით აღების მთელი პერიოდის განმავლობაში გადადის მოიჯარის მფლობელობაში და საკუთარი აბონენტისათვის დადგენილ სააბონენტო გადასახადს (განმცხადებლების ინფორმაციით 3.5 ლარი), რომელიც არ წარმოადგენს სახაზო-საკაბელო სპილენძის წყვილის იჯარის, ანუ წყვილთან დაშვების ტარიფს, არამედ წარმოადგენს საკუთარი აბონენტისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის სატელეფონო (სააბონენტო) ხაზით უზრუნველყოფის ყოველთვიურ ერთჯერად გადასახდელს,  კომისიის 2006 წლის 17 მარტის”ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის” მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ”ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად.

            კომისია განმარტავს, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს საბითუმო და საცალო მომსახურების ბაზრის ცნებებიც. ამგვარად, დადგენილია, რომ სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილს 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით, აქვს ორი რესურსი ფართოზოლოვანი და ვიწროზოლოვანი ანუ ხმოვანი, თუმცა აღნიშნული პირდაპირ არ იგივდება მომსახურების სახეებთან, ვინაიდან საცალო ბაზარზე აღნიშნული წყვილის გამოყენებით განხორციელებული მომსახურეების სახეები სხვაგვარია და გაცილებით მეტ მომსახურებას მოიცავს (როგორც ძირითადი - ადგილობრივი, საქალაქთაშორისო, მომსახურების ინსტალაციის, საერთაშორისო, ასევე დამატებითი მომსახურება - მაღვიძარა, კონფერენც კავშირი, უფასო საინფორმაციო და საგანგებო ნომრებთან კავშირის და სხვა მომსახურება) და სხვადასხვაგვარი ფასი აქვს, მათ შორის 4 და 5 ლარი. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”მიერ სააბონენტო გადასახდელი დადგენილია სააბონენტო ხაზით უზრუნველყოფისათვის სხვადასხვა ოდენობებით, შეთავაზებული მომსახურებათა პაკეტების მიხედვით, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს სახაზო-საკაბელო სპილენძის წყვილის ხმოვან რესურსთან დაშვების მომსახურების ტარიფად.

3. კომისია განმარტავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოქვეყნებული სახაზო-საკაბელო სპილენძის სააბონენტო წყვილებით მომსახურების შეთავაზებაში (მოწვევის ოფერტაში), მომსახურების მიმწოდებელი სხვა პირებს სთავაზობს სახაზო-საკაბელო წყვილებთან დაშვების მომსახურებას ანუ წყვილის ორივე რესურსთან ერთობლივად,

ამასთან კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და 2007 წლის 03 აგვისტოს №432/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, მხარეს ცალკე აქვს გამოყოფილი წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზება, კომისიის მიერ დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფთან შესაბამისობაში (11.68 ლარი) .

  კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, არ არსებობს სს საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  გაფრთხილების ან დაჯარიმების საფუძველი, რადგან არ არსებობს კომისიის  2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილების დარღვევის ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას  მიაჩნია, რომ  შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის”  მოთხოვნა სს საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირებასთან დაკავშირებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული დავა მხარეებს შორის განიხილა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და 37-ე მუხლის შესაბამისად.

კომისია მიიჩნევს, რომ არ არსებობოს შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მოთხოვნების დაკამყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე და 42-ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 102-ე და 103-ე მუხლების საფუძველზე,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლეოსობით ერთის წინააღმდეგ (გ. ფრუიძე)

გადაწყვიტა:

1. არ დაკმაყოფილდეს შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” განცხადება, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სახაზო-საკაბელო სპილენძის სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მომსახურების შეთავაზებაში (მოწვევის ოფერტაში) ცვლილებების განხორციელების დავალდებულების შესახებ;

2. არ დაკმაყოფილდეს შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” განცხადება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირების შესახებ;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის გაგზავნა;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის  მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.

 კომისიის წევრები:            კ. კვიტაიშვილი

                                              ზ. ნონიკაშვილი       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები